ყველა თემა, რომელსაც მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის – საკითხების ჩამონათვალი
იმის გამო, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები არასრულად დაბეჭდა და მოსწავლის წიგნების პირველ ნაწილებში თემები განსხვავებულად არის გადალაგებული, მაგალითად, ისტორიის საგნის შემთხვევაში, საზოგადოებისთვის გაურკვეველი დარჩა, დაიფარება თუ არა ყველა ის თემა, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაწილია და სკოლის მოსწავლემ უნდა იცოდეს.
გაჩენილი ვარაუდებისა და კითხვების პასუხად, 15 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განმარტა, რომ „მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვს ნაწილად იქნება დაყოფილი და თემატურად შედგენილი, სადაც ქრონოლოგიურად კი აღარ მიჰყვებიან პროცესებს, არამედ თემების მიხედვით. მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეები ცალ-ცალკე ისწავლიან საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას და აქ სასწავლო პროცესი ქრონოლოგიურ პრინციპს ეფუძნება. მე-10 კლასში კი საქართველოს ისტორიის სწავლების განსხვავებული მიდგომა იქნება შემოტანილი, რომელიც „მსოფლიო ისტორიის“ პროცესებთან შესაბამის კავშირებს ქმნის…“.
EDU.ARIS.GE საზოგადოების მაღალ ინტერესს პასუხობს და თემებისა და საკითხების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომელსაც სკოლის მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის, ასევე გიზიარებთ, რა აქვს მოაზრებული განათლების სამინისტროს სწავლა-სწავლების მიზნებად:
საგანი “საქართველოს ისტორია” – სწავლა-სწავლების მიზნები
– საქართველოს ისტორიის მიმართ ინტერესის გაღვივება, შესწავლა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თანამედროვე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების გააზრება;
– საქართველოს ისტორიის, როგორც მსოფლიო ისტორიული პროცესების ორგანული ნაწილის, გააზრება; ქვეყნის ისტორიაში მიმდინარე მოვლენების რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში განხილვა; ისტორიული პროცესების მამოძრავებელი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების ურთიერთკავშირის დანახვა;
– საქართველოს ისტორიული წყაროების, არტეფაქტების, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებისა და თანამედროვე ციფრული წყაროების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ქრონოლოგიური თანმიმდევრობის, ისტორიული მოვლენების მნიშვნელობისა და მათ შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება;
– ეროვნული იდენტობისა და პატრიოტული თვითშეგნების ჩამოყალიბება საქართველოს ისტორიის საკვანძო მოვლენების, სახელმწიფოებრიობის განვითარების გზისა და გამორჩეულ პიროვნებათა ღვაწლის კრიტიკული გააზრების საფუძველზე;
– საქართველოს კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების, ქვეყნის ისტორიაში სხვადასხვა თემის წვლილის წარმოჩენით ტოლერანტობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების განვითარება;
– საქართველოს ისტორიის მოვლენებისა და პიროვნებების შესახებ არსებული განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა, მათი შედარება და კრიტიკული შეფასება ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით;
– ისტორიული მაგალითების საფუძველზე პიროვნული, საზოგადოებრივი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ურთიერთმიმართების გააზრება;
– საქართველოში სახელმწიფოებრიობის, თვითმმართველობისა და თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილების დაკავშირება დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან;
– საქართველოს ისტორიული ფაქტების, პროცესებისა და კულტურული მემკვიდრეობის კრიტიკული გააზრების გზით დამოუკიდებელი აზროვნების, ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობისა და გლობალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება.
ასეა მოსწავლისთვის შედგენილი საქართველოს ისტორიის სასწავლო თემები საბაზო და საშუალო საფეხურებზე:
საბაზო საფეხური
1. საქართველო პრეისტორიულ და ძველაღმოსავლურ ეპოქაში – თემა გულისხმობს საქართველოში ადამიანის დასახლების უძველესი კვალის, მწარმოებლური მეურნეობის ჩამოყალიბებისა და ბრინჯაოს ხანის საზოგადოებების შესწავლას. იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების წარმოჩენას, რომლებმაც განსაზღვრა საქართველოსა და კავკასიის ადგილი უძველეს სამყაროში („დმანისის აღმოჩენა“, საქართველო და კავკასია – მიწათმოქმედებისა და მეღვინეობის უძველესი კერა; ნეოლითური, ენეოლითური და ბრინჯაოს ხანის კულტურები საქართველოს ტერიტორიაზე; დიაოხისა და კოლხას სამეფოების ჩამოყალიბება; ძველაღმოსავლური ცივილიზაციების ზეგავლენა კავკასიის რეგიონზე და სხვ.).
2. საქართველო ანტიკურ ეპოქაში – თემა გულისხმობს იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესწავლას, რომლებიც საქართველომ ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ახ.წ. V საუკუნეში განიცადა (კოლხეთის სამეფო და ბერძნული კოლონიზაცია; ქართლის (იბერიის) სამეფოს ჩამოყალიბება – ფარნავაზ მეფის მოღვაწეობა; საქართველო ელინისტური, რომაული და ირანული სამყაროს გზასაყარზე; ფარსმან ქველი; ქართული წარმართული პანთეონი; ქართლის გაქრისტიანება (წმ. ნინოს მისია, მირიან მეფე); ვახტანგ გორგასალი და სხვ.).
3. საქართველო ადრეულ შუა საუკუნეებში – თემა გულისხმობს VI-X საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისა და იმ პროცესების წარმოჩენას, რომლებიც ქვეყანამ დიდი იმპერიების დაპირისპირებისა და ახალი რელიგიურ-პოლიტიკური ძალების აღზევების პირობებში განიცადა (საქართველო ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის დაპირისპირების პირობებში; „დიდი ომიანობა ეგრისში”; ქართლის საერისმთავროს შექმნა; არაბთა ბატონობა საქართველოში; ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება და პოლიტიკური ცენტრალიზაციის დასაწყისი – აშოტ კურაპალატი, დავით III კურაპალატი, ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV და გიორგი II; ადრეშუასაუკუნეების საქართველოს საზოგადოება, ქალაქები და ქართული კულტურა და სხვ.).
4. საქართველო განვითარებულ შუა საუკუნეებში – „ოქროს ხანა” – თემა გულისხმობს XI-XIII საუკუნეების საქართველოს აღმავლობის ეპოქის შესწავლას – იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების წარმოჩენას, რომლებიც ქვეყანამ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაში განიცადა („დიდი თურქობა” საქართველოში; დავით აღმაშენებლის რეფორმები, დიდგორის ბრძოლა და თბილისის გათავისუფლება; გიორგი III და თამარ მეფე; საქართველო და ერთიანი კავკასია (შამქორისა და ბასიანის ბრძოლები) ტრაპიზონის იმპერიის დაარსება; საქართველო და ჯვაროსნები. საქართველოს საზოგადოება, თბილისის საქალაქო კომუნა, „ოქროს ხანის” ქართული კულტურა და სხვ).
5. საქართველო XIII- XV გვიან შუა საუკუნეებში – თემა გულისხმობს იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების წარმოჩენას, რომლებიც ქვეყანამ პოლიტიკური დაშლის, მონღოლთა ბატონობის, სეფიანთა ირანისა და ოსმალეთის დაპირისპირების ეპოქაში განიცადა (ხვარაზმელთა და მონღოლთა ბატონობა საქართველოში; გიორგი ბრწყინვალე; თემურ-ლენგის შემოსევები; ერთიანი სამეფოს დაშლა სამეფო-სამთავროებად; ქართული კულტურა და სხვ.).
6. საქართველო XVI-XVIII საუკუნეებში – თემა გულისხმობს XVI-XVIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესწავლას: ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის ბრძოლა საქართველოში გაბატონებისთვის; გიორგი სააკაძის მოღვაწეობა; მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, ბახტრიონის აჯანყება; ქეთევან დედოფალი და თეიმურაზ I; ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა და ქართული კულტურის აღორძინება (დავით გურამიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბატონიშვილი); ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის მმართველობა – ქართული მონარქიის გაძლიერების მცდელობები; ასპინძის ბრძოლა; გეორგიევსკის ტრაქტატი; კრწანისის ბრძოლა; ევროპული განმანათლებლობის გავლენა ქართულ კულტურასა და საზოგადოებაზე და სხვ.).
7. საქართველო რუსეთის იმპერიაში – თემა გულისხმობს საქართველოს იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების განხილვას, რომელიც ქვეყანამ რუსეთის იმპერიაში დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ განიცადა (რუსეთის კოლონიური პოლიტიკა – ქართული სამეფო-სამთავროების და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, რეპრესიები ქართული პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ; განმათავისუფლებელი აჯანყებები და 1832 წლის შეთქმულება; ბატონყმობის გაუქმება საქართველოში; რუსეთ-ოსმალეთის/ირანის ომები და საქართველო/კავკასიის რეგიონი; თბილისი, როგორც კავკასიის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი; თერგდალეულები – ეროვნული იდენტობის გაძლიერება და ქართული კულტურის აღორძინება; პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება საქართველოში და სხვ.).
8. პირველი მსოფლიო ომი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბოლშევიკური ოკუპაცია – თემა გულისხმობს საქართველოს იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შესწავლას, რომელიც ქვეყანამ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის, საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლის პირველ წლებში განიცადა (საქართველო პირველ მსოფლიო ომში; რუსეთის რევოლუციების გავლენა საქართველოზე; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა (1918 წლის 26 მაისი) – მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები; 1921 წლის კონსტიტუცია,; საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება; საერთაშორისო აღიარება; საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია (1921 წლის თებერვალი-მარტი);1924 წლის აჯანყება და რეპრესიები; პოლიტიკური ემიგრაცია და სხვ.).
9. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში – თემა გულისხმობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ეპოქაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შესწავლას (საბჭოთა სისტემის დამყარება საქართველკოში, ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია; 1930-იანი წლების რეპრესიები, ცენზურა და პროპაგანდა; საქართველო და ქართველები მეორე მსოფლიო ომში, ქართული კულტურა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში; 1956 წლის 9 მარტის მოვლენები; დისიდენტური მოძრაობა საქართველოში – მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია; ბრძოლა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისთვის (1978 წელი); ეროვნული მოძრაობის აღმავლობა; 1989 წლის 9 აპრილი და სხვ.).
10. დამოუკიდებელი საქართველო თანამედროვე მსოფლიოში – თემა გულისხმობს საქართველოს იმ პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შესწავლას, რომელიც ქვეყანამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ განიცადა (დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი (1991 წლის 9 აპრილი); სამხედრო გადატრიალება და სახელმწიფოებრიობის კრიზისი 1990-იან წლებში; ტერიტორიული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი; ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი და სხვ.).
საშუალო საფეხური
პიროვნება და ისტორია – თემა მოიცავს საქართველოს ისტორიაში გამორჩეული პიროვნებების – მმართველების, სამხედრო და სასულიერო პირების, რეფორმატორებისა და საზოგადო მოღვაწეების როლის შესწავლას ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში: მათ მიერ ისტორიის გარდამტეხ მომენტებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, გატარებულ რეფორმებს და მემკვიდრეობას.
სამხედრო საქმე საქართველოში და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – თემა მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სამხედრო კონფლიქტების, თავდაცვითი ომებისა და ეროვნული წინააღმდეგობის – როგორც შეიარაღებული, ისე არაძალადობრივი ფორმების, შესწავლას (საბრძოლო იარაღები და აღჭურვილობა; ძირითადი ბრძოლები და სამხედრო სტრატეგიები; განმათავისუფლებელ ბრძოლები რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ; დისიდენტური მოძრაობა; 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები; 1989 წლის 9 აპრილი; ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის (1990-იანი წლების კონფლიქტები, 2008 წლის რუსეთის აგრესია, აგვისტოს ომის გმირები).
ძალაუფლება, საზოგადოება და მმართველობის ფორმები – თემა მოიცავს საქართველოს ისტორიაში ძალაუფლების ფორმებისა და მმართველობითი სისტემების ევოლუციის შესწავლას: ფეოდალური საზოგადოების სტრუქტურას, პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმაციას, მმართველი ელიტის ფორმირებას, ძალაუფლების ლეგიტიმაციის მექანიზმებს, სახელმწიფო სიმბოლიკასა და იდეოლოგიას, ძალაუფლების ცენტრალიზაცია-დეცენტრალიზაციის პროცესებს, სამართლებრივი სისტემებისა და ადმინისტრაციული აპარატის განვითარებას (ერთიანი საქართველოს მონარქიული სისტემა და ცენტრალური მმართველობა, 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკა და პირველი კონსტიტუცია, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა, დამოუკიდებლობის აღდგენა და თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და სხვ.).
საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და საქმიანობის ფორმები – თემა გულისხმობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული საზოგადოებების, სოციალური ფენებისა და მათ შორის ურთიერთობების, ეკონომიკური საქმიანობის ფორმების, საქალაქო ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობის, ახალი დროის სოციალური ცვლილებების შესწავლას (ბრინჯაოს ხანის მეტალურგია; ანტიკური პერიოდის ბერძნული სავაჭრო პუნქტები; „აბრეშუმის გზის“ სატრანზიტო მნიშვნელობა და საქართველოს ადგილი ევრაზიის სავაჭრო ქსელში; შუა საუკუნეების ხელოსნობა და პროფესიული გაერთიანებები; XVIII-XIX საუკუნეების ეკონომიკური ტრანსფორმაცია; თანამედროვე ინდუსტრიული განვითარება და სხვ.).
საქართველოს საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია – თემა მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოს საგარეო ურთიერთობებისა და დიპლომატიური საქმიანობის შესწავლას (დიპლომატიური მისიები და მოლაპარაკებები მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებთან, სამოკავშირეო პოლიტიკა და სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმებები, დინასტიური ქორწინებები, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ელჩების მიღების ეტიკეტი და დიპლომატიური ცერემონიალი, საერთაშორისო ხელშეკრულებები (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატია, თანამედროვე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი) და სხვ.).
რელიგია, განათლება და კულტურული მემკვიდრეობა – თემა მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში რელიგიური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარების, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის, ქართული საეკლესიო არქიტექტურის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრების, ქართული ლიტერატურული ძეგლებისა და საქართველოში განათლების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების (თერგდალეულთა საგანმანათლებლო მოღვაწეობა, პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება და სხვ.) შესწავლას.
რა უნდა იყოს საქართველოს ისტორიის სწავლის შედეგები და რა უნდა შეძლოს მოსწავლემ, იხილეთ დოკუმენტში
ასევე იხილეთ:
-
რა პირობებით ჩაირიცხებიან საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელები – განისაზღვრა სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მიზეზებიც
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ იქცა „მე და საზოგადოება“ სკოლებში დაპირისპირების საგნად? – ორაზროვანი რეგულაცია და ადმინისტრაციული დისკრეცია
by განათლებული ბლოგი
-
როგორ გავაფორმოთ საკლასო ოთახი ახალი სასწავლო წლისთვის – იდეები დამრიგებლებს
by ARIS.GE-განათლება
