„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
სისტემაში მყოფი მასწავლებლები გამოცდებიდან-გამოცდებამდე! – ასე შეიძლება შეფასდეს ის ვითარება, რომელშიც ზაფხულის გამოცდების წინ კომპეტენცია დადასტურებული მასწავლებლები აღმოჩნდნენ. არადა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ წლევანდელ ზაფხულის გამოცდებზე ერთდროულად სამი საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ.
რეალობა კი ასეთია: როგორც EDU.ARIS.GE უკვე წერდა, 2026 წლის სექტემბრიდან, მასწავლებლის ახალი სახელფასო ფორმულის თანახმად, პედაგოგის სტატუსი ანაზღაურებაზე რეალურ ასახვას ჰპოვებს მხოლოდ იმ საათებზე, რომლებიც შეესაბამება მასწავლებლის მიერ დადასტურებულ საგანსა და საფეხურს. სხვა საათები კი საბაზისო განაკვეთით ანაზღაურდება, ანუ არ იქნება გაზრდილი. ეს კი ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს სრული ანაზღაურების მიღება სურს 2026-2027 სასწავლო წლიდან, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდები როგორც დაწყებითი, ისე საბაზო/საშუალო საფეხურის საგნებში, საიდანაც მას საათები აქვს. დიახ, სწორედ ამიტომ მიეცათ 2026 წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება, რომ ერთდროულად სამ საგანზე დარეგისტრირდნენ.
აი, რა წერია შესაბამისი ბრძანების ცვლილებებში: იხილეთ 22 მუხლის 1 პუნქტი
ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩენილი სისტემაში მყოფი, უკვე სერტიფიცირებული პედაგოგები თავიანთ განაწყენებასა და პრეტენზიას მათსავე პროფესიულ წრეებში გამოხატავენ, საიდანაც ვიგებთ, რომ სრული ანაზღააურების მიღებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა იმ პედაგოგებსაც კი შეექმნათ, ვინც უკვე საპენსიო ასაკშია და სკოლის დატოვებას გეგმავს:
– “რამდენი მასწავლებელი ვიცი ჩემ გვერდით, რომ ჯანმრთელობა დაკარგა ამ გამოცდებით. რამდენი შეეწირა კიდევ. აღარ გრცხვენიათ? გამოცდის სტრესი ადვილია? – ანადგურებს ადამიანს. 34 წელია დავბერდი მასწავლებლად და ეხლა კიდევ გამოცდაზე უნდა გამომცადოთ? სადაცაა მუშაობა უნდა დავასრულო, პენსიონერი აღარ ვიმუშავებ! სასაცილოა თუ სატირალი, ვერ ვიგებ, ცოტა იაზროვნოს, ვინც ამეებს გამოაჭენებს ხოლმე”.
ახალი სახელფასო ფორმულის ამ დათქმას პედაგოგების ნაწილი სამინისტროს მხრიდან ფულის დაზოგვის მცდელობით ხსნის:
– “დაგვღალეს ამ უაზრო რეფორმებითა და კანონებით… გააუფასურეს ყველაფერი და დაუკარგეს სახელი ყველაფერს! მე პირადად ჯავახიშვილის ქიმიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და მინიჭებული ქიმიკოსის, ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია… საბუნებისმეტყველო გამოცდა გავიარე და მაშინ რომ დავრეკე სამინისტროში მიპასუხეს არაფერი გემუქრებათო და ამიტომაც არც მოვინდომე ქიმიის ჩაბარება, თან უფლება მქონდა, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი გავმხდარიყავი და ახლა რა მოხდა? გაუგებარია ამათი რეფორმა! ეს რეფორმა კი არა, თანხის დაზოგვააა და საინტერესოა, ამ დაზოგილ თანხას რას, ან ვის მოახმარენ, სხვა არაფერია ამაში ჩადებული!”
– “პედაგოგიური განათლება მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის. თუ დიპლომი აქვს შესაბამისი მას რაღა გამოცდა უნდა?! პერიოდულად უნდა ხდებოდეს საგნობრივი სიახლეების გაცნობა, ტრენინგი, ცოდნის ამაღლების კურსი… და ეს სახელმწიფოს ხარჯზე”.
მასწავლებლები არ დაობენ იმაზე, რომ საგანი ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, თუმცა ამის დამადასტურებელი მათ მიერ მიღებული დიპლომები უნდა იყოს, ასევე პერიოდულად განვლილი ტრენინგ-კურსები და არა გაუთავებელი გამოცდები, მუდმივად კომპეტენციის დადასტურების პროცესში ყოფნა:
„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
– “მასწავლებელმა უნდა იცოდეს საგანი, აქ ორი აზრი არ არის.
ამის დასადასტურებლად საკმარისი უნდა იყოს სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებლების მიერ გაცემული შესაბამისი დიპლომი!
წინააღმდეგ შემთხვევაში რა ფუნქცია აქვს დიპლომს..?!
და იმ წლებს, რა დროც მოახმარა პედაგოგმა იქ სწავლას და უამრავი გამოცდის ჩაბარებას…?!
ე.ი. არ ენდობით სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებლებს, მოატყუეს ის ადამიანები, ვინც მართლა ისწავლა, დრო და ენერგია გაიღო ამისთვის…
და მიიღი შესაბამისი კომპეტენციის დიპლომი..!
დიპლომში რომ უწერია, “სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია”,
ეს რატომ უნდა გაუუქმონ..?!
და წლების შემდეგ, როცა სისტემაში მუშაობს რამდენინე ათეული წელი, როცა გაითვალისწინა სახელმწიფო “შემდგომი” არაერთი მოთხოვნა და ჩააბარა 10-10 კრედიტზე ბიოლოგია VII -XII და ბუნებისმეტყველება I -VI და რადგან ქიმიაც (რომლის კომპეტენცია დადასტურებული და მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო კომისიის მიერ) ერთი ჯგუფის საგანი იყო და აღარ იყო საჭირო მისი კიდევ ჩაბარება, ახლა სამინისტო სთხოვს, რომ გამოცდით კიდევ დაადასტუროს…
არ ითვალისწინებს, რომ პედაგოგი ადამიანია და სკოლის გარდა აქვს უამრავი ოჯახური თუ ცხოვრებისეული საჭიროება, ჯანმრთელობის პრობლემა..
და გამოცდის სტრესით მის ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს…!!!
და, თუ ვერ ჩააბარა სისტემაში ტოვებს დასტრესილს, ნერვებდაწყვეტილს, დამცირებულს და ნებას რთავს, ასწავლოს ბავშვებს “საგანი”..!!!
სადაა აქ საღი აზრი…??!!!
სისტემაში მყოფმა პედაგოგებმა გამოცდა კი არა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები უნდა გაიარონ პერიოდელად პროფესიონალიზმის გასაზრდელად, პედაგოგებს მოტივაცია უნდა გაუზარდონ გონივრული, მოტივაციის მიმცემი მოთხოვნებით და არა გამოცდის ჩაბარების მოთხოვნით და ხელფასის დაკლების მუქარით..!!!
პედაგოგიურმა სასწავლებლებმა კი მაღალი დონის სპეციალისტები უნდა გამოუშვან…!!! ისე, რომ მათ აღარ სჭირდებოდეთ გამოცდების ჩაბარება და მათ მიერ მინიჭებული დიპლომების ეჭვის ქვეშ დაყენება..!!!
გამოცდის ჩაბარება არაა გარანტია ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარების.
ხარისხიანი გაკვეთილის ჩასატარებლად საჭიროა დამშვიდებული, მოტივირებული და დაფასებული პედაგოგი…!“.
ასევე იხილეთ:
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია 2026
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება

