GE

„ყველაზე რთული იყო სვეტოვანი დიაგრამა“ – აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის საკითხებს იხსენებენ

8 ივლისს 2022 წლის ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკიკის ჩაბარების სურვილი 13 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. დავალების შესასრულებლად აბიტურიენტებს 3 საათი აქვთ და მაქსიმალური ქულა 51-ს შეადგენს. პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები საკითხებს EDU.ARIS.GE-სთან იხსენებენ:

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი: ორ საგანს ვაბარებ არჩევითად და მათემატიკის მეშინოდა, მაგრამ ისეთი მარტივი სავარჯიშოები იყო, ვფიქრობ, ყველა ჩააბარებს. 1 საათში დავასრულე. ტესტური სავარჯიშოებიდან იყო მნიშვნელობათა სიმრავლის გამოთვლა, კვადრატის, წრის, მართკუთხედის ფართობი უნდა გვეპოვნა, იყო კითხვა პროცენტის გამოთვლაზე. საკოორდინაციო სიბრტყეზეც იყო ამოცანა და სვეტოვანი დიაგრამის აგებაზე დავალება. ყველას წარმატებას ვუსურვებ.

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: დრო დამჭირდა, თუმცა არ იყო რთული საკითხები. ერთი კითხვა მახსოვს, ფართობის პოვნას გვთხოვდნენ და პროცენტის გამოთვლას. ყველაზე რთული იყო სვეტოვანი დიაგრამა, რომელზეც კონკრეტულ წლებში მოგების ანგარიშს გვთხოვდნენ. ასევე იყო სავარჯიშო კუთხის სიდიდეზე. შედარებით მარტივი ამოცანებიც ვწერეთ. მახსოვს ვექტორებზეც იყო 2 კითხვა, ჯამში კმაყოფილი ვარ.

191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: პირველი 20 საკითხი, 1 ქულიანები, მარტივი იყო, მაგრამ 25-ე დავალებიდან დაიწყო რთული ამოცანები. მახსოვს, რომ მასშტაბზე იყო ერთი. პროცენტებზე შედარებით მეტი დავალება იყო მოცემული. ასევე იყო რამდენიმე გრაფიკი, თუმცა ნახაზი არ გვქონდა მოცემული და ფუნქციის მიხედვით უნდა გაგვეკეთებინა, ბოლოში კი უნდა ამოგეხსნა განტოლება. საერთო ჯამში, გამოცდა არ იყო მარტივი.

103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები:

„ისეთი რთული არ იყო. ტესტები შემხვდა ფუნქციებზე, განსაზღრის არეებზე, ასევე ვექტორებზე და სიჩქარეებზე. იყო კვადრატული ფუნქცია, პარამეტრული და შემხვდა ასევე პირამიდა. სულ 35 საკითხი იყო, ყველა შემოსახაზი მეადვილა. მე სტუდენტი ვარ, გამოცდაზე მეორედ გავდივარ და ადრე უფრო რთული იყო, ვიდრე წელს”.

ლუკა ტაბატაძე: კამათლებზე იყო მოცემული, პარამეტრულზე, ასევე წრეზე მორბენალზე შემხდა საკითხი. განტოლება და ამოხსნის სისტემა გვქონდა. წელს შედარებით მარტივი გამოცდა იყო.

9 და 10 ივლისს, შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ და 11 ივლისს, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს მზეო შველიძემ, გოგა ნიჟარაძემ და თამარ შუკვანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური