„აი, რა რეკომენდაციას ვაძლევ მათ..“ – ცურვაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი სკოლის მოსწავლეების მშობლებს მიმართავს
„ძალიან ბევრი ბავშვი მოჰყავთ მშობლებს. მეუბნებიან: „იცის ცურვა, ხტუნაობს, ღრმად ჩადის, ყველაფერი კარგად იცის და არ გაუკეთოთ დამცავი ქამარი“. ამ დროს, რასაკვირველია, ვამოწმებ ბავშვს, ვუშვებ მომცრო ზომის აუზში და ვხედავ, რომ ყირავდება, ყლაპავს წყალს და არაფერი იცის. მშობლები ფიქრობენ, რომ რადგან წყალში ფეხზე დამდგარს გამოსდის სიარული, ცურავს, ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ცურვაში, ნინო გოგინაშვილი, რომელსაც თაობები ჰყავს აღზრდილი და სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის, ამ სეზონზე ყველაზე საჭირო, პრაქტიკულ რეკომენდაციებს გვიზიარებს.
პროფესიონალი მოცურავის უმთავრესი რეკომენდაციაა, რომ მშობლები დიდი სიფრთხილით მოეკიდონ შვილის უსაფრთხოების საკითხს და მოსწავლეები აუზზე გამოცდილ სპეციალისტებთან ატარონ. ცურვის სწავლის საბაზისო კურსის გავლის გარეშე, ნინო მშობლებს არ ურჩევს, რომ შვილი თამამად შეუშვან წყალში.
„სწორი ცურვა პროფესიონალმა მწვრთნელმა უნდა ასწავლოს. ტივტივის უნარი თუ აქვს მოსწავლეს, ის სწრაფად ითვისებს და შესაძლოა, მისთვის 12 გაკვეთილიც სრულიად საკმარისი იყოს.
„სწორი ცურვის სწავლა გულისხმობს: ზურგზე და მუცელზე ცურვის (ბრასი, კროლის) სრიალის, ტივტივის, ჰაერის გაშვების, წყალზე გაჩერების, სწორი შესუნთქვის სწავლას. როცა არ იცის ცურვა და ისე უშვებთ მდინარეში თუ ზღვაში, შეიძლება დაიძაბოს სწრაფი შესუნთქვის დროს, წყალი გადასცდეს და სპაზმი დაემართოს შიშით, დაიწყოს წყლის ყლაპვა.
„არავის ვურჩევ მდინარეში ასწავლოს, ან ზღვაში, ფეხის კუნთი თუ გაიკვანძა, ან უბრალოდ დაიბნა ბავშვიც და მშობელიც, ეს გამოიწვევს სულ მინიმუმ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტრავმას და სამწუხაროდ, ამის გამო ხდება ფატალური შემთხვევებიც“, – ამბობს სპეციალისტი.
რა შემთხვევაში მოიქცევა დაუდევრად მშობელი? – აი, რას ამბობს ცურვაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
„შეიძლება 5 მეტრი გაცუროს თავაწეულმა ბავშვმა, მაგრამ არ იცოდეს სწორი სუნთქვები და წყალზე გაჩერება. თუ მას არ აქვს დამუშავებული წყალში ჩახტომის, მუცლიდან ზურგზე გადასვლის ეტაპები, სწორი სუნთქვით წყალზე გაჩერების უნარი და მინიმუმ 2 მეტრ სიღრმეში ჩახტომა, ჩაყვინთვა არ შეუძლია სწორ სუნთქვასთან ერთად, მით უმეტეს დამცავი ქამრის გარეშე, მშობელმა წყალში არ უნდა შეუშვას.
„ეს დიდი დაუდევრობა იქნება მშობლის მხრიდან. აი, რა რეკომენდაციას ვაძლევ მათ: ჩვენ, პროფესიონალებმა უნდა გადავამოწმოთ, რა ეტაპზეა მოსწავლე, რისი გაკეთება შეუძლია ზღვაში თუ მდინარეში. როცა არ დაგყავთ ცურვაზე, ამას ვერავინ გადაგიმოწმებთ და თავად თქვენც არ გექნებათ ცოდნა, რა დროს არის საჭირო, რომ შეაჩეროთ და მისცეთ გაფრთხილება, ნუ შეუქმნით მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს“.
ასევე იხილეთ: