„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი დოკუმენტია და მასზე სწორება არ ხდება“
„საჯარო და კერძო სკოლებს სახელმძღვანელოდ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არის საშუალება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ასევე სასკოლო გეგმა გახლავთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულების მექანიზმი“, – ამის შესახებ ბაქსვუდის სკოლის დირექტორმა, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, არჩილ სუმბაძემ სკოლის ადმინისტრატორთა კონფერენციის შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორებისთვის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის არსებითი პრინციპების უკეთ გაცნობიერების მიზნით, განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, სკოლის ადმინისტრატორთა კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენცია ორ სესიად იყო გაყოფილი. პირველ სესიაზე მომხსენებლები წარსდგენენ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. განსახილველი თემები ეხებოდა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს სასკოლო პრაქტიკაში; სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესს; მოსწავლეთა შეფასების პრინციპებს და სისტემას; მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას და სასკოლო კულტურას.
კონფერენციამ მოიცვა 44 სკოლის დირექტორი და მოადგილე მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან, მათ შორის, კერძო და საჯარო სკოლის წარმომადგენლები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ თსუ-ის და ილიაუნის განათლების პროგრამების სტუდენტები.
დირექტორთა ასოციაციამ, რომელიც არა მხოლოდ სკოლების პირველი პირების, არამედ – ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებისგან შედგება, მსგავსი კონფერენცია პირველად ჩაატარა.
კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერის რევაზ აფხაზავას თქმით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სკოლის დირექტორების კონსოლიდირებული ხმა, ზოგადად, არ ისმის. როგორც აფხაზავამ აღნიშნა, სკოლის ადმინისტრატორები საკმაოდ აქტიურად არიან საგანმანათლებლო პროცესში ჩართული და კარგად იცნობენ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად, მათი მოსაზრებების თავმოყრა და ასე ორგანიზებულად მიწოდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ასოციაცია ერთგვარ შუამავლის როლს შეასრულებს. რომელიმე დირექტორს კრიტიკული მოსაზრების დაფიქსირება თუ უნდა, ასოციაციის სახელით შეძლებს მის გახმაურებას“, – ამბობს აფხაზავა.
ბაქსვუდის სკოლის დირექტორის, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის არჩილ სუმბაძის თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების როლის გამოკვეთის მხრივ ნაკლებადაა ღია სივრცე მსჯელობისთვის.
„მივიჩნიეთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების როლის გამოკვეთა იქნებოდა ძალიან საინტერესო მიმართულება დირექტორებისთვის და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომ დაგვეფიქრებინა ამაზე. რაც პრინციპში შედგა, რადგან არაერთმა წარმატებულმა სკოლის დირექტორმა და მოადგილემაც აღნიშნა, რომ ამ კუთხით საკუთარ სასწავლო სივრცეზე არ უფიქრიათ.
სანამ ჩვენს სასკოლო გეგმას შევიმუშავებთ, ინერციით სწორება გვაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რაც თავისთავად სწორია, მაგრამ ამოსავალი წერტილი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები უნდა იყოს ყველასთვის და ეს ბუნებრივია არის ნებისმიერი პირისთვის განათლების სისტემაში ამოსავალი წერტილი“, – აღნიშნა არჩილ სუმბაძემ.
კონფერენციაზე, რომლის თემა იყო – „დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი- პოლიტიკის დანერგვის გამოწვევები“ – მნიშვნელოვანი რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომლის ძირითადი არსი იყო ის, რომ სასწავლო პროცესში ყველაფერი მიმართული უნდა იყოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად.
ბაქსვუდის სკოლის დირექტორმა განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის კონფერენციაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მთავარი რეკომენდაცია იყო, სკოლაში შეიქმნას მეტი თავისუფალი სივრცე და მაქსიმალურად წახალისდეს ახალი იდეები. უფრო კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი თითოეულ მექანიზმში, რაც სკოლის კონტექსტიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება.
სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში რეკომენდაცია იყო თემატური ღონისძიებების დაგეგმვა, რომელშიც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იქნება ჩართული, როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე თემი, რომელიც არის მთავარი დამკვეთი ამ განათლების მიმართულების.
პროფესიულ განვითარებაში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო ახალი ტექნოლოგიების ათვისება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სკოლები გადავიდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიების გამოყენება პირდაპირ იყოს მიმართული ზგემ-ის რომელიმე მიმართულებაზე, რომ ტექნოლოგიების გამოყენება პირდაპირ ემსახურებოდეს ამ მიზნებს.
მოსწავლეთა შეფასების პრინციპებზე მუშაობისას მთავარი რეკომენდაცია ის იყო, რომ სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებელმა იცოდეს, კონკრეტული წესი, კონკრეტული სტანდარტი, საგნობრივი სილაბუსი, რომელსაც ის მიჰყვება, პირდაპირ დაკავშირებული იყო ზგემ-ის რომელიმე პუნქტთან“,- განაცხადა არჩილ სუმბაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ისაა, რომ გეგმას გეგმისთვის არ უნდა მიყვეს სასკოლო სისტემა, არამედ პირდაპირი კავშირი უნდა არსებობს სწავლასა და ზგემ-ის კონკრეტულ პუნქტებთან.
„განათლება ყველასათვის – საქართველო“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცრის რევაზ აფხაზავას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მეორეხარისხოვან დოკუმენტად ქცევა და მასზე ნაკლები ყურადღების გამახვილება. აფხაზავას თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ყველას ავიწყდება, დაწყებული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებიდან, დამთავრებული სკოლით და მასწავლებლით.
„მთელი აქცენტების გადატანა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ხდება. ეროვნული სასწავლო გეგმა რეალურად წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის საშუალებას. საშუალებაზე მეტი საუბარია, ვიდრე ამ მიზნებზე და ამ მიზნების მიღწევის შეფასებაზე.
გარდა იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს უნდა მოხდეს ამ მიზნებისკენ ნაბიჯების გადადგმა, სასკოლო გარემო და კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის შექმნაში სკოლის ადმინისტრაციამ, დირექტორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი დოკუმენტია და მასზე სწორება არ ხდება. რეალურად, ეს დოკუმენტი მთავარია, რომლის მიღწევა-არ მიღწევის გზები უნდა იქნეს სახელმწიფოს მიერ შეფასებული. ეროვნული სასწავლო გეგმა შეიძლება სრულდებოდეს, მაგრამ მიზნები მაინც არ იყოს მიღწეული. შესაბამისად, გეგმის შესრულების მონიტორინგი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე უნდა ხდებოდეს, მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფასება“, – აღნიშნავს აფხაზავა.
პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
შემცირებული გაკვეთილები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა – 2018-19 სასწავლო წლის ცვლილებები
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება