GE

როდის მიიღებენ II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს? – „საგანმანათლებლო რესურსები“ აგვისტოში გამოცხადებულ რეალიზაციის ვადებს უარყოფს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო II – VI კლასებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციას ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავდა, თუმცა დღეს, 12 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რომ ფორმები ჯერ ჩინეთიდანაც არ არის ჩამოტანილი და შესაბამისად, სად და რა თარიღიდან შეიძენენ მოსწავლეების მშობლები ფორმებს, გაურკვეველი რჩება.

2026 წლის 7 აგვისტოს განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” აცხადებდა, რომ: “სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: I ეტაპი – 25 აგვისტო; II ეტაპი – 15 ოქტომბერი; III ეტაპი – 30 ნოემბერი.

პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება”.

დღეს კი “საგანმანათლებლო რესურსები” ვერც იმაზე გვპასუხობს, არის თუ არა ფორმები საქართველოში და ვერც იმას გვიზუსტებს, რომ შემოტანა 15 ოქტომბრისთვის მოესწრება. მათი პასუხი ჩვენს ამ კითხვებზე დუმილია, ხოლო რაც შეეხება რეალიზაციის ნაწილს, რომელიც დღემდე არსებული გეგმის თანახმად, ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, ჩვენთან საუბარში ამას საერთოდ უარყოფენ და ამბობენ, რომ აი ეს განცხადება მათ გვერდზე არ წერია.

არსებული ვითარება იმის მაჩვენებელია, რომ დიდი ალბათობით, მეორე-მეექვსე კლასებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების როგორც საქართველოში შემოტანა, ისე მათი რეალიზაციაც დროში გადაიწევს, თუმცა როგორც განათლების სამინისტროს შპს-ში გვარწმუნებენ, ინფორმაცია წინასწარ აუცილებლად გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ

შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური