„კომპლექსური დავალებები ისე უნდა შემუშავდეს, რომ მოსწავლე ასრულებდეს და არა მშობელი“ – რითი ხსნიან პრობლემის მიზეზს პედაგოგი და მშობელი
ახალი სკოლის მოდელის დანერგვის პროცესი ქართულ სკოლებში 2019 წლიდან მიმდინარეობს, ამავე წლიდან პედაგოგები აქტიურად მუშაობან ე.წ „კომპლექსურების” – კომპლექსური დავალებების შექმნაზე, რაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ნაწილად მიიჩნევა.
მას შემდეგ, რაც ახალი სტილის დავალება საგაკვეთილო პროცესში დაინერგა, კომპლექსური დავალების შესრულება მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის რეალურ დაბრკოლებად იქცა. მშობლები ყვებოდნენ, რომ ასეთი ტიპის დავალებაზე მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ მუშაობდა და პროცესში მთელი ოჯახი ერთვებოდა.
ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.
როგორც აღმოჩნდა, კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებული პრობლემები როგორც მშობლებს, ისე მოსწავლეებს დღემდე აქვთ. ერთ-ერთი მშობელი, რომელიც EDU.ARIS.GE-ს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა გვიხსნიდა, რომ მისთვის გაუგებარია, „განათლების სამინისტრო კომპლექსური დავალებით მშობლებს ცდის თუ მოსწავლეებს“.
რადგან დავალებების შექმნა თავად პედაგოგების საქმიანობის ნაწილია, საუბარი სწორედ მათთან დავიწყეთ. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც მოსწავლეთა დიდი ნაწილი კომპლექსური დავალების შესრულებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, რა განვითარება აქვთ 4 წლის შემდეგ პედაგოგებს კომპლექსური დავალებების კეთებით და კვლავ უწევთ თუ არა სწავლა.
თბილისის 90-ე საჯარო სკოლის მათემატიკის საგნის დაწყებითი საფეხურის პედაგოგი, თეა გოგაძე გვიყვება, რომ, კომპლექსური დავალებების დანერგვის დღიდან ჩართულია ყველა სამუშაო პროცესში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და დღეს მას დავალებების შესაქმნელად აღარ სჭირდება იგივე დრო და რესურსი, რაც ადრე, რადგან ბევრი ისწავლა და ახლა ცოდნის განვითარების პროცესშია.
„ჩვენი სკოლა შარშან ჩაერთო ახალი სკოლის მოდელში, მე კი დანერგვის დღიდან ჩართული ვარ. 3 წელია, გადამზადებას გავდივარ. შექმნილი მაქვს კომპლექსური დავალებები და შეიძლება ითქვას, რომ ახლა დაგროვილი ცოდნის განვითარების პროცესში ვარ. უკეთ ვხედავ, რა გამოწვევები და საჭიროებები მაქვს. მოკლედ რომ ვთქვა, მიზნობრივი თვითრეფლექსიის პროცესში ვარ”, – გვიხსნის მასწავლებელი.
გვიყვება, რომ პირველ წლებში, დავალების შექმნაზე მუშაობის პროცესში ექსპერტებთან და კოლეგებთან ერთად იყო ჩართული, რაც სავალდებულო და აუცილებელი აქტივობად იყო განსაზღვრული. ახლა ამის პირდაპირი ვალდებულება აღარ აქვს და პროცესს დამოუკიდებლად ართმევს თავს.
„ახლა დამოუკიდებლობის ეტაპზე ვარ და იმ ტიპის დახმარებას აღარ ვსაჭიროებ, რომელსაც პირველ წლებში ვიღებდი”, – ამბობს თეა გოგაძე.
თეამ გვითხრა, რომ სმენია იმ ფაქტების შესახებ, როცა კომპლექსური დავალებებს აპროტესტებენ. მისი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, უკმაყოფილო მხარეს მოსწავლეები და მშობლები წარმოადგენენ, რომლებსაც პედაგოგის მიერ შექმნილი სავარჯიშო არ მოსწონთ. ეს ხდება იმ შემთხვევებში, როცა მასწავლებელს იმდენად არამიზნობრივად აქვს შედგენილი დავალება, რომ მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ ასრულებს და მშობლის შეწუხება ხდება საჭირო.
„კომპლექსური დავალების კრიტიკოსთა რიგებში, პირველ რიგში არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც შეიძლება არ მოსწონდეთ მოცემული დავალება, არ მოწონების მიზეზი კი უამრავი შეიძლება იყოს ასევე, არიან ის მშობლებიც, რომლებიც უკმაყოფილო არიან, რომ შვილების ნაცვლად, თავად უწევთ დავალების შესრულება. ეს ფაქტი მარტივად ასახსნელია: პედაგოგს ეფექტურად არ აქვს შედგენილი დავალება. კომპლექსური დავალებები ისე უნდა შემუშავდეს, რომ დავალებას მოსწავლე ასრულებდეს და არა მისი მშობელი. ამიტომ, კოლეგებს ვურჩევ, კლასში დავამუშავებინოთ მოსწავლეებს დავალება. ვიმეორებ, მშობლის დახმარება მათ არ უნდა სჭირდებოდეთ”, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან დაწყებითი კლასების პედაგოგმა.
თეა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ თუ პედაგოგებს აქვთ სურვილი, ნაკლები კრიტიკა დაიმსახურონ, მათ სრულყოფილად უნდა დაგეგმონ კომპლექსური დავალებები და გაითვალისწინონ ის დიდი რესურსიც, რომელიც სახელმწიფომ მათ გადამზადებაში ჩადო:
„თუ პედაგოგები არ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და არ შექმნან ადეკვატურად აღქმად კომპლექსურ დავალებას, ეს არც ჩვენი პროფესიული ზრდისთვის იქნება კარგი, არც ქვეყნისთვის და მით უმეტეს არც ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მუდმივად აქვთ მოთხოვნა, პოზიტიური სიახლეები შევთავაზოთ. ამიტომ, ყველა კოლეგას უფრო მეტი პროფესიული ცოდნის შეძენისკენ მოვუწოდებ, ეს ნამდვილად არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და პირდაპირი ვალდებულებაც”.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები, როცა ბავშვს კომპლექსური დავალება აქვს შესასრულებელი და ეთნხმებიან თუ არა ჩვენი რესპონდენტის მოსაზრებას, რომ ხშირად, ძნელად შესასრულებელი დავალების შექმნაში მასწავლებლები „სცოდავენ“. ჩვენს კითხვებს მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების შობელმა, მედეა ყიფშიძემ უპასუხა, რომელსაც შვილები თბილისის საჯარო სკოლაში დაჰყავს და მათი მეცადინეობის პროცესშიც აქტიურად არის ჩართული.
მედეა გვიყვება, რომ კომპლექსური დავალებები მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ხშირად თავად უწევს დავალების შესრულება. ჩვენი რესპონდენტი იმ საგნებსაც ასახელებს, რომლებშიც მსგავსი შემთხვევები ხშირია.
„მყავს 8 და 9 წლის შვილები. მათი სწავლა-განათლების საკითხში ჩართული ვარ და, რასაკვირველია, მეც ვეხმარები ხოლმე, რომ თუ აქვთ გამოწვევები, თავი უყურადღებოდ არ იგრძნონ. როცა პატარას აძლევენ კომპლექსურ დავალებას ძალიან უჭირს, უფროსს ნაკლებად, თუმცა მე ვუმოწმებ. იყო ასეთი შემთხვევაც, მე-2 კლასში, ქართულში უნდა გაეკეთებინა მოთხრობის ილუსტრაცია, რისი გაკეთებაც მე მომიწია. დავალების გარეშე სკოლაში არ წავიდა და შემდეგ მასწავლებელსაც ვუთხარით ამის შესახებ. ანალოგიური შემთხვევები დამიფიქსირებია ინგლისურ ენაშიც. შარშან ონლაინ სწავლებაზე მოგვიწია ყოფნა და ისეთ დავალებებს აძლევდა პედაგოგი, ძალიან რთულს. ეს მაშინ, როდესაც ბევრმა მოსწავლემ კითხვაც არ იცოდა. არაერთი ასეთი ფაქტის გახსენება შემიძლია, რადგან ხშირია”, – აცხადებს მედეა ყიფშიძე.
მშობელი ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს კომპლექსურ დავალებას აძლევს, უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. ასევე იმ ფაქტორსაც, რომ ყველა ბავშვს მშობელი ვერ ამეცადინებს:
„ბავშვებს მეტად უნდა აუხსნან, რა დავალებას აძლევენ, განსაკუთრებით კი ამ ასაკში და მშობელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს დავალება მისთვისაა და არა ბავშვისთვის. უნდა იფიქრონ, აქვს თუ არა ბავშვს ამ დავალების შესრულების შესაძლებლობა, თუ მშობელმა უნდა გაუკეთოს, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს?“
მედეა ყიფშიძის თქმით, მშობლების უმეტესობას ბავშვის მეცადინეობისთვის დრო არ აქვს და ასეთ დროს, ბავშვი საერთოდ ვერ შეასრულებს რთულ დავალებას, რაც ცალკე დიდი გამოწვევაა.
„თუ ბავშვმა დამოუკიდებლად ვერ გაართვა თავი კომპლექსურ დავალებას, ნამდვილად ვერ აითვისებს ცოდნას და პირიქით, შეიძლება განიცადოს, რომ დავალება არ აქვს და შემდგომ, მასწავლებლის მიმართაც აღარ ჰქონდეს დადებითი განწყობა, ასეთი შემთხვევებიც ძალიან ბევრია“, – უთხრა EDU.ARIS.GE -ს მოსწავლეების მშობელმა.
ამავე თემაზე:
კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IV კლასებისთვის
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება