GE

ზრდის თუ არა მოტივაციას სასწავლო პროცესში კომპიუტერის და ტელეფონის გამოყენება?

საქართველოს სკოლების 592.9 ათასი მოსწავლიდან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს მხოლოდ 151 186  სწავლობს. აღნიშნული საგნები ოფიციალურად 1-ელ, მე-5 და მე-6 კლასებში ისწავლება და მეცნიერულ ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ჩნდება კითხვა – აძლევს თუ არა საკმარის ცოდნას სკოლა მოსწავლეს ამ  მიმართულებით?

პედაგოგები, რომლებიც სასწავლო პრაქტიკაში ტექნოლოგიებს იყენებენ ამბობენ, რომ ის ბავშვების მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა ელექტრონულ მოწყობილობებთან მოზარდის კავშირზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს მშობლების ნაწილს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების დანერგვისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გარკვეულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა სკოლების ტექნიკით და WI-FI სისტემებით აღჭურვა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ყველგან უნდა განხორციელდეს. ასევე პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროგრამა, რაშიც სახელმწიფო ყოველწლიურად 20 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ ნაჩუქარ ბუკებს სკოლაში ძირითადად არ იყენებენ.

სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენება, რომ გარკვეულწილად პრობლემური საკითხია ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძეც საუბრობს. მისი თქმით მე-4 და მე-6 კლასებში დაგეგმილი განმავითარებელი შეფასება ელექტრონული ფორმით ჩატარდება და საგნის ცოდნასთან ერთად, ისიც გაირკვევა თუ რამდენად ფლობენ მოსწავლეები ტექნოლოგიებს. „უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარები გააჩნდეს მოსწავლეს და გარკვეულწილად ამასაც გამოვცდით. როდესაც მოლოდინი ექნებათ სკოლებს, რომ ამ მიმართულებით მივდივართ, იმედი მაქვს, უფრო აქტიურად გამოიყენებენ ბუკებს და უფრო აქტიურად იმუშავებენ ტექნოლოგიების მიმართულებით“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია მასწავლებლების და მშობლების დამოკიდებულებაც. მათი ნაწილი სკოლებში ტექნოლოგიების საერთოდ აკრძალვის და წიგნის უპირატესობის მომხრეა, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდები სკოლის გარეშეც დიდი დოზით იყენებენ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით ჩატარებული კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე დიდხანს იყენებს, ეს მონაცემი მოწმობს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან ფლობენ ტექნიკის მოხმარების წესებს და ძალიან მნიშვნლოვანია მათთვის სწორი მიმართულების მიცემა.

პედაგოგების ნაწილი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვას მნიშვნლოვანს უწოდებს. მათი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ  ეს  ბავშვების მოტივაციას მნიშვნელოვნად ამაღლებს და სწავლის ხარისხიც იზრდება. EDU.ARIS.GE დირექტორების და პედაგოგების ნწილს ესაუბრა, რომლებსაც გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების პირადი გამოცდილება აქვთ.

„სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ტექნოლოგიებს ვეღარ უგლებელვყოფთ, თაობა მოდის ისეთი, რომ ფეხი უნდა ავუწყოთ. ჩვენი სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში, ყველა წერტილი დაფარულია WI-FI სისტემით. გვაქვს დაახლოებით 30 ცალი პატარა ლეპტოპი. რა თქმა უნდა, ბავშვებს გაკვეთილზე აქვთ ბუკები ჩართული და მასწავლებლებს ფაქტობრივად უხდებათ სწავლება თამაშით. აი ამ ტიპის აქტივობების შესრულებამ ბევრად აამაღლა სწავლის მოტივაცია და ხარისხი. ჩვენი პირველკლასელი მოსწავლე ჩვეულებრივად ფლობს შესაბამისი პროგრამისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა ნიუანსს. აწყობს ანბანთან შესაბამისობაში გამოსახულებებს და ა.შ. ახალი სკოლის მოდელი ორიენტირებულია სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ნამდვილად განსხვავებული, ინდიგო ბავშვები მოდიან, რომლებსაც ტექნოლოგიებით უნდა ვასწავლოთ და მათ ვერ ვასწავლით მხოლოდ დაფით და ცარცით, ეს გამორიცხულია. უბრალოდ რომ შევიტანოთ ლეპტოპი გაკვეთილზე და ელემენტარული პრეზენტაცია გვქონდეს, ეს უკვე მოსწავლეების ჩართულობას იწვევს და ლექციაც უფრო ინტერაქტიული ხდება“, – ამბობს ვანის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

გორის მე-8 საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგ ნანა ლომიძის თქმით კი, საქართველოს სკოლების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი ტექნიკა და ინფრასტრუქტურა რომ კლასები კომპიუტერებით იყოს აღჭურვილი, ამიტომ მან ამ პრობლემისგან გამოსავალი მობილური ტელეფონის გამოყენებით იპოვა.

„ტექნოლოგიების გამოყენებას ყოველდღე ვერ ვერ ვახერხებ, საკლასო ოთახები არ არის შესაბამისად აღჭურვილი, კომპიუტერების ლაბორატორიაში ყოველთვის ვერ ახერხებს მასწავლებელი შესვლას. ამიტომ მოვძებნე მარტივი გამოსავალი, სასწავლო პროცესში ტელეფონის გამოყენებაც შესაძლებელია, ანდროიდის პროგრამების გამოყენება ეს არ არის მხოლოდ თამაში და მხოლოდ დროის წამრთმევი პროცესი, ეს გახლავთ ძალიან კარგი, მიზანმიმართული და ხელსაყრელი გზა ბავშვის სწორი უნარების განვითარებისთვის. ტელეფონში შეგვიძლია ჩამოტვირთოთ ბევრი სასარგებლო აპლიკაცია, მაგალითად ლინოიდის სახალისო მათემატიკური პროგრამები, რომლებიც გაკვეთილზე ძალიან ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ. მსგავსი რამ  ბავშვებს ეხალისებათ და ფსიქოლოგებიც ფიქრობენ, რომ ტექნიკის გამოყენება არ არის მხოლოდ ხელისშემშლელი, ის შეიძლება საგანმანათლებლო მიზნებისკენ მივმართოთ, თუ მასწავლებელი დაგეგმავს. მე დისტანციურად ვასწავლი უცხოეთში მყოფ ქართველებს, მასწავლებლის სახლის პროგრამაში ვარ ჩართული, იქედანაც ბავშვები ხშირად ტელეფონებით ერთვებიან, რადგან ყველას არ აქვს კომპიუტერთან წვდომა, ამ კუთხითაც არაჩვეულებრივად ვიყენებთ ტექნოლოგიებს.

„რაც შეეხება სკოლებს, ყველა პირველკლასელი სამინისტროსგან საჩუქრად იღებს ბუკს. მართალია, მას ისეთი მონაცემები არ აქვს, როგორიც ზრდასრულებს გვჭირდება, მაგრამ მოსწავლისთვის საკმარისია. მასწავლებელზეა დამოკიდებული რამდენად გამოიყენებს ამ ტექნიკას, ისინი არიან გადამზადებულები მასწავლებლის სახლის მიერ, აქვთ თავიანთი ბუკები, ამიტომ მათზეა დამოკიდებული რამდენად სწორად, ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოიყენებენ მას. არიან მასწავლებლები, რომლებიც თვლიან, რომ ბუკი პირიქით, ხელს უშლის სწავლების პროცესში. ალბათ, თავად ვერ იყენებენ სწორად, ან შესაბამისი დრო არ აქვთ რესურსების მოსამზადებლად. ძალიან შრომატევადი საქმეა ტექნოლოგიების გამოყენება, საკლასო ოთახში უნდა გქონდეს ხელსაყრელი პირობები ინტერნეტი იქნება ეს თუ დანარჩენი სხვა საჭიროებები, თუმცა მასწავლებელთა ძალიან დიდი ნაწილი იყენებს ამ ტექნოლოგიებს“, – ამბობს ნანა ლომიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

“ერთი წელია, რაც სტანდარტი შეიცვალა და მუსიკის საგნის სწავლებისას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენება პირველი კლასიდანვე ხდება. ამ პროგრამით შესაძლებელია, რომ მოსწავლემ, სხვადასხვა ხმების და მუსიკის გამოყენებით კომპოზიცია შექმნას. მსგავსი ხერხების გამოყენება უფრო ზრდის ბავშვის ჩართულობას. მუსიკის საგნის მიმართ ადრე ცოტა ისეთი დამოკიდებულება იყო, რაც იცვლება, უკვე ხედავენ როგორი აქტუალურია ეს საგანი და არ არის მხოლოდ “ჭრელო პეპელა” და პირდაპირ არის კავშირი მათემატიკასთან. ბავშვები კომპიუტერით ძალიან ინტერესდებიან და რაც მთავარია, ძალიან მალე სწავლობენ ამ პროგრამას, მაგრამ არის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში მშობლები არ ატანენ ბუკებს სკოლაში“, -ამბობს თბილისის 126-ე და 32-ე საჯარო სკოლების მუსიკის პედაგოგი დალი დოლიძე ჩვენთან საუბარში.

საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს  კერძო  სკოლის მასწავლებელიც, ის ამბობს, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით ადვილი შესაძლებელია უფროსკლასელებმა სასწავლო რესურსები დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნან.

„ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში ეს არის მოტივაციის ამაღლების და ბავშვისთვის დაუვიწყარი გაკვეთილების ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობა. შედეგი გახლავთ ის, რომ თავად ბავშვები ქმნიან რესურსებს ტექნოლოგიების გამოყენებით. შესაძლებელია ისეთი საინტერესო რამ მოხდეს, უფროსკლასელებმა შექმნან უმცროსკლასელებისთვის რესურსი. ყველა ჩივის, რომ ბავშვებს კომპიუტერს ვერ აშორებს, ამ კუთხით შეიძლება ძალიან კარგი რამ მოხდეს, ბავშვბმა გადაიტანონ თავიანთი უნარები სასარგებლო რესურსების შექმნაზე. ბევრად სხვანაირი გაკვეთილები ტარდება ტექნოლოგიების გამოყენებით და ბავშვების სწავლობენ მის სწორად გამოყენებას“, – ამბობს საერო სკოლა „ბინულის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა მანგოშვილი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური