GE

„ყურადღებით წაიკითხეთ თანმხლები მითითებები“ –  გამოცდისწინა რჩევები აბიტურიენტებს ბიოლოგიის სპეციალისტისგან

“სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ბიოლოგია 2024 წლის აბიტურიენტების არჩევანში მესამე ადგილზეა და 4 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების მსურველები ბიოლოგიას ძირითად საგნად აბარებენ”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ბიოლოგი და ამავე საგნის პედაგოგი, თინათინ ლაღიძე და ბიოლოგიის ტესტირებაზე გამსვლელ აბიტურიენტებს წინასაგამოცდო გაფრთხილებებს აძლევს.

წელს ბიოლოგიის საგნის ტესტში ცვლილებები არ შესულა, ტესტირება კი 19 ივლისს, შუადღის სესიაზე ტარდება.

წინასაგამოცდო გაფრთხილება, მათთვის ვინც ბიოლოგიის გამოცდას წერს:

“ყველაზე მნიშნელოვანია სიმშვიდე და კონცენტრირება იმ ცოდნაზე, რომელიც აბიტურიენტმა დააგროვა საგნის სწავლის დროს. რადგან წელს გამოცდა შუადღის სესიად არის, აბიტურიენტებს ვურჩევდი წინა საღამოს და დილას მშვიდად გამოძინებას, ზომიერად, რა თქმა უნდა. ეს დაეხმარება მათ უკეთ აზროვნებაში.

ყურადღებით წაიკითხეთ თანმხლები მითითებები, ანუ ის, თუ რას გაფრთხილებენ, ეს დავალების პირობის ბლოკშია მითითებული.

მნიშნელოვანია დროის მენეჯმენტი გამოცდის წერის დროს, რადგან შედარებით რთული საკითხები (ღია კითხვები/ამოცანები) ტესტის მეორე ნაწილშია, ნუ მოიტოვებენ მცირე დროს აღნიშნული სავარჯიშოების შესასრულებლად.

“მთავარი და მნიშნელოვანი საკითხია პირობის კარგად და გააზრებულად წაკითხვა, გამუქებული სიტყვებისა თუ წინადადებების დაკვირვება და სიღრმისეულად გაგება. უმნიშვნელოვანესია საკუთარი თავის რწმენა, აბიტურიენტებს ვურჩევდი, არცერთ შემთხვევაში არ იფიქრონ ნეგატიურად, აუცილებლად უნდა სჯეროდეთ, რომ შეძლებენ მიზნის მიღწევას, დადებითი განწყობა ეხმარება ადამიანს საკითხზე ფოკუსირდეს და არ დაიბნეს”, – გვიხსნის სპეციალისტი.

2024 წლის ბიოლოგიის ტესტი 70-ქულიანია. შედგება 40 დახურული ტიპის დავალებისა და ღია დავალებებისაგან. ღია დავალებებში აბიტურიენტს შეუძლია 30 ქულის დაგროვება. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური