GE

ხორციელდება თუ არა პრაქტიკაში ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები? – ,,ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ ხალხს ისევ თაობები ეწირება“

ჩვენს ქვეყანაში არაერთ სფეროში ვაწყდებით თეორიისა და პრაქტიკის შეუთავსებლობის პრობლემას. ის, რაც ფურცელზე დიდი ძალისხმევითა და ლამაზი სიტყვებითაა დაწერილი, პრაქტიკაში იშვიათად თუ ხორციელდება. საჯარო სტრუქტურები არ იშურებენ დროსა და ენერგიას, მომხიბვლელი პრინციპების, კანონებისა და წესების ჩამოყალიბებაში, მაგრამ რატომღაც, მათი სისრულეში მოყვანა პრიორიტეტი არავისთვისაა.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად საგანმანათლებლო პრინციპებზე ვსაუბრობთ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლებში უნდა მიმდინარეობდეს სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, ხელს შეუწყობს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას; ამავე პრინციპების თანახმად, მოსწავლეს უნდა შეეძლოს ცოდნის, თეორიების პრაქტიკაში გადმოტანა, მისი ყოველი ახალი ცოდნა წინარე ცოდნას უნდა ემყარებოდეს, ხოლო უკვე მიღებული ინფორმაციები კი, უნდა იყოს ახალი ცოდნის შექმნის წინაპირობა. მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული სასწავლო გეგმა თავის თავში გულისხმობს მოაზროვნე ადამიანის აღზრდას, რომელსაც შეეძლება მოვლენების ურთიერთდაკავშირება, ანალიზი, მსჯელობა და შესაბამისი დასკვნის გამოტანა.

რა ხდება რეალურად საჯარო სკოლებში?

,,პირდაპირ გეტყვით, კატასტროფა ხდება. ისევ იგივე, ძველი მეთოდები. დაიზეპირე, გამოდი, ჩააბარე. არანაირი ანალიზი, არანაირი სინთეზი. რა პარალელების გავლებაზეა საუბარი, როცა მომიჯნავე საგნები ერთადაც კი არ იგეგმება“ – აღნიშნავს თბილისის 70-ე საჯაროს სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი გიგა გარიშვილი, რომელმაც EDU.ARIS.GE-სთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების პრაქტიკასთან შეუსაბამობასა და გამომწვევ მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა.

,,ეროვნული სასწავლო გეგმა პირდაპირ მიუთითებს, რომ სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. ეს რას ნიშნავს? მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები, რაც უნდა მოხდეს ბავშვებში ახალი ცოდნისადმი, სწავლისადმი ინტერესის გაჩენის გზით. ჩვენ კი რა გვაქვს? დღეში 6-7 გაკვეთილი, სრული ქაოსი, რომელიც ბავშვს არაფერს აძლევს. ბოლო გაკვეთილებზე ისეთი დაღლილები არიან, არაფრის თავი არ აქვთ. გამოფიტული და მშივრები სხედან, მათ კვებაზე სკოლა არ ზრუნავს. როგორ წარმოგიდგენიათ, მშიერი ადამიანი შეძლებს ახალი ცოდნის შეძენაზე ფიქრს?“

მოქალაქეობის მასწავლებელი ხაზს უსვამს სკოლის მხრიდან ერთი, შაბლონური მიდგომის არსებობას. არიან მოსწავლეები, რომლებიც, მაგალითად, კარგად ხატავენ, თუმცა არ ხდება მათი წახალისება. თეორიულად, სკოლა ვალდებულია ბავშვში შინაგანი ძალა აღმოაჩინოს.

პრაქტიკულად კი ამისთვის არაფერი კეთდება. არც იმაში იდება ძალისხმევა, რომ მოსწავლეებს კომპლექსური ცოდნა ჰქონდეთ, რათა ეპოქის ადეკვატური აღქმა შეძლონ. მომიჯნავე საგნები, როგორიცაა ისტორია და გეოგრაფია, ერთმანეთთან არანაირ კომუნიკაციაში არ არიან. როცა ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეს თამარ მეფეზე, მე-12 საუკუნეზე ესაუბრება, ამ დროს ქართულის მასწავლებელი შუშანიკის წამებას აზეპირებინებს, შოთა რუსთაველს კი ტკბილ ლუკმად ბოლოსკენ იტოვებს. პარალელურად, მეშვიდე კლასელს სთხოვენ თავიანთ გონებაში წარმოიდგინონ ქიმიური და ფიზიკური პროცესები, რადგან ხელშესახებად არაფერი აქვთ, ცდები რომ ჩაატარონ. მთელი ეს პროცესი უწყლო აუზში ცურვის სწავლას ჰგავს და მთავარი შეკითხვა, თუ რას აკეთებს ამ დროს განათლების სამინისტრო, ყოველთვის პასუხგაუცემელი რჩება.

ამ აბზაცში შესაძლოა წაგეკითხათ განათლების სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი (ნიკო სილაგაძე, მარიამ ჩიქობავა…), რატომ ვერ ხერხდება ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების პრაქტიკულად დანერგვა სკოლებში, რა გამოწვევებს ხედავენ და როგორ პასუხობენ კრიტიკას უწყება, თუმცა, როცა სავარაუდო რესპონდენტებს პირადად ვუკავშირდებოდი, თავი ,,ცისფერ მთებში“ და/ანუ ნამდვილად დაუჯერებელ ამბავში ამოვყავი – დაუსრულებელი გადამისამართება ერთი კომენტარის მისაღებად და მედიასთან თანამშრომლობის აკრძალვა ან შიში. სამწუხაროდ, ჩვენ დაუსრულებლად ვერ დავიცდიდით. ვეცადეთ, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ.

,,კომპლექსური დავალებების დანერგვა, რაც სწავლა-სწავლების მეთოდის მნიშვნელოვანი ნაწილია, თავისთავად, ცალკე აღებული, ძალიან კარგი რამეა.. სწორედ ასეთი დავალებები უვითარებს მოსწავლეს ანალიზის უნარს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა. ხშირად მასწავლებლებისთვის გაუგებარია, რას ასწავლიან, რადგან თავად არ იციან. ამგვარი დავალებები ტექნოლოგიასთან მუშაობასაც მოითხოვს, რაშიც მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ ერკვევა. როცა კომპლექსური დავალებების დანერგვა გინდა, ჯერ სკოლა უნდა მოამზადო ამისთვის“, – აღნიშნავს პედაგოგი გიგა გარიშვილი.

– რამდენი წელია მასწავლებლების არაკვალიფიციურობაზეა საუბარი. რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემა?

გ.გ.: იმიტომ, რომ არ უნდათ. სკოლებში საშინელი სიტუაციაა. მასწავლებლების დიდი ნაწილი იმ საგანში, რომელსაც ოცი წელია ასწავლის, გამოცდას ვერ აბარებს. ბარიერსაც ვერ ლახავენ ან რეპეტიტორთან ემზადებიან. ამ ყველაფრის შესახებ განათლების სამინისტროში იციან. თუმცა, რით არიან ამ დროს დაკავებული? აბსურდული რეფორმების გატარებითა და წინასაარჩევნოდ იმ მასწავლებლების გადარჩენით, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. ყოველ ჯერზე საუბრობენ იმაზე, რომ არაკვალიფიციური მასწავლებლები უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ ცოცხალი თავით არ უშვებენ. არ უღირთ ხმების დაკარგვა. ესაა სამწუხარო რეალობა. ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ ხალხს ისევ თაობები ეწირება.

– საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება მასწავლებელთა გადასამზადებელ ტრენინგებში. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის საკმარისი?

გ.გ.: როცა მასწავლებელმა ოცი წელი ვერ ისწავლა თავისი საგანი, ტრენინგი ამ პრობლემას როგორ მოაგვარებს? ესეც ფულის გადაყრის კიდევ ერთი მაგალითი. საერთოდ, აუდიტი ამოწმებს ამ ტრენინგებზე რა ხდება? რა მიზანს ემსახურება? რაში იხარჯება ბიუჯეტიდან ამხელა თანხა? სისტემა ინახავს ადამიანებს, ხელფასს უხდის არაფრის კეთებაში იმისთვის, რომ საყრდენი არ გამოიცალონ. სულ ესაა. ტრენინგები ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. ფურცელზე დაწერილი პრინციპები ფურცელზევე რჩება. სკოლებში რეალურად რომ ხორციელდებოდეს ეს თეორიები, მინიმუმ, რეპეტიტორებთან მომზადების მაჩვენებელი ხომ უნდა იკლებდეს? თუკი სკოლა პირწმინდად ასრულებს თავის საქმეს, რატომ უწევს მშობელს ერთ საგანში 800 დოლარის გადახდა? ფაქტია, სკოლა მოსწავლეს ეროვნული გამოცდებისთვისაც კი ვერ ამზადებს.

– როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები?

გ.გ.: სკოლები არ უნდა იყოს მიშვებული თავის ნებაზე. ყოველ შემთხვევაში, ახლა სკოლების ავტონომიურობა კარგს არაფერს მოიტანს. უნდა იყოს კარგად ორგანიზებული თითოეული გაკვეთილი, საგნები უნდა იყოს მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან და ამას განათლების სამინისტრო მკაცრად აკონტროლებდეს. კომპიუტერის და ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა არ უნდა იდგეს სკოლებში. შესაძლებელია ასევე მომიჯნავე საგნების ერთად ჩატარება და ამის ხარჯზე გაკვეთილების რაოდენობის შემცირება, რათა მოსწავლე პროდუქტიული იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხომ განათლების სამინისტროშიც იციან?! რა უნდა კეთდებოდეს, რა არის ღირსეული მოქალაქის აღზრდისთვის საჭირო და უკეთესი, მშვენივრად იციან, უბრალოდ არ უნდათ ამის გაკეთება. პრობლემა არცოდნაში კი არა, ნების არქონაშია. მოაზროვნე მოქალაქე არ აწყობთ.

– რაში ხედავთ გამოსავალს?

გ.გ.: უნდა მოვითხოვოთ, გვასწავლონ. ეს ჩვენი უფლებაა. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რას აკეთებენ მშობლები. რატომ არ ითხოვენ განათლებას თავიანთი შვილებისთვის? რატომ არ აპროტესტებენ არსებულ სიტუაციას? მათ კანონით აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ მშობელთა გაერთიანებები და მოითხოვონ უკეთესი გარემო თავიანთი შვილებისთვის. თუმცა, მსგავსი არაფერი ხდება. იცით, რატომ არ აკეთებს არაფერს განათლების სამინისტრო? მათ არ ეშინიათ. იციან, რომ არავინ არაფერს მოსთხოვს და ამის ფიქრის საბაბს ჩვენ ვაძლევთ. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. გარდა ამისა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ნეპოტიზმი სკოლებში. ვაკანსიები, სხვა საჯარო დაწესებულებების მსგავსად, მხოლოდ ფორმალობაა. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ეს წრე გაარღვიო. დროა, სკოლაში ის მასწავლებლები შეუშვან, რომლებიც მზად არიან ცვლილებებისთვის.

– მიუხედავად კრიტიკისა, როგორ ფიქრობთ, არის წინგადადგმული ნაბიჯები?

გ.გ.: არის სკოლები, ძირითადად ცენტრალურ უბნებში, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა, ის, რაც გარეუბნების სკოლებში ხდება, სრული კატასტროფაა. მოლოდინი არც მქონია, რომ საოცრება დამხვდებოდა, მაგრამ რაც ვნახე, მაინც წარმოუდგენელი იყო. ისევ ის სკოლა, რაც ბავშვობიდან მახსოვდა. დაფაც კი იგივე. ერთ მარკერიან დაფას ვერ ნახავთ, ისევ ცარცით უნდა იარო. და საშინელი სექსიზმი. ბავშვების ჩაცმასაც კი აკონტროლებენ. მაგალითად, ბიჭს არ უნდა ეხუროს ქუდი მაშინ, როცა გოგოს შეუძლია. გარდა ამისა, ტექნოლოგიების სამყაროში კლასში ერთი მონიტორი არ არის, რომ მოსწავლეებმა არა მარტო მოისმინონ, არამედ დაინახონ მასალა.. ზოგს ვიზუალური ინტელექტი აქვს, ჩვენთან კი მხოლოდ სმენითი ინტელექტის მქონე ბავშვებზეა მორგებული სწავლების პროცესი. კი, გარკვეულ სკოლებში იწყება ცვლილებები, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.

კითხვები გროვდება, პასუხები კი არ ჩანს. რეფორმას ერთ-ორ დღეში არ აქვს შედეგიო, ხშირად გაიგებთ ასეთ კომენტარს, თუმცა, ერთი დღეც გავიდა, ორიც და კიდევ ბევრი დღე, თვე და წელი. იქ, სადაც პროგრესის კერა უნდა იყოს, ცვლილებები ყველაზე რთულად შედის. სკოლებში დღესაც ჰაგიოგრაფიას ბევრად მეტი დრო ეთმობა, ვიდრე ადამიანის უფლებების განხილვას; სასარგებლო წიაღისეულის დაზეპირებას უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე მოსწავლისთვის ქვეყნების გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და მის მნიშვნელობაზე საუბარს; სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტები ისევ ამოგლეჯილია კონტექსტიდან, ეპოქიდან. გმირებზე, მეფეებზე ისევ აღმატებით ხარისხში საუბრობენ, კრიტიკის გარეშე. საჯარო სკოლები ისევ და ისევ თეთრსა და შავს შორის განსხვავებას ასწავლიან, მათ შორის მოქცეულ უკიდეგანო და მრავალფეროვან სამყაროსთან შეჯახება კი, მოსწავლეებს მხოლოდ სკოლის დასრულების შემდეგ უწევთ.

და სკოლებში, სადაც ფეხის შედგმისთანავე პირველი იმას გეუბნებიან, ,,თუ კაცსა ცოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთისოფელიო“, როგორც ჩანს, მარტივად გიმეტებენ გასატანჯად, რადგან ცოდნის მოცემაზე თავს ნამდვილად არ იწუხებენ.

ასევე იხილეთ:

რას გულისხმობს დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები

მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური