გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
27 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა სამშვიდობო განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მშვიდობის კულტურის დამკვიდრებასა და სამშვიდობო განათლების პოპულარიზაციაში განსაკუთრებულ მისიას ასრულებს.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელმაც საკუთარ ვრცელ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ინიციატივაზე, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამშვიდობო სწავლების ცენტრების დაფუძნება. მან აღნიშნა, რომ ინიციატივა ეფუძნება სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას, რომელიც გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას, საზოგადოების კონსოლიდაციასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას სამშვიდობო პროცესებში.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ბატონი მიხეილ ფავლენიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბატონი თამაზ ბესტაევი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფ. მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფ. მერაბ ბერიძე.
მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებული სამშვიდობო სწავლების ცენტრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ცენტრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს.
დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამცხე-ჯავახეთის აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ წევრი სტუდენტების პრეზენტაციებს, რომლებმაც საკუთარ გამოსვლებში წარმოადგინეს მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, მათ შორის – კონფლიქტების ტრანსფორმაციის თანამედროვე მიდგომები, დიალოგისა და მედიაციის მნიშვნელობა, ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანოიბის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თანამშრომელი, ქალბატონი შორენა ახალაია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე გორის, სამცხე-ჯავახეთისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის კვირეული გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი