როგორ და რა ვადით ხდება ჯანმრთელობის გამო მოსწავლის სასკოლო ფორმის ტარებისგან გათავისუფლება – პროცედურა შინაგანაწესის მიხედვით
2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს საჯარო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. პირველკლასელებმა ფორმები უკვე მოირგეს, დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებისთვის კი სასკოლო სამოსის რეალიზაცია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ ირკვევა, რომ ფორმები ჯერ ჩინეთიდანაც არ არის ჩამოტანილი და შესაბამისად, სად და რა თარიღიდან შეიძენენ მოსწავლეების მშობლები მას, ამ ეტაპზე გაურკვეველია.
თუმცა, გარკვეულია, რომ მოსწავლე სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ტარებისგან სხვადასხვა ობიექტური მიზეზის, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება გათავისუფლდეს.
EDU.ARIS.GE-მ ნახა რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი, რომელშიც მათ შორის განსაზღვრულია, თუ როგორ ხდება, ჯანმრთელობის გამო, მოსწავლის ფორმის ტარებისგან გათავისუფლება.
აი, რა წერია სკოლების შინაგანაწესში:
ობიექტური გარემოებების გამო სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე სკოლაში გამოცხადება
1. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე სკოლაში გამოცხადების შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დამრიგებელი ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი მოსწავლის მშობლეთან/ კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის საფუძველზე, ადგენს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე მოსწავლის სკოლაში გამოცხადების მიზეზს.
2. დისციპლინური ღონისძიება არ გამოიყენება, თუ სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე სკოლაში გამოცხადება გამოწვეულია:
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ზომის მიუწოდებლობით;
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გაცვლის ან დაბრუნების მიმდინარე პროცედურით;
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დაზიანებით, დაკარგვით ან სხვა დროებითი ობიექტური გარემოებით;
-ჯანმრთელობის მდგომარეობით და ამასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის პერიოდით.
3. რომელიმე ასეთ შემთხვევაში მშობელი სკოლას წინასწარ აწვდის ინფორმაციას სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე მოსწავლის სკოლაში გამოცხადების ობიექტური მიზეზების შესახებ.
4. ასეთ შემთხვევებში მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს ჩაცმულობით (ე.წ. „ჩაცმის წესი“) რომელიც დამტკიცებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ძირითად ფერთა გამასა და საერთო ვიზუალურ იერსახესთან არის შესაბამისობაში.
ჯანმრთელობის გამო სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარებისგან გათავისუფლება
1. მოსწავლე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლის სამინისტროსთან წერილობით შეთანხმების საფუძველზე.
2. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, შეიძლება განისაზღვროს:
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ინდივიდუალური ადაპტაცია;
-კონკრეტული კომპონენტის ტარებისგან გათავისუფლება;
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარებისგან დროებითი ან სრული გათავისუფლება.
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი კომპონენტის განსხვავებული ქსოვილისგან დამზადებული ვარიანტის გამოყენება;
-სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი კომპონენტის განსხვავებული ჭრით, ზომით ან კონსტრუქციით დამზადება;
-საყელოს, ნაკერის, ეტიკეტის, ღილის, ელვის ან სხვა შესაკრავის შეცვლა ან მოცილება;
-სხვა ინდივიდუალური ადაპტაცია, რომელიც აუცილებელია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
3. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარებისაგან მოსწავლის გათავისუფლებასთან (ნაწილობრივი ან სრული) დაკავშირებით განცხადების მიღებიდან, სამინისტროსთან შეთანხმების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლე დროებით დაუშვას ჯანმრთელობის საჭიროებასთან თავსებადი სამოსით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, მოსწავლე გამოცხადდეს გონივრულად მისადაგებული ჩაცმულობით, რომელიც შესაბამისობაშია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ფერთა გამასა და საერთო ვიზუალურ იერსახესთან სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
4. მოსწავლის ჯანმრთელობის, დიაგნოზისა და გათავისუფლების მიზეზის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. მასწავლებელს ეცნობება მხოლოდ:
- რომ მოსწავლე გათავისუფლებულია ან იყენებს ადაპტირებულ სამოსს;
- რა ტიპის სამოსია მისთვის დაშვებული;
- გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
5. კლასის დამრიგებელსა და საგნის მასწავლებელს არ უნდა გადაეცეს მოსწავლის სამედიცინო ცნობა ან დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს.
6. განსხვავებული ქსოვილისგან ან განსხვავებული ჭრით დამზადებული ადაპტირებული სასკოლო ფორმის ტანსაცმელი, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა ინარჩუნებდეს დამტკიცებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ძირითად ფერთა გამასა და საერთო ვიზუალურ იერსახეს.
7. ადაპტირებული სასკოლო ფორმის ტანსაცმელი ან ალტერნატიული სამოსი არ უნდა იქცეს მოსწავლის სხვა მოსწავლეებისგან დამამცირებელი ფორმით გამორჩევის საფუძვლად.
მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხის შეთანხმების წესი ასეთია:
1. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხის სკოლაში განხილვის საფუძველია – საჯარო სკოლისადმი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის შესაბამისი განცხადება (წერილობითი მიმართვა), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო დაწესებულების (ექიმ-სპეციალისტი, რომლის კომპეტენციასაც მიეკუთვნება კონკრეტული დიაგნოზის პაციენტების მართვა) მიერ გაცემული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV–100/ა). ამასთან, აღნიშნული ცნობის მე-9 პუნქტში მითითებული უნდა იყოს ძირითადი და თანმხლები დაავადებები, ხოლო მე-17 პუნქტში, რომელიც მოიცავს სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებს, ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად, მითითებული უნდა იყოს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმისგან მოსწავლის გათავისუფლების დეტალური რეკომენდაცია (ვადის მითითებით).
2. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან მოსწავლის გათავისუფლების თაობაზე, წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, რეგისტრირდება საჯარო სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღის განმავლობაში გადაეცემა საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ მიზნობრივ, მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს (შემდგომ – სამუშაო ჯგუფი).
3. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან მოსწავლის გათავისუფლების თაობაზე, სამუშაო ჯგუფი იხილავს სკოლაში მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. სამუშაო ჯგუფის წევრი ვალდებულია:
ა) დაამუშაოს მხოლოდ საკითხის განხილვისა და შესაბამისი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ინფორმაცია;
ბ) უზრუნველყოს მოსწავლის პერსონალური, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალურობა;
გ) განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში არ მიიღოს საკითხის განხილვაში მონაწილეობა.
5. სამუშაო ჯგუფმა მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოიწვიოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
6. მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი ასაკის, განვითარების დონისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მოსაზრების მოსმენა და სათანადო გათვალისწინება.
7. სამუშაო ჯგუფი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსწავლის საკითხის შესათანხმებლად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის (შემდგომში „სამინისტრო“) მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის მისაღებად, აფასებს:
ა) საკმარისია თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
ბ) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რომელ ელემენტს – პიჯაკს, შარვალს, ქვედაბოლოს ან მის რომელ მახასიათებელს უკავშირდება მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
გ) შესაძლებელია თუ არა საკითხის გადაწყვეტა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ან მისი ცალკეული ელემენტის ადაპტირებული სამოსით ჩანაცვლებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა განსხვავებული ქსოვილის, ჭრის ან სხვა მახასიათებლის მქონე, ვიზუალურად სასკოლო ფორმის ტანსაცმელთან მიახლოებული სამოსის გამოყენება;
ე) აუცილებელია თუ არა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან დროებითი ან ხანგრძლივი გათავისუფლება;
ვ) დროებითი ღონისძიების შემთხვევაში, რა ვადით არის მიზანშეწონილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროა თუ არა მისი განმეორებით შეფასება;
ზ) სხვა საკითხებს, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსწავლის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმისგან გათავისუფლებასთან.
8. სამუშაო ჯგუფის შეფასება ეფუძნება წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტს და მიმართულია იმის განსაზღვრისკენ, თუ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის შესაძლებლობაზე და რა სახის გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი.
9. თუ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში არ არის სრულყოფილად ასახული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, სამუშაო ჯგუფი განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს საკითხის გადასაწყვეტად, დამატებითი ან დაზუსტებული სამედიცინო დოკუმენტის წარმოდგენის საჭიროების შესახებ, რისთვისაც განუსაზღვრავს 3 სამუშაო დღის ვადას.
10. საკითხის განხილვისა და განხორციელებული შეფასების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი განცხადების განხილვის დასრულების დღესვე, საჯარო სკოლის დირექტორს წარუდგენს საკითხის შესათანხმებლად სამინისტროსთვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე სარეკომენდაციო დასკვნას, რომელშიც აისახება:
ა) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გავლენა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმაზე;
ბ) განხილული ადაპტაციის შესაძლებლობები;
გ) სამუშაო ჯგუფის მიერ მიზანშეწონილად მიჩნეული ღონისძიების სახე;
დ) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმისგან მოსწავლის გათავისუფლების რეკომენდებული ვადა და განმეორებითი შეფასების საჭიროება.
11. სამუშაო ჯგუფის სარეკომენდაციო დასკვნის საფუძველზე, მისი გაზიარების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი, აღნიშნული დასკვნის მიღებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის შეთანხმების მიზნით, წერილობით მიმართავს სამინისტროს.
12. თუ სამუშაო ჯგუფის სარეკომენდაციო დასკვნით მიზანშეწონილია პირდაპირ ეთქვას დასაბუთებული უარი მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისაგან განთავისუფლებაზე და აღნიშნულ რეკომენდაციას ეთანხმება დირექტორი, მას უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის სამინისტროსთან შემდგომი შეთანხმების გარეშე, გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეცნობება განმცხადებელს – მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
13. სკოლის დირექტორის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შემოიფარგლოს კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი მოცულობით და მიმართვას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში წარდგენილი განცხადება;
ბ) სამუშაო ჯგუფის სარეკომენდაციო დასკვნა;
გ) სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული შეზღუდვისა და რეკომენდებული ღონისძიების შესახებ;
ე) სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია – მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით, თუ იგი აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად.
14. სამინისტროს წერილობითი თანხმობის ან თანხმობაზე უარის მიღების შემდეგ, სკოლის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც როგორც წესი მიეთითება:
ა) მოსწავლის სახელი, გვარი, საჯარო სკოლის დასახელება, კლასი;
ბ) მოსწავლის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლების სახე, ვადა ან/და დაშვებული ადაპტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რომელი ელემენტის – პიჯაკის, შარვლის ან ქვედაბოლოს ჩაცმა რჩება სავალდებულო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ადაპტირებული სამოსის გამოყენების შემთხვევაში – მისი მახასიათებლები, რომელთა განსაზღვრაც აუცილებელია გადაწყვეტილების შესასრულებლად;
ე) გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, თუ გადაწყვეტილება დროებითია;
ვ) განმეორებითი შეფასების საჭიროება და ვადა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) აქტის გასაჩივრების წესი და ვადა.
15. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
16. სამინისტროს მიერ წერილობით თანხმობაზე უარის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის სასკოლო ფორმის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე უარის შესახებ, რომელსაც აცნობებს განმცხადებელს – მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. აღნიშნული აქტი უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას, მისი მიღების საფუძველსა და გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
17. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სკოლაში სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან მოსწავლის გათავისუფლების თაობაზე სკოლის დირექტორის ინდივიადუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს გონივრულად მისადაგებული ჩაცმულობით, რომელიც შესაბამისობაშია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ფერთა გამასა და საერთო ვიზუალურ იერსახესთან სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
ასევე იხილეთ:
დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ
-
„პოლიგლოტში“ TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდის მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები