GE

ზოგადი უნარების ტესტების ნიმუშების გამოქვეყნების თარიღი ცნობილია

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ბოლოს წინა ღია კარის დღე გაიმართა.

აბიტურიენტების კითხვებს საგამოცდო ჯგუფების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.

მომავალმა სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დეტალურად მოისმინეს იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე ელით.

სიახლეებზე, რომლებიც 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დაგეგმილი – Aris.ge-განათლება უკვე წერდა. ზოგად ინფორმაციას “ღია კარის” დღეზე მისული აბიტურიენტებიც ფლობდნენ, თუმცა ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წელს უნარების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა და ზოგიერთ კითხვას პასუხის მეხუთე ვარიანტიც დაემატა – ალათობის პრინციპით ბარიერის გადალახვის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით.

“ზღვარი 30%მდე გაიზარდა. სულ ტესტი 80 ქულიანია და მის გადასალახად 24 ქულაა საჭირო. ესეც მარტივი ტესტის შემთხვევაში. თუმცა თუ რთული ვარიანტი შეგხვდათ შესაძლოა კომპეტენციის ზღვარი 23 ან 22 ქულამდე დაიწიოს. რაც შეეხება მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებას – მეხუთე სავარაუდო პასუხი ანალოგიებსა და ლოგიკურ სავარჯიშოებს დაემატებათ. წაკითხულის გააზრების ტესტები ისევ 4 პასუხიანი დარჩება “- განუმარტა “ღია კარის” დღეზე მისულ სტუდენტებს სოფო დოლიძემ და იქვე რომ ზოგჯერ ოთხ სავარაუდო პასუხიანი კითხვა უფრო რთულია ვიდრე ხუთიანი.

რაც შეეხება ზოგადი უნარების ტესტების ნიმუშებს, რომელიც ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით ნიმუშები “ნაეიკის” ვებგვერდზე ივნისის დასაწყისში დაიდება.

წელს ზოგადი უნარების გამოცდისთვის 3 საათი იქნება გამოყოფილი. ეს დრო თანაბრად გადანაწილდება ვერბალურ და მათემატიკურ ტესტებზე. რაც შეეხება გამოცდის შედეგებს, შედეგები აბიტურიენტებისთვის ცნობილი გამოცდიდან ათ დღეში იქნება.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც წლევანდელ გამოცდაზე იგეგმება უცხო ენაში მოსმენის ანუ “ლისენინგის” ნაწილის ეხება. ყველაზე მეტი შეკითხვა “ღია კარის” დღეზე სწორედ ამ სიახლის ირგვლივ დაისვა.

“მოსმენის ნაწილს 100 ქულიდან 8 ქულა ეთმობა. გამოცდის დრო მოსასმენი აპარატის ჩართვიდან ორსაათნახევარით განისაზღვრება. ჩანაწერი ხარისხობრივად ძალიან კარგია. ამიტომ არ იქნება იმის საშიშროება, რომ რაიმე ხარვეზი ჰქონდეს. ყურადღება არ გაგეფანტებათ, რადგან სექტორები სულ 15 კაციანია. მინდა მოსმენის სტრატეგია გაგიმხილოთ – გაიაზრეთ ტესტის პირობა მოსმენამდე და შემდეგ მოუსმინეთ ტექსტს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ ეს თქვენივე შფოთი იქნება,”– განუმარტა აბიტურიენტებს უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თუ წაკითხულის გააზრება და წერითი დავალებები უცხო ენებში ბ1 დონეს შეესაბამება – “ლისენინგის” ნაწილი მის ქვედა დონის ა2 –ს შესაბამისი სირთულის იქნება. თუმცა ტყემალაძემ აბიტურიენტები იქვე დაამშვიდა და განუმარტა, რომ უცხო ენების “ლისენინგის” ტესტები 11–12 კლასის მსგავს ტესტებზე უფრო მარტივი იქნება.

გოგი მაჭავარიანი ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელია. როგორც მან აბიტურიენტებს განუცხადა, წელს მშობლიური ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები არ არის დაგეგმილი. საგამოცდო ტესტები წელსაც შარშანდელის მსგავსად 80 კითხვიანია.

“დავალება იქნება ოთხი. ე.წ. რედაქტირების დავალება — ტექსტი, რომელშიც ყველა ტიპის ენობრივი შეცდომაა დაშვებული, სტილისტური ხარვეზების ჩათვლით და აბიტურიენტს ევალება, გაასწოროს და ისე გადაწეროს პასუხების ფურცელში. ეს დავალება ისევ იქნება, შეფასდება 20 ქულით. შესაბამისად, შეცდომების რაოდენობა გაიზრდება — თითო შეცდომის პოვნასა და გასწორებაში თითო ქულა იწერება. შეცდომები რაოდენობრივად მოიმატებს, სირთულის მიხედვით შეიძლება უფრო იოლიც იყოს. მეორე დავალება, რომელიც ჩვენს ტესტში შევა, ფუნქციური წერაა. ეს არის რაღაც საკითხი, გარკვეული თემა, რომლის შესახებაც აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს და თავისი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს. დავალება 20 ქულიანი იქნება. გამოდის, რომ იქნება ერთი ენობრივი ნაწილი 40 ქულიანი, იმ ორი დავალებისაგან შემდგარი და მეორე ნაწილი — ე.წ. კითხვისა და წერის, ლიტერატურული ნაწილი, რომელიც მთლიანობაში ასევე 40 ქულიანი იქნება. მთლიანობაში ჩვენი ტესტი იქნება 80 ქულიანი. ქართული ენის გამოცდისთვის წელსაც 4 საათი იქნება დათმობილი,”– განაცხადა გოგი მაჭავარიანმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს დაპირდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე მსგავსი ტიპის შეხვედრა კიდევ ერთხელ გიმართება. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის თბილისში ჩამოსვლა რთულია, ამიტომ მათთვის ცენტრი რეგიონალურ გასვლებს აწყობს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური