GE
28 მაისი, 2024 12:41

როცა მოსწავლის ქულა არადამაკმაყოფილებელია – საჭირო ინფორმაცია დირექტორისგან მშობლებს

„თუ მოსწავლე თვლის, რომ კონკრეტულ საგანში უფრო მაღალი ნიშანი ეკუთვნის, მშობელს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ნიშნის ასამაღლებელი გამოცდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ქულა [წლის/სემესტრის ბოლოს] არ არის საკმარისი – საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ აქვს გადალახული, მას საშემდგომო გამოცდა ენიშნება“, – ასე განმარტავს თელავის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიამ ნაცვლიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საშემოდგომო და ქულის მოსამატებელი გამოცდას შორის განსხვავებას და  მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც დირექტორი აცხადებს, ხშირად, მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ ნიშნის მოსამატებელი გამოცდაც შემოდგომაზე ინიშნება, რაც ასე არ არის.

„სკოლა აქვს ვალდებულება, ნიშნის ასამაღლებელი გამოცდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ვადებში დანიშნოს. ნიშნის ასამაღლებელი გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. ამ ვადებში მოსწავლემ უკვე იცის, შეიცვლება თუ არა მისი ქულა. რაც შეეხება საშემოდგომო გამოცდას, ის სასწავლო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე, მინიმუმ ერთი კვირით ადრე ინიშნება. ორივე გამოცდაზე მოსწავლის მიერ მიღებული ქულა არის მისი არა სემესტრული, არამედ წლიური ქულა”, – გვიხსნის სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორს ვკითხეთ, თავად რა რეკომენდაციას აძლევს პედაგოგებს იმისათვის, რომ მათი შეფასება მაქსიმალურად ობიექტური იყოს.

„იმისათვის, რომ მოსწავლე მაქსიმალურად ობიექტურად შეფასდეს, ჩემი რეკომენდაციაა, პედაგოგებმა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში (და არა სემესტრის ბოლოს) გამოიყენონ მრავალფეროვანი აქტივობები. მოსწავლეთა შეფასებისთვის კი ეფექტური მეთოდიკა ჰქონდეთ, ანუ ისეთი შეფასების გეგმა, რომელიც შეაფასებს როგორც მოსწავლის ფაქტობრივ ცოდნას, ასევე მის საგნობრივ უნარ-ჩვევებს. სკოლამ მოსწავლეს მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა კი არ უნდა მისცეს, არამედ შესაბამისი გარემოც შეუქმნას ამ ცოდნის გამოყენებისათვის”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

სკოლის მმართველის ინფორმაციით, მშობლებს მომდევნო კვირის ბოლოს უკვე შეეძლებათ, რომ ელექტრონულ ჟურნალში ნახონ შვილის მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება, სემესტრული და მასწავლებლის მიერ გაცემული განმავითარებელი უკუკავშირიც.

ასევე იხილეთ;

„შემაჯამებლებთან დაკავშირებით ეს უნდა გაითვალისწინოთ“- ინსტრუქცია დირექტორისგან მასწავლებლებს

„დილა სკოლებში სპორტული აქტივობით უნდა იწყებოდეს“ – დირექტორის მოადგილე სკოლის გამოცდილებას აზიარებს

„სკოლა ხომ ჩვენი სახლია?!“ – რას ამბობს მეათეკლასელების მხიარული აქტივობის შესახებ სკოლის დირექტორი

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში