GE

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მასწავლებლებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

13 მაისს მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს დახვედრება.

სამინისტროს თქმით, მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას.

“თუ არ მოხდა მოსახლეობის მასობრივი აცრა, შეუძლებელი იქნება კოვიდეპიდემიის დამარცხება. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, სხვას და ამით შევიყვარებთ ერთმანეთს, გადავარჩენთ ქვეყანას კოვიდეპიდემიისაგან. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია”, – ამბობს დიმონ არახამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი.

აცრის შემდეგ კომენტარს აკეთებს ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი: “ნორმალურად ვგრძნობ თავს, მჯერა, რომ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ ვაქცინაციის გარეშე. გავუფრთხილდეთ უნდა ერთმანეთს, გავიკეთოთ ვაქცინაცია”, – ამბობს ნანა შამუგია.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური