„ვარ თუ არა კარგი მასწავლებელი?!“ – პასუხი სასწავლო წლის ბოლოს და მეთოდი თვითრეფლექსიისათვის
„პედაგოგმა საკუთარი მუშაობის შედეგი მოსწავლეთა მიღწევებით უნდა გადაამოწმოს. ვასწავლი მუსიკას და თუ რამდენად ნაყოფიერი წელი მქონდა, ამას უკვე მრავალი წელია, კონკრეტული მეთოდით ვამოწმებ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს თბილისის 143-ე და 142-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა არზიანი მოუთხრობს.
20-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებელი იმ მეთოდსა და კრიტერიუმებს გვიზიარებს, რომლებითაც თავად ცდილობს გადაამოწმოს, რამდენად პროდუქტიული წელი ჰქონდა როგორც პედაგოგს.
„საქმეს, რომელსაც ხელი მოვკიდეთ – მასწავლებლობა, არ არის მარტივი. უნდა შევძლოთ პატიება, სიყვარული, მოთმინება. დიდთან დიდი უნდა ვიყოთ და პატარასთან პატარა. უნდა შეგვეძლოს მოსწავლის გაგება, თანგრძნობა და რასაკვირველია, მისთვის ჩვენს ხელთ არსებული ცოდნის გადაცემა. სასწავლო წლის ბოლოს, თვითრეფლექსიისთვის, ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, წერილობით თუ ზეპირსიტყვიერად ვსვამ კითხვებს, როგორც საკუთარ თავთან, ისე კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთანაც“, – გვიხსნის პედაგოგი.
პედაგოგს ვკითხეთ, რა არის მისთვის საზომი იმის სათქმელად, რომ დარწმუნდეს – “ნამდვილად კარგი წელი მქონდა, კარგი მასწავლებელი ვარ”:
„ჩემი მოსწავლის აკადემიური მოსწრება და თვითშეფასება, ის თუ რამდენად სოციალიზებული და შემოქმედებითი გახდა ის, რამდენად კრიტიკულად შეუძლია აზროვნება, რამდენად არის ჰუმანური და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, რა ისწავლა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად ჩემს საგანში. საბოლოოდ, ამით ვხვდები: „ვარ თუ არა კარგი მასწავლებელი ?!“. ეს კი ყველაზე კარგად ჩანს არა მოსწავლის საკლასო თუ საშინაო დავალებებში, არამედ იმ საფინალო ღონისძიებებში, რომლებსაც წლის ბოლოს ვგეგმავთ, რადგან ამ დროს ჩვენი სამუშაო წლის ნამოღვაწარი დღის სინათლეზე გამოდის“, – გვითხრა თეა არზიანმა.
გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება, თქვენ რა კრიტერიუმებით აფასებთ არის თუ არა პედაგოგი კარგი მასწავლებელი?
ასევე იხილეთ:
როცა ტყუპებს ასწავლი – აი, რა დარიგებას აძლევს გამოცდილი პედაგოგი კოლეგებსა და მშობლებს