GE

„ყველანი ვიმსახურებთ სტუდენტობას და მჯერა ასეც იქნება!“, – აბიტურიენტები ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდის შემდეგ

2021 წლის აბიტურიენტებისთვის დღეს ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდება. ბოლო გამოცდებიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან ფიზიკისა და ლიტერატურის ტესტს აფასებენ.

„ფიზიკის ტესტი ვწერე, ჩემთვის საშუალო სირთულის იყო, თუმცა ბევრი ამბობდა გაგვიჭირდაო. კითხვები იყო ნიუტონის კანონებიდან, მექანიკურ რხევებზე, აჩქარებასა და
ტალღებზე, ჯამში კმაყოფილი ვარ, სიცხეს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, მაღალი ქულა მინდოდა და საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას ტემპერატურას”, – ამბობს 157-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის აპლიკანტი.

„უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით, 5 შეკითხვა გამოვტოვე. შეიძლება. ბოლო გამოცდა რადგან იყო გადავიწვი, მაინც მგონია, რომ არ იყო მარტივი. სიხშირეებზე რაც მოვიდა კარგად ვწერე, მაგრამ ჯამში ჩემთვის რთული აღმოჩნდა.”

აბიტურიენტი გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,ვფიქრობ, რთული იყო, მაგრამ პირადად მე არ გამჭირვებია. ლიტერატურა ვწერე და კითხვები შემოვიდა ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან, ,,კაპიკი გაკაპიკებულა” ასევე, განვიხილეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, ,,შინდისის ჭადრებს.” დარწმუნებული ვარ, ყველასთვის რთული არ იქნებოდა, თუმცა უმაღლეს ქულებს ბევრი არ უნდა ელოდოს.”

„ბოლო გამოცდაა და საერთოდ აღარ მინდა იმაზე ფიქრი თუ რა ვწერე, მთავარია დავასრულე და შემიძლია მშვიდად დაველოდო შედეგებს. ერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ყველანი ვიმსახურებთ სტუდენტობას და მჯერა ასეც იქნება!”, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

აბიტურიენტების გამოცდების ძირითადი სესიები დღეს დასრულდება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამატებით სესიაზე ჯამში 235 აპლიკანტი გავა და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით სესიები ასეთი განრიგით გაიმართება:

ქართული ენა და ლიტერატურა – 21 ივლისი (II სესია);
მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);
უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

„21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება“, – განაცხადა დღეს, 20 ივლისს სოფიო გორგოძემ.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური