ხელოვნების სწავლების მნიშვნელობა მოსწავლის განვითარების პროცესში – „იმისთვის, რომ საგანი პრიორიტეტული გახდეს, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს“
პიროვნების განვითარების პროცესში ხელოვნების როლზე არავინ დავობს. ხელოვნება რომ ადამიანში თავისუფლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარს ავითარებს, ახალი არც ეს ფაქტია. ამაზე მეტყველებს საბჭოთა კავშირის დაუღალავი ბრძოლაც ხელოვნებისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ და რა გასაკვირია, თუკი ხელოვნების საგანი, როგორც ასეთი, სკოლებში საერთოდ არ ისწავლებოდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა. განათლების სისტემაში ცვლილებები დაიწყო. ხელოვნების სწავლება სკოლებში სავალდებულო გახდა. თუმცა, ხელოვნება პრიორიტეტად სახელმწიფოსთვის მაინც ვერ იქცა.
დღეს ხელოვნების საგანი მოსწავლეთა უმრავლესობაში განტვირთვასთან და ,,ბოროტი“ მათემატიკისა თუ ქართული ენის გაკვეთილის შემდეგ ამოსუნთქვის ორმოცდახუთ წუთთან ასოცირდება. ,,ხელოვნების გაკვეთილზე შესვლა გვიხარია, რადგან არაფერს ვაკეთებთ“ – ამბობს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით, ხელოვნების საგანი სავალდებულოა მოსწავლეებისთვის. იქმნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები, ტარდება მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების საგნის სწავლებაზე გარკვეული სახის რესურსი იხარჯება. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა ამასთან დაკავშირებით: თუკი ვასწავლით საგანს, რომელზეც შესაძლოა მცირე, თუმცა მაინც იხარჯება რესურსი, რატომ არ/ვერ ხდება აღნიშნული საგნის სრულფასოვნად სწავლება?
ხელოვნების სწავლების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე EDU.ARIS.GE ესაუბრა ხელოვნების ისტორიის სპეციალისტსა და პედაგოგს, ტრენერს, თათია ფოჩხუას.
– რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების სწავლებას მოსწავლის განვითარების პროცესში?
თ.ფ: ხელოვნებასთან შეხება დაბადების დღიდან სჭირდება ადამიანს. როცა ბავშვი პატარაა, ეს სწავლება უფრო თამაშს ჰგავს. დედები შვილებს ფანქრებს აძლევენ დასახატად და გასართობად. ეს მათი პირველი შეხებაა ნახატთან, მხატვრობასთან. ხელოვნების სწავლება ადამიანში აყალიბებს ფასეულობებს. ხელოვნება ესთეტიკური აზროვნების გასაღებია, ამის პირდაპირი მნიშვნელობით. ამ გასაღების ყოველ გადატრიალებაზე, მის ყოველ გახსნაზე ვზრდით პიროვნებას, ვზრდით მასში კეთილშობილებას, ჰუმანურობას, კაცთმოყვარეობას. სწორედ ეს უნდა იყოს მშობლისა და მასწავლებლის მიზანიც. მთავარი ბოტიჩელის მხოლოდ მშრალი ცოდნა ხომ არ არის? მთავარი იმ სულის გამდიდრებაა, რაც ბავშვშია. სხვაგვარად ის ვერ განვითარდება, ვერ იქნება სრულყოფილი პიროვნება, ტოლერანტი, მიმტევებელი ადამიანი. ესთეტიკურობის მოთხოვნილება ადამიანში კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე იჩენდა თავს და ამას მოწმობს პირველყოფილი ქვის ხანის ადამიანიც, რომელიც, თავისი შინაგანი სამყაროს და ემოციების გამოსახატად, კედლებზე ხატავდა იმას, რასაც გარშემო ხედავდა და აღიქვამდა.
– ბევრი მოსწავლე ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილზე ხმაურია და არაფერს აკეთებენ. როგორ ახსნით ამ ფაქტს?
თ.ფ.: პირველ ყოვლისა, ამას იწვევს ხელოვნების საგნისადმი ზოგადი დამოკიდებულება. ეს არ არის მხოლოდ მოსწავლეების ან მასწავლებლის პასუხისმგებლობა. ეს გახლავთ საზოგადოებაში არსებული ზოგადი განწყობის შედეგი. ხელოვნების საგანი არ ბარდება ეროვნულ გამოცდებზე (თუ სპეციალურ პროფესიას არ ირჩევ, სადაც ხელოვნების ჩაბარება აუცილებელია), რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ამ საგნის მნიშვნელობის აღქმაზე. ასევე პრობლემას წარმოადგენს ხელოვნების მასწავლებლების კვალიფიკაციის საკითხი. ჩვენს საგანს ნამდვილად უჭირს პროფესიონალები. რვა წელზე მეტია, რაც ტრენინგებს ვუტარებ მასწავლებლებს და მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს არის არა მათი ცოდნის გაღრმავების პროცესი, არამედ საგნის ნულიდან შესწავლა. ეს რაღაც მხრივ ლოგიკურიცაა, რადგან ხელოვნების საგნის საათები თავიდანვე შემავსებელი ფუნქციის მატარებელი იყო. თუკი რომელიმე საგნის მასწავლებელს საათები დააკლდებოდა, სწორედ ხელოვნების საგნით უვსებდნენ. ტრენერობის პირველ წლებში მქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა ხელოვნებას ასწავლიდნენ საქონელმცოდნე, წუნმდებელი, მნე. რეალურად ასაქმებდნენ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც ემარჯვებოდა რაღაც. თბილისსა და ქუთაისში ამ მხრივ ასეთი მძიმე სურათი არ ყოფილა, თუმცა სოფლებში ნამდვილად საშინელი მდგომარეობა იყო.
– როგორც აღნიშნეთ, ხელოვნების მიმართ ეს არცთუ სერიოზული დამოკიდებულება, საზოგადოებაში არსებული ზოგადი განწყობის შედეგია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
თ.ფ.: ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირის მერე სულ რაღაც ოცდაათი წელია გასული. ეს დრო შესაძლოა ერთი ადამიანისთვის იყოს ბევრი, მაგრამ ქვეყნის განვითარების პროცესში მოკლე პერიოდია. ადამიანის ცნობიერების ზრდას გაცილებით მეტი წელი სჭირდება. და რაც მთავარია, იმისთვის, რომ ხელოვნების საგანი პრიორიტეტული გახდეს, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ბავშვებსა და მასწავლებლებზე მუდმივი ექსპერიმენტები კი არ უნდა ატარო, რაც დღეს ხდება, არამედ ცნობიერება უნდა აუმაღლო. სწორედ სამინისტრომ და ხელისუფლებამ უნდა გახადოს ხელოვნება პრიორიტეტული. ავტობუსებში ბილეთების აღების კულტურის ჩამოყალიბებას რამდენი წელი დასჭირდა, ალბათ, გახსოვთ. დღეს უკვე არავის უჩნდება სურვილი უბილეთოდ იმგზავროს. ეს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი იყო. ასე უნდა იყოს ხელოვნების საგნის სწავლების შემთხვევაშიც.
– როგორ შეაფასებდით ხელოვნების სახელმძღვანელოებს?
თ.ფ.: მინდა გითხრათ, რომ სხვა საგნებისგან განსხვავებით, ხელოვნების შემთხვევაში ერთი დიდი პლუსი გვაქვს. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეს საგანი არ ისწავლებოდა და შესაბამისად, არც სახელმძღვანელოები არსებობდა, მისი შედგენაც ახლიდან დაიწყეს. აქედან გამომდინარე, ხელოვნების სახელმძღვანელოები, მინიმუმ, გამართული კარგი ქართულით წერია და ეს არ არის კალკი. რაც მთავარია, სახელმძღვანელოებში არ არის და ვერ იქნება საბჭოთა გავლენა, ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, თავდაპირველად იყო შეცდომებიც, მაგრამ თანდათან დაიხვეწა და გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების ხარისხი, უფრო საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული და მიმზიდველი გახდა.
– როგორ ისწავლება ხელოვნების საგანი?
თ.ფ.: ხელოვნების საგანი ცხრა კლასის ჩათვლით ისწავლება. პირველი ოთხი წელი დიდი დოზით არის ხატვა, ხელის გაწვრთნა, წვრილი მოტორიკის განვითარება და ნაკლებია თეორია, რაც კარგია. პატარებს უჭირთ თეორიის გაგება, თუ სახალისო ამბებს არ მოუყვები, თუმცა დოზირებულად ყველაფერი საჭიროა. თანდათანობით პროცენტულად იკლებს ხატვის რაოდენობა სახელმძღვანელოებში და იმატებს თეორიის ნაწილი. თუმცა, დღეს ხელოვნება მეტწილად გაგებულია, როგორც ხელგარჯილობა, რაზეც ძალიან მწყდება გული. ხელოვნების საგანი ერთგვარად გაპრანჭვის საგანი გახდა – რა გააკეთებინე მოსწავლეს, რა დაახატინე, რა გამოუვიდა ხელიდან. ეს არ არის ხელოვნება. როცა გაკვეთილზე შედის მხოლოდ პრაქტიკოსი და არა თეორეტიკოსი, სწორედ იქ იწყება ხელგარჯილობა. ხელოვნება გაცილებით მეტია. ის არ გულისხმობს მხოლოდ მხატვრების ცოდნას. ხელოვნებაა ქანდაკება, არქიტექტურა, მუსიკა…
– თქვენი აზრით, როგორ უნდა ისწავლებოდეს ხელოვნების საგანი იდეალურ შემთხვევაში?
თ.ფ.: იდეალურ შემთხვევაში, პირველ რიგში, ხელოვნება უნდა ასწავლოს ხელოვნებათმცოდნემ. გარდა ამისა, იდეალური იქნება, თუკი მოსწავლეს პირველივე კლასიდან მისცემ ყველა მასალასთან შეხების შესაძლებლობას – გრაფიტიანი შავი ფანქრით დაწყებული, ზეთის საღებავით დამთავრებული. აწყებინებ ფურცელზე, გადაგყავს ხეზე, შემდეგ ტილოზე. იმ ტილოს დამუშავებასა და ფუძის გაკეთებას თუ ასწავლი, თან დოზირებულად მიაწვდი ინფორმაციას, რომელი მხატვარი როგორ და რით ხატავდა, მოსწავლისთვის თეორიული ნაწილის გაგება ბევრად გამარტივდება. თუმცა ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, იდეალურ შემთხვევაში, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ტექნიკურად კარგად აღჭურვილი კაბინეტი. ჩემი აზრით, საინტერესო და სასარგებლო იქნება, თუ ხელოვნების სწავლების პროცესს თან მუსიკას დავურთავთ. მსგავსი ექსპერიმენტი ჩამიტარებია კიდეც რამდენიმე კლასში და ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. იყო შემთხვევა, როცა საჭირო აღჭურვილობა არ გვქონდა და მე თავად ,,მიმღერია“. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ მუსიკის დანახვა და ფერწერის მოსმენა, რაც ბავშვს კონცენტრირების და ასოციაციის უნარს განუვითარებს.
– როგორია თქვენთვის სწავლების ეფექტური მექანიზმი?
თ.ფ.: ხელოვნების საგანი უნიკალურია იმით, რომ თითქმის ყველა საგანთან შეიძლება ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება, მათემატიკით დაწყებული, ისტორიით დამთავრებული. ოქროს კვეთა ხომ მათემატიკაა? თუმცა, ოქროს კვეთაა ზუსტად ის, რასაც ლეონარდო და ვინჩი იყენებდა. ფიზიკის ამოცანებს ვერ გააკეთებ, თუ წარმოსახვის უნარი არ გაქვს. წარმოსახვის უნარს კი რა გივითარებს, თუ არა ხელოვნება? ასევე მნიშვნელოვანია გეოგრაფიული არეალის როლი ხელოვნების კონკრეტული მიმდინარეობის განვითარების პროცესში. აღარ მაქვს საუბარი ქართულსა და ისტორიაზე. წარმოიდგინეთ, როგორი ეფექტური იქნება სწავლების პროცესი მასწავლებლებისთვის და რაც მთავარია, ცოდნის ხარისხი მოსწავლეებისთვის, როცა მათ ერთიანი ცოდნა ექნებათ. როცა ქართულში ,,ვეფხისტყაოსანს“ ისწავლიან, პარალელურად ისტორიაში თამარ მეფის ეპოქაზე ისაუბრებენ, გეოგრაფიაში მე-12 საუკუნის საქართველოს განიხილავენ – მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი ერთიანი სურათის დანახვას და მის ადეკვატურად გაგებას.
– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხერხდება ერთი შეხედვით მარტივი მექანიზმის განხორციელება?
თ.ფ.: ეს არის ზოგადად იმ ,,თავის“ გადასაწყვეტი, რომელსაც სამინისტრო ჰქვია. სწორედ სამინისტრომ უნდა გასცეს ბრძანება, რომ პროგრამის შედგენისას გაითვალისწინონ საგნებს შორის თანხვედრა. სამწუხაროდ, ასეთ გადაწყვეტილებას კონკრეტული მასწავლებელი ან სკოლა ვერ მიიღებს. მე რა პროგრამაც მომდის სკოლაში, იმას გავდივარ. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა შედეგი არ არის. გულწრფელად გაუგებარია ჩემთვის, რატომ ვერ ხერხდება პროგრამების ისე შედგენა, რომ თუნდაც მომიჯნავე საგნები მაინც იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში.
edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ
ავტორის სხვა სტატია:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება