„ზოგჯერ მასწავლებელთა პრეტენზიები ტესტირებაზე არასამართლიანია – თუ კარგი ხარ, დაამტკიცე?!“

2025 წლის მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 8 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. წელს, მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე 24 300-ზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული.
EDU.ARIS.GE-ს დაკვირვებით, გამოცდაზე გასვლამდე აპლიკანტები აქტიურად ემზადებიან, ნაწილი ამისთვის თანხებსაც იხდის და ტრენერებთან ემზადება. წლიდან-წლამდე მასწავლებლის გამოცდაც ალტერნატიული, დამატებითი შემოსავლის გაჩენის საშუალება გახდა არაერთი ადამიანისთვის სისტემაში და მის გარეთ.
მასწავლებლის გამოცდის მომლოდინეებისთვის სასარგებლო მაგალითებს და ტესტირებაზე საინტერესო შეფასებებს გვიზიარებს წამყვანი მასწავლებელი მაია გელაშვილი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენცია სამ საგანში დაადასტურა (გერმანული, ინგლისური, კომპიუტერული ტექნოლოგიები).
ის გამოცდების შედეგებზე დაკვირვებით ამბობს, რომ პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს გამოცდების ჩაბარება უჭირს და არც მათი არსებობის მომხრეა, ახალგაზრდებისთვის კი, რომლებმაც უმაღლესი განათლება ცოტა ხნის წინ მიიღეს ან დამამთავრებელ კურსზე სწავლობენ, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება სასიამოვნო გამოწვევაა, გამოცდის ჩაბარება თითქმის არ უჭირთ.
როგორ მართონ გამოსაცდელებმა ემოციები და შეინარჩუნონ სიმშვიდე, როგორ იმუშაონ უშუალოდ ტესტირების პროცესში და რა გაითვალისწინონ – ამ საკითხებზე საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვანკითისა და ზემო ალისუბნის მე-2 საჯარო სკოლების გერმანული ენის, ხოლო სოფელ თუზის საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდილი პედაგოგი:
ქალბატონი მაია EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მასწავლებლის გამოცდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, გამოწვევას უწოდებს და აცხადებს, რომ პედაგოგმა თავისი ცოდნით „ნებისმიერ რამეზე უნდა გაიმარჯვოს“.
„სასკოლო საზოგადოება ძალიან ჭრელია. მასწავლებლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს, რომ „რთული ტესტი იყო და ვერ შეასრულეს“, „მთავრობამ მათ სპეციალურად მოუწყო ტესტირება, რომ ვერ ჩააბარონ“ და ა.შ. მაგალითად, ერთ-ერთი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ამბობს – „მე ხომ პირველ-მეოთხე კლასებს ვასწავლი და მეხუთე კლასის მასალა ტესტში რატომ უნდა იყოს“. დაწყებითი კლასის მასწავლებელს 4 კლასის განათლება უნდა ჰქონდეს? მოსწავლეზე ცოტა მეტი არ უნდა იცოდეს? ხომ ასეა?!.
„ანუ, არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელთა პრეტენზიები არასამართლიანია. ზოგს მიაჩნია, რომ საგნობრივი გამოცდა საერთოდ არ უნდა იყოს, რადგან ეს მასწავლებლის მიერ უნივერსიტეტში მიღებული განათლების არაფრად ჩაგდებაა. რაც გნებავთ, დაარქვით, მე მაინც ვთვლი, რომ მასწავლებელმა არ უნდა თქვას უარი გამოწვევაზე – ასეთი კარგი რომ ხარ, რა გიშლის ხელს, მოდი გამოცდაზე და დაამტკიცე. არსებობს კატეგორია პედაგოგებისა, რომლებიც პირიქით თვლიან, რომ გამოცდები უმარტივესია და მათი ჩაბარება ბევრს არაფერს ნიშნავს. თუკი, ასეთი მარტივია ტესტი და მისი ჩაბარება უმნიშვნელოა, ვინც ვერ აბარებს, მაშინ მათზე რა აზრის უნდა ვიყოთ. არიან ისეთი პედაგოგები, რომლებიც მშვიდად მიჰყვებიან თავიანთ პროფესიულ გზას, ყველა გამოწვევას პოზიტიურად იღებენ, გადალახავენ ყველა ბარიერს და მიღწეული წარმატებით სიამოვნებას განიცდიან. მასწავლებელმა თავისი ცოდნით ნებისმიერ რამეზე უნდა გაიმარჯვოს“, – აცხადებს მაია გელაშვილი.
ჩვენი რესპონდენტი ტესტირების პროცესზეც საუბრობს და გამოცდაზე გასვლის მსურველებს რჩევებს კონკრეტული მაგალითების გათვალისწინებით აძლევს.
„ჩემი პირველადი სპეციალობა გერმანული ენაა, რაც პირველივე გასვლაზე ჩავაბარე, თანაც ისე, რომ 5 წელი პრაქტიკაში არ ვყოფილვარ და წარმოდგენა არ მქონდა, რა სირთულის იყო საგნობრივი გამოცდა. მესმოდა მხოლოდ უარყოფითი შეფასებები, რომ „საშინელი გამოცდაა“, „ვერ ვაბარებთ“ და ა.შ. ვფიქრობდი – „მასწავლებლები, რომლებიც პრაქტიკულად მუშაობენ და ვერ აბარებენ, მე რა შანსი მაქვს?!“, თუმცა გამოცდაზე მივხვდი, რომ ტესტის დაძლევა შემეძლო და ჩაბარება არ გამჭირვებია. სამჯერ განვიცადე გამოცდის ჩაბარების დიდი სიხარული და ყველა აპლიკანტს ვუსურვებ წარმატებით მიღწეული სიხარულის განცდას.
უცხო ენაში მასწავლებლის ცოდნა ოთხი მიმართულებით მოწმდება – პირველი და მეორე დავალება მოსმენას უკავშირდება, შემდეგ მასწავლებელი მუშაობს ტესტის დანარჩენ წერით ნაწილებზე, სადაც უნარები კითხვასა და წერაში მოწმდება.
მასწავლებელი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უშუალოდ უცხო ენების საგანზე ამახვილებს ყურადღებას და იმ პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმატებულ რეპეტიტორებსაც აქვთ:
„იქიდან გამომდინარე, რომ იმ პედაგოგებს, რომლებმაც საბჭოურ დროში ისწავლეს და მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი მოსასმენი მასალა, არავისთან ჰქონიათ კონტაქტი, რომ საუბარში გაწაფულიყვნენ, მოსმენასთან და ლაპარაკთან დაკავშირებული დავალებების შესრულება ხშირად უჭირთ. ვიცნობ მასწავლებლებს, რომლებიც ბევრ აბიტურიენტს ამზადებენ და მათი მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს იღებენ, მაგრამ ამ მასწავლებლებმა გამოცდაზე მოსმენის და საუბრის ბარიერი ვერ გადალახეს. მოსმენის ნაწილზე მასწავლებლებს ვურჩევდი, რომ დაივიწყონ ყოველგვარი ღელვა და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მოსასმენი ტექსტის გაგებაზე, ამ დავალების შესრულება ურთულესი გონებრივი პროცესია. ეს არ არის მუსიკის მოსმენა, რომლის დროსაც მშვიდად და წყნარად ვართ. დაძაბულია გონება – უნდა გაიგო, რას ამბობენ, პარალელურად უნდა წაიკითხო ტექსტი და სწორი პასუხი შემოხაზო“, – აღნიშნავს მაია გელაშვილი.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერება და საგამოცდო პროცესისადმი პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.
„ზოგადად, გამოცდებზე აპლიკანტებს ემოციების მართვის პრობლემები აქვთ, მაგრამ უნდა ეცადონ, მაქსიმალურად სწორად მართონ ემოციები და სიმშვიდე შეინარჩუნონ. გამოცდაზე გასვლისას ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერება. როდესაც თავდაჯერებული ხარ, ნაკლებად ღელავ. საკუთარი თავის რწმენის გასაძლიერებლად აპლიკანტებს ვურჩევ, დარჩენილი დროის განმავლობაში გადახედონ წინა წლების ტესტებს, შეიქმნან რეალური წარმოდგენა საკუთარ მზაობაზე“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც წამყვანი მასწავლებელი ეხება გამოცდაზე დროის სწორად განაწილებაა, რომელზეც მისი თქმით, გამოსაცდელს ტესტირების ზედამხედველიც მიუთითებს.
„აუცილებელია, რომ გამოსაცდელებმა პოზიტიურად შეხედონ უშუალოდ საგამოცდო პროცესს, მათ შორის, მოიხსნან ზედმეტი შიში დამკვირვებელთა მიმართ, ამისთვის სავსებით საკმარისია, თუნდაც გამოელაპარაკონ მათ ტესტირების დაწყებამდე – მე სწორედ ასე მოვიქეცი ერთ-ერთი საგამოცდო პროცესის წინ ან შევიდნენ სხვა აპლიკანტებთან კომუნიკაციაში, ღელვა მომენტალურად გაივლის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით გაეცნონ საგამოცდოდ დაგენილ წესებს და დაიცვან ისინი. დარჩენილი დროის განმავლობაში კი, მაქსიმალურად იმუშაონ, რათა გამოცდაზე კარგად მომზადებული მივიდნენ. მიხარია, რომ საგნობრივი გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიმართ წელსაც მაღალია ინტერესი, წარმატებას და სიმშვიდეს ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს“, – – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან სპეციალისტი.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდის ტესტები სამ საგანში – გამოცდები 2025 by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა ხელოვნების გამოცდაზე გამოყენებული ტესტი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე