GE

ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი ილიაუნიში საჯარო ლექციებს წაიკითხავს

1-3 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ქრისტიან კიორნერი. ვიზიტის მიზანია სამაგისტრო სალექციო კურსის – „გლობალურიცვლილებების ეკოლოგიური პერსპექტივები“ – ფარგლებში, საჯარო ლექციების წაკითხვა.

ილიაუნის ინფორმაციით, ლექციების თემატიკა იქნება:
აქტუალური ეკოლოგიური პრობლემების (კლიმატის გლობალური ცვლილება, მიწათსარგებლობის ცვლილება, ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ზემოქმედება და სხვ.) ფონზე, პროფესორი ქრისტიან კიორნერი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლიმიტირება და სტრესი ეკოლოგიაში, ფუნქციური ბიოგეოგრაფია, ნახშირბადის ციკლი და ნახშირბადის მარაგი, ბიომრავალფეროვნების ფუნქციური მნიშვნელობა და სხვ.

განრიგი:

1-ლი ივნისი – 12:00 საათი;
2 ივნისი – 11:00-13:00 და 15:00–17:00 საათი;
3 ივნისი – 11:00-13:00 და 15:00–17:00 საათი.

ლექციები ჩატარდება E 336 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პროფ. ქ. კიორნერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული მეცნიერია ეკოლოგიის სფეროში. ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა, არის რამდენიმე აკადემიის და საერთაშორისო სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელი; ასევე – რამდენიმე საერთაშორისო პერიოდული გამოცემის რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი.

პროფ. ქ. კიორნერი, თითქმის 40 წელია, აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან: 2006-2012 წლებში მონაწილეობდა საერთო სამეცნიერო პროექტებში; გამოქვეყნებულია და ქვეყნდება ერთობლივი შრომები; არის უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალის „Caucasus Biodiversity“ რედკოლეგიის წევრი; მისი მხარდაჭერით, ქართულად ითარგმნა და 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოიცა წიგნი „Alpine Plant Life: Functional Plant Ecology of High Mountain Ecosystems“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური