GE

აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაციები ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა აბიტურიენტების კითხვებს დასასრული არ უჩანს. გამოცდების მოლოდინში მყოფი აპლიკანტები და მათი მშობლები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომ რეგისტრაციაც და ფაკულტეტებისა თუ უნივერსიტეტების არჩევანის გაკეთება ყოველგვარი გათვლების გარეშე, “თითქმის ბრმა არჩევანით” უწევთ, რაც მათი თქმით, სხვა წლების აბიტურიენტებთან მიმართებით “არათანაბარ და უსამართლო პირობებში აყენებთ”:

“ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სამწლიან პროგრამას ვირჩევთ თუ ოთხწლიანს, რადგან გამოცდების ცენტრი ვერ გვისახელებს დროს, როდის ჩაიწერება აბიტურიენტის ცნობარში საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია. უნივერსიტეტები კი გვეუბნებიან, რომ უნდა მოვითმინოთ და მარტო ჩვენ არ ვართ ამ გაურკვევლობაში! ეს უსამართლო გარემოსთან ერთად, ჩვენი დაცინვაც არის, განა რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა?!”, – ამბობს ნ. თარხნიშვილი, აბიტურიენტის დედა.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტრო, კონკრეტულად მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს ვერ ეხმარება იმის გარკვევაში, როგორ ამოიცნონ ცნობარში პროგრამის ხანგრძლივობა და განათლების მინისტრის ბრძანებაზე მიგვითითებს, სადაც პროგრამების კრედიტების ოდენობაა განსაზღვრული:

20 თებერვლის ბრძანება;
23 მარტის ბრძანება;

EDU.ARIS.GE-მ განათლების სპეციალისტებს მიმართა იმ ჩამონათვალის შესადგენად, თუ რა არ იციან ამ დრომდე 2026 წლის აბიტურიენტებმა და რატომ უშლით მათ ეს ხელს თავდაჯერებულ რეგისტრაციაში.

განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია რამდენიმე პრობლემას გვისახელებს.

“მთავარი რაც არ არის ცნობილი აბიტურიენტებისთვის, არის ის, თუ რა ხანგრძლივობისაა ის აკადემიური პროგრამები, რომელზე ჩაბარებაც შეუძლიათ. პროგრამებს შორის ზოგი სამ, ზოგი კი ოთხწლიანია. ამ ინფორმაციის გარეშე მათ საკუთარი სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ.

მეორე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც რეალურად აკლიათ არის ის, თუ რას წარმოადგენს ის კვალიფიკაციები, რომელსაც დღეს მათ არსებული პროგრამები სთავაზობენ. მაგალითად, როდესაც წერია, რომ სტუდენტი დაამთავრებს კვალიფიკაციით “ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ქართულ ფილოლოგიაში” ხოლო მეორეგან “ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი” რა სხვაობა იქნება მათ კვალიფიკაციებში, ექნებათ თუ არა სხვადასხვა უფლება, მაგალითად რომ დასაქმდნენ მასწავლებლებად.

ცალკე პრობლემაა, რომ არავინ იცის, იქნება თუ არა ეს პროგრამები აკრედიტებული, შეინარჩუნებს თუ არა ეს უნივერსიტეტები ამ პროგრამებს შემდეგი წლების განმავლობაში, რადგან არის რისკი, რომ შემცირებული მიღების, არასტაბილური გარემოს, დაფინანსების სისტემის არევის გამო, შეიძლება უნივერსიტეტებს შუა გზაში მოუწიოთ პროგრამების დახურვა.

პრობლემაა ისიც, რომ ადგილების მნიშვნელოვანი შემცირების პირობებში, განსაკუთრებით რეგიონულ უნივერსიტეტებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აბიტურიენტებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, წლევანდელი სავარაუდო კონკურსები წინა წლებისას შეადარონ. თუ მათ წინა წლების მონაცემებს მათი რეპეტიტორები აწვდიდნენ, ან ის ხალხი, ვინც უკეთ ერკვევა სისტემაში, წელს ისტორიული მონაცემები ნაკლებად გამოადგებათ, რადგან არჩევანი უნივერსიტეტებს შორის შეიზღუდა და ეს ახლებურ საკონკურსო შეჯიბრს გულისხმობს”.

აბიტურიენტების მხრიდან ბრმა არჩევანის გაკეთებაზე საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, მანანა რატიანიც, რომლის თქმითაც, აბიტურიენტი წელს ირჩევს სპეციალობებს, ადრე კი ირჩევდა ფაკულტეტებს, რაც მას საშუალებას აძლევდა, რომ გაევლო შესავალი კურსები და მიეღო გადაწყვეტილება, რამდენად აინტერესებდა გარკვეული სპეციალობა. წელს კი მას მოუწევს ბრმა არჩევანის გაკეთება, რადგან პროფესიული ორიენტაცია სკოლებში არ არსებობს.

“განაწილებაა პრობლემური. მოიკლო თბილისში ადგილების რაოდენობამ და გაიზარდა ქუთაისში. თუ მეგობრები ერთად გეგმავდნენ თბილისში ბინის ქირაობას, შეიძლება, რომელიმეს ქუთაისში წასვლა მოუწიოს და ოჯახებს მათი შენახვა ბევრად ძვირი დაუჯდებათ. სტუდენტების უმრავლესობა მუშაობს, რომ ოჯახებს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქონ, აბიტურიენტობა და სტუდენტობა მათ ძვირი უჯდებათ, ხოლო სტუდენტების სამუშაო ადგილები ქუთაისში ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება ახალგაზრდებისთვის.

ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის აბსურდულობიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება, თბილისში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოხაზონ ანალოგიური პროგრამები. თუკი კერძო უნივერსიტეტს შემოხაზავს, იქ საგრძნობლად მომატებული გადასახადები დახვდება. ამის მიზეზი კი შემცირებული პროგრამების ხანგრძლივობაა და სამინისტროს მიერ გაცხადებული სიახლე, რომ კვოტებს ყოველწლიურად დაადგენს. ადრე აკრედიტაცია 7-წლიანი იყო და შესაბამისად, უნივერსიტეტებს გრძელვადიანი გათვლების შესაძლებლობას აძლევდა. არასტაბილურობამ გაძვირებაში თავისი როლი შეასრულა”, – გვიხსნის მანანა რატიანი.

არაერთი დილემისა თუ უპასუხო კითხვის წინაშე მხოლოდ აბიტურიენტები არ დგანან, მაგალითად სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორ და რა პრინციპით დაფინანსდებიან უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, იმ რეალობაში როცა სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო გახდა.

ასევე იხილეთ:

იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური