უნიკალური, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ილიაუნიში – ატმოსფერო და ახლო კოსმოსის მეცნიერებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველებს სთავაზობს უნიკალურ, ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამას ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების მიმართულებით.
პროგრამა ინგლისურენოვანია. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა აქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს. საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა საქართველოში უფასოა. მათ შესაძლებლობა აქვთ გაცვლითი სემესტრი დაუფინანსდეთ ერასმუსის საგრანტო პროექტით. კლერმონის ოვერნის უნივერისტეტი უკვე გამოყოფს სტიპენდიას, ასევე გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით შესაძლებელია შემუშავდეს სქემა სტუდენტების დაფინანსების მოსაპოვებლად.
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების მიმართულებით პირველი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაა საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა კლერმონის ოვერნის უნივესიტეტთან (საფრანგეთი) და იოჰანეს გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით შეიქმნა.
აღნიშნული პროგრამის ჩამოყალიბებასა და სწავლებაში ჩართულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, რომელთაც საერთაშორისო კვლევის თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და დარგის წამყვანი პროფესიონალები.
ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამის შესახებ საუბრობენ ილიაუნის პროფესორები: გოდერძი დიდებულიძე და მაია თოდუა.
– ბატონო გოდერძი, როგორ შეიქმნა ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა?
– სამაგისტრო პროგრამა ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებებში არის ხუთწლიანი საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან წარმატებული პროდუქტი, რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, კლერმონის ოვერნის უნივერსიტეტსა და იოჰანეს გუტერბერგის მაინცის უნივერსიტეტთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. პროგრამა, რომელსაც კავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია, უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი ატმოსფეროს მეცნიერებებში. 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა მეორე მემორანდუმს, ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევების საერთაშორისო სამაგისიტრო პროგრამის მიმართულებით, რომელიც არეგულირებს მიღების, გაცვლითი პროგრამის და ორმაგი ხარისხის მინიჭების პროცედურებს კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან ამ პროგრამას.
– რა პროცედურა უნდა გაიაროს დაინტერესებულმა პირმა აღნიშნულ პროგრამაზე მოსახვედრად?
– ჩვენ ვიწვევთ ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ღრმად შეისწავლოს ატმოსფეროსა და იონოსფეროში სხვადასხვა ჰელიოგეოფიზიკურ პირობებში მიმდინარე პროცესები, ასევე დაეუფლონ ამ პროცესების მოდელირებასა და პროგნოზირებას. სწავლის დასაწყებად საჭიროა ძლიერი მოტივაცია, ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონეზე, ასევე ცოდნა მათემატიკის, ფიზიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
საქართველოს სტუდენტებისთვის ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა საქართველოში უფასოა. კლერმონ ოვერნის უნივერისტეტი გამოყოფს სტიპენდიას, გერმანიის მხრესთან ერთად ვცდილობთ სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება ერასმუსის საგრანტო პროექტის ფარგლებში.
– ქალბატონო მაია, რატომ არის საინტერესო თანამედროვე ადამიანისთვის ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის მეცნიერებების შესწავლა?
– ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ტექნოლოგიებსა და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ხდება მათში და პროგნოზების გაკეთება შევძლოთ.
– რამდენად მოთხოვნადია ამ მიმართულების კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმება?
– ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. საქართველოში ამ დარგის სპეციალისტები საჭიროა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა გარემოს ეროვნული სააგენტო, საქაერონავიგაცია, მეტეოროლოგიური და სხვა სამსახურები, რომლებიც აკვირდებიან ატმოსფერულ პარამეტრებს. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში არის ამ დარგის კვლევითი ცენტრები. დღეს აქტუალურია კლიმატის ცვლილებასთან დაკავირებული მოვლენების შესწავლა და მონიტორინგი, რისი შესაბამისი სამსახურებიც არსებობს მსოფლიოს მასშტაბით. კერძო კომპანიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ნავიგაცია ასევე ითხოვენ ამ დარგების სპეციალისტებს. ასე რომ, სფეროში სპეციალისტების საჭიროება იზრდება. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ კვლევა გააგრძელონ აკადემიურ სფეროში და მიიღონ დოქტორის ხარისხი.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი