„ბიბლიოთეკა – ეს არის სკოლა სკოლაში“ – 20 წელი სკოლის ბიბლიოთეკაში და საინტერესო რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს
ციფრულ სამყაროში ახალ ინფორმაციას ინტერნეტით ვეძებთ. ამ მხრივ არც სკოლის მოსწავლეები არიან გამორჩეულნი. მაგალითად, თუ გინდა, მეტი გაიგო ტროას ომის შესახებ, რატომ უნდა მოიძიო ვიკიპედიაში? კარგი იდეაა, წაიკითხო ბერძნული მითოლოგია, ან იქნებ ჰომეროსის „ოდისეაც“. ინტერნეტის ნაცვლად წიგნის გამოყენება, თან ბეჭდური წიგნის, მოსწავლისთვის არ უნდა იყოს ურიგო. შორს რომ არ წახვიდეთ, თქვენი სკოლის ბიბლიოთეკასაც შეგიძლიათ ესტუმროთ.
რატომ სკოლის ბიბლიოთეკა? – შეიძლება იკითხოს დაეჭვებულმა მოსწავლემ, რომელიც სახლში კითხვას ამჯობინებს ან ვინც გაკვეთილებზე მიღებული ცოდნითაც კმაყოფილია.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეც შემიძლია, მაგრამ უკეთესი იქნება იმ ადამიანმა გიპასუხოთ, ვინც ბიბლიოთეკაში ნახევარ დღეს ატარებს.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, EDU.ARIS.GE თბილისის 21-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს, ლამარა ჯაფარიძეს ესაუბრა. ქალბატონი ლამარა 65 წლისაა და 20 წელი სკოლის ბიბლიოთეკაში აქვს გატარებული. როგორც ის გვიყვება, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში 2 900-მდე წიგნია თავმოყრილი.
ამბობს, რომ ყოველდღიურად ასობით მოსწავლეს ხვდება, წასაკითხად სასურველ წიგნს აძლევს და ზრუნავს იმაზე, რომ ეს წიგნი შემდეგ მკითხველთან დაუზიანებელი დაბრუნდეს. საინტერესოა, რას ფიქრობს, ქალბატონი ლამარა სკოლის ბიბლიოთეკის შესახებ და რას ურჩევს იმ მოსწავლეებს, რომლებიც ნაკლებად სტუმრობენ ამ სივრცეს. ქალბატონ ლამარას მშობლებისთვისაც აქვს სათქმელი.
– პირველ რიგში, მოგვიყევით თვენი სკოლის ბიბლიოთეკის შესახებ
– ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა 2006 წლიდან მუშაობს. 21-ე საჯარო სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც მოსწავლეებისთვის, რომლებიც წარმატებით აბარებენ გამოცდას გერმანულ ენაში, გერმანული ენის დიპლომს (DSD) გასცემს. რადგან გერმანული ენა ჩვენთან გაძლიერებულად ისწავლება, გარდა ქართულისა, ჩვენს ბიბლიოთეკაში გერმანულ ენაზე დაახლოებით 300 წიგნი ინახება. (გერმანიის საელჩოსა და გერმანული ფონდებისგან საპატიოდ გადმოცემული) ჯამში კი 2 900-მდე წიგნი გვაქვს. ძირითადად, ესაა მხატვრული ლიტერატურა ბავშვებისთვის, ე.წ საცნობარო ლიტერატურა, გვაქვს სახელმძღვანელოები როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვისაც. ვფიქრობ, წიგნების არჩევანი მრავალფეროვანია.
– თქვენი დაკვირვებით, რამდენად ხშირად სტუმრობენ ბავშვები ბიბლიოთეკას და წიგნის კითხვის გარდა, კიდევ რა შესაძლებლობებს აძლევს მათ ეს ჯადოსნური ადგილი?
– ხშირად სტუმრობენ. 20 წელი მაქვს გატარებული სკოლის ბიბლიოთეკაში, როგორც ბიბლიოთეკარს. (როგორც მკითხველს გაცილებით მეტი..) ვაკვირდები ახალგაზრდა თაობებს მათ რიგებში ყოველთვის მოიძებნებიან მკითხველი ახალგაზრდები, რომლებიც არა მხოლოდ სტუმრობენ, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრობენ სკოლის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეთა უმეტესობა დღეს ირჩევს წიგნის, როგორც ეძახიან ელექტრონულ ვერსიას, თუმცა ბეჭდური წიგნი სულ სხვაა. სკოლის ბიბლიოთეკა ეს არის სკოლა სკოლაში. აქ ეწყობა სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები. ამ სივრცეს ვიყენებთ, რომ დავგეგმოთ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები, მოვაწყოთ წიგნის კითხვის დღე და ახალგაზრდა თაობებს ბიძგი მივცეთ წიგნიერებისკენ.
– დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ბიბლიოთეკაში კითხვა?
– საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა მუშაობს დღის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე. ამ დროის განმავლობაში, მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს, თუ წიგნის გამოტანა ან დაბრუნება სურს. როცა ადგილზე, ბიბლიოთეკაში ურჩევნია კითხვა, უმჯობესია მაშინ მოვიდეს, როცა გაკვეთილები სრულდება. მოწყენილად თუ გრძნობს თავს და გვესტუმრება, ესეც შესაძლებელია.
– გააცანით მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკაში ქცევისა და წიგნთან მოპყრობის წესები
– სკოლის ბიბლიოთეკაში არ შეიძლება ხმაური. გარემო მშვიდი უნდა იყოს. უნდა დაიცვათ სისუფთავე. წიგნს რომ წაიღებთ, უვნებელი უნდა დაუბრუნოთ სკოლას. არ დაჩხაპნოთ, ყდა არ დაუზიანოთ, ფურცლებს გაუფრთხილდეთ, წიგნში მინაწერები არ გააკეთოთ. აქვე გეტყვით, რომ სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის კითხვისთვის დრო 15 დღე გაქვთ. თუ ამ დღოში ვერ დაასრულებთ, არა უშავს, მოხვალთ, წარმოადგენთ წიგნს და გაახანგრძლივებთ მისი კითხვის პერიოდს. მკითხველის ბარათში ბიბლიოთეკარი შეიტანს ყველა ცვლილებას და შენიშვნებსაც.
– მიმართეთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, უთხარით რატომ უნდა იკითხონ სკოლის ბიბლიოთეკაში?
– სკოლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მნიშვნელოვნად ეხმარება იყვნენ წიგნიერები და იპოვონ საყვარელი საქმე. განათლებას აძლევს. აქ გარემო უსაფრთხოც არის და მყუდროც. ახლობელი ადგილია, სადაც მათ ნამდვილად ელიან წიგნებიც და განათლებული მკითხველი მეგობრებიც. მოსწავლეებო, აუცილებლად იკითხეთ სკოლის ბიბლიოთეკაში, თუ გაქვთ ინტერესი უფრო მეტი იცოდეთ ის უახლოესი ადგილია. მშობლებო, ელექტრონული წიგნი არ არის კარგი მხედველობისთვის, ნერვული სისტემისთვის. თავად იკითხეთ ბეჭდური წიგნები და მიეცით მაგალითი შვილებს. თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ, თავადაც გადასცეთ წიგნები ბიბლიოთეკას, ამისთვის სკოლა მადლობის საპატიო სიგელით დაგაჯილდოებთ.
ასევე იხილეთ:
ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ
როგორ დავწერო საკონკურსო მოთხრობა – მწერლის ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის