GE

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმას 50 ლარად იყიდის და მშობლებს 100-150 ლარად შესთავაზებს?

2026-2027 სასწავლო წლიდან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს საჯარო სკოლებში სიარული ფორმით მოუწევთ. ჯერ კიდევ 2025 წელს დაანონსებულ სიახლესთან დაკავშირებით საზოგადოებამ უკვე იცის, რომ I-VI-კლასელებისთვის სასკოლო ტანსაცმლის შეძენა-რეალიზაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კუთვნილი შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უზრუნველყოფს.

მიმდინარე წლის აპრილში საზოგადოებამ გოგონებისა და ბიჭებისთვის სასკოლო სამოსის ნიმუშები იხილა. განათლების სამინისტრომ კი ფორმის თვითღირებულების დასადგენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

დღეს, 29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კვლევის შედეგად, ფორმის კომპლექტებში შემავალი მილიონ რვაასი ათასი კომპონენტის შეკერვა (შეკვეთა):

გოგოს პიჯაკი – 292 000 ცალი;
გოგოს შარვალი – 438 000 ცალი;
ქვედაკაბა მუხლამდე – 146 000 ცალი;
ქვედაკაბა გრძელი – 1000 ცალი
ბიჭის პიჯაკი – 308 000 ცალი;
ბიჭის შარვალი – 616 000 ცალი.

განათლების სამინისტროს შპს-ს, სავარაუდოდ, 45 მილიონ ლარად შეუძლია.

მაშ, რა არის, სავარაუდოდ, ფორმის ერთი კომპონენტის (პიჯაკი, შარვალი და ქვედაკაბა) საშუალო თვითღირებულება? მარტივი არითმეტიკული ოპერაციის შედეგად ვიღებთ ფასს – 25 ლარს.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 17 აპრილს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმა, დაახლოებით, 100-დან 150 ლარამდე ეღირება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღემდე არსებული ინფორმაციით, ფორმები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების დიდმა ნაწილმა საკუთარი ფინანსებით უნდა შეიძინოს.

თუ ფორმის კომპლექტად ბიჭების შემთხვევაში პიჯაკი და შარვალი, ხოლო გოგონების შემთხვევაში პიჯაკი, ქვედაკაბა ან შარვალი მიიჩნევა, კომპლექტი, საშუალოდ, 50 (ორჯერ ოცდახუთი) ლარი უნდა ღირდეს.

რა გამოდის? განათლების სამინისტრო ფორმას, სავარაუდოდ, 50 ლარად იყიდის და 100-150 ლარად მშობელს შესთავაზებს? ვიმედოვნებთ, რომ არა. გივი მიქანაძის უწყება, ალბათ, სულ მალე მშობლებს ფორმების რეალურ ფასს გამოუცხადებს.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კუთვნილი შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორის ბრძანება

ასევე იხილეთ: 

„ხარისხიანი სასკოლო ფორმა 200 ლარი მაინც დაჯდება“ – რისი გადამხდელები არიან და რას ფიქრობენ მშობლები ფორმებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm