ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ქცევის წესებში რიგი ცვლილება და დაზუსტებები შეიტანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჯერ კიდევ 2015 წლის გამოცდების მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტების საფუძველზე მიიღო. მაშინ მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, რომ წესებში კონკრეტიკა ისევ აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე შევიდოდა.
„გვქონდა შემთხვევები, რომელიც ზოგადად წერია წესში და არც მოგვსლია აზრად, რომ დაგვეკონკრეტებინა. მომავალში აუცილებლად დაკონკრეტდება, რომ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ უნდა გამოცხადდეს მთვრალ მდგომარეობაში, (ნასვამზე არ არის საუბარი). თურმე, აუცილებლად ჩასაწერია, რომ აბიტურიენტი არ უნდა იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. არ უნდა იქიონის ნარკოტიკული საშუალებები თან, ყოველ წელს გარკვეულ გამოცდილებას ვიძენთ. მე პირადად, მომხრე ვარ, რომ ეს წესები კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოვწეროთ. ბევრ დეტალს დავაზსუტებთ,”- განაცხადა მიმინიოშვილმა.
Aris.ge-განათლება გთავაზობთ აბიტურიენტის მიერ გამოცდის მიმდინარეობისას გასათვალისწინებელი წესების განახებულ ნუსხას:
- აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ – რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
- რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო); აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთებისა;
- აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან შემდეგი მიზეზებით:
- ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, აიპადის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
- წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებელი აბიტურიენტებს გააცნობს წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:
- აბიტურიენტები უნდა დასხდნენ რეგისტრაციისას მითითებულ სამუშაო მაგიდასთან;
- მერხზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სპეციალური კალმის (გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ), პასუხების ფურცლისა და ე. წ. სამუშაო ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა)დადება შეიძლება – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი, პლასტმასის ბოთლით, შეუძლიათ დადონ იატაკზე).
- პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;
- ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
- პასუხების ფურცელზე დამკვირვებლის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
- ტესტზე მუშაობა იწყება სექტორში პასუხების ფურცლების დარიგების შემდეგ (პასუხების ფურცლებზე დაიკვრება შტრიხკოდები). ამის თაობაზე გაცნობებთ დამკვირვებელი;
- საჭიროების შემთხვევაში დამკვირვებელს მიმართეთ ხელის აწევით.
გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
- დაზიანებულია;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
- პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
- პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
- გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
- ერთმანეთის დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
- ჩამოთვლილი წესების დარღვევისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;
გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად შეიზღუდება საგამოცდო პროცესის დროს სექტორის დატოვება ნებისმიერი, მათ შორის, საპირფარეშოში გასვლის მიზნით – აუცილებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი სექტორს დატოვებს მხოლოდ ექიმისა და საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწის თანხლებით.
დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები;
თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, ხელის აწევით მიმართავთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ პასუხების ფურცელს. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ
საგამოცდო სექტორს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;
აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგამოცდო პროცედურით დადგენილი წესი, მას უფლება აქვს იმავე დღის 21:00 საათამდე შეიტანოს განცხადება იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ჩააბარა კონკრეტული გამოცდა.
ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – პროცედურები
წელს აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები და მისი მიღების წესი იცვლება
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე