მაარიფის სკოლაში ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა – „ილია – ჩვენი თანამედროვე“
“ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეა მარტივად დაიბადა. შეუძლებელია ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მცირე მონაკვეთს გადაავლო თვალი და სურვილი არ გაგიჩნდეს მეტი იცოდე და სხვებსაც მეტი უთხრა, მეტად შეაყვარო, მეტად დააახლოვო”, – ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ მასალაში.
ილიას ცხოვრება და შემოქმედება ყველა საგანთან შეიძლება დააკავშირო, მით უმეტეს, როდესაც საუბარია გეოგრაფიასა და ისტორიაზე. ერთის მხრივ, თავად ილიას, როგორც ისტორიული პიროვნების შეცნობა და მეორე მხრივ, ნაწარმოებების უკეთ გაგება, აღქმა, ისტორიულ გარემოებებთან დაკავშირება და დაფიქრება. ილიას ყველა ნაწარმოებში ვხვდებით გეოგრაფიულ ობიექტებსა თუ მათთან შედარებას, ემოციის გამძაფრებას, სურვილების გამოხატვასა და ა.შ. ეს იყო მისი გამოხატვის საუკეთესო „იარაღი“. როგორც სკოლაში აცხადებენ, სწორედ ამიტომ, გაერთიანდა სამი საგანი და დაიგეგმა გაკვეთილი მეთერთმეტე კლასთან, მათ წელს სიღრმისეულად შეისწავლეს ილიას შემოქმედება და ეს იქნებოდა შანსი, კიდევ სხვა კუთხით დაენახათ როგორც ილიას შემოქმედება, ისე მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობი დეტალები.
ღონისძიება გაიმართა სათაურით, „ილია – ჩვენი თანამედროვე“. ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს ილია ჭავჭავაძის, უდიდესი ეროვნული მოღვაწის, არსსა და მასშტაბურობას, ვინაიდან არ არსებობს ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში.
თითოეულმა პედაგოგმა თავისი საგნის ფარგლებში მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც საჭიროდ ჩათვალა, რომ მიეწოდებინა მოსწავლეებისათვის. გეოგრაფიისა და ისტორიის პედაგოგები შემოქმედებითად მიუდგნენ საკითხს და გააანალიზეს გეოგრაფიისა და ისტორიის როლი ილიას შემოქმედებაში. ამ მიზნით განიხილეს ილიას თხზულებები.
“ილია ხშირად იყენებს გეოგრაფიული ობიექტების სახელებს, რომელთაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეოლოგიური დატვირთვაც გააჩნიათ. აღწერს თითოეული ობიექტის ბუნებრივ და კლიმატურ მახასიათებლებს, რომელთაც ხშირად ადამიანის ბუნებასა და ქვეყნის განვითარების ისტორიასაც ადარებს. ილია ასეთივე წარმატებით იყენებს წელიწადის დროებს ადამიანური სევდისა და გაუცხოების გამოსახატად, თითქოს ქვეყნის ჭირ-ვარამს ხშირად ბუნების მოვლენებსაც აბრალებს. ილია დეტალურია კლიმატური მახასიათებლების აღწერისას, მხატვრულად აღწერს სხვადასხვა ბუნებრივ სტიქიას.
მაგალითად, პოემაში „აჩრდილი“ აღწერს ზვავს:
„ქვეყანას მშიშარს მი ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით,-
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.“
ილია შედარებისა და კონტრასტის მეშვეობით ცდილობს მოლოდინების გაჩენას მკითხველში. კონტრასტების გამოყენებით იგი კიდევ უფრო მტკივნეულად დაგვანახებს იმას, რაც ბუნებას დაუწესებია. იმას, რომ დღეს ღამე მოსდევს, ღამეს კი – დღე; იმას, რომ სიკეთე ბოროტების გარეშე არ ფასდება. ეს ყველაფერი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე.
ილიამ ქართულ მედიასა და სააზროვნო სივრცეში შემოიტანა და დაამკვიდრა ერთიანი საქართველოს ცნება. მანამდე, „საქართველო“ როგორც ცნება არ იყო გეოგრაფიული, რადგან ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში თბილისის და ქუთაისი გუბერნიების სახელით იყო შესული. ილიასთვის საკუთარი იდეოლოგიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ერთიანი საქართველოს ცნება ქართველთა ნაციონალურ თვითშეგნებაში დაბრუნებულიყო, რათა გაღრმავებულიყო ეროვნული და პატრიოტული ფესვები. ასე რომ, ილია ყოველთვის არის ჩვენი თანამედროვე”, – აღნიშნეს სკოლის პედაგოგებმა.