GE

გორის უნივერსიტეტმა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის კონგრესში მიიღო მონაწილეობა

2009 წელს დაფუძნდა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაცია, რომელიც ყოველი წლის მაისში მართავს სამეცნიერო კონგრესს. ასოციაციას ხელძღვანელობს თურქეთის ქალაქ არდაგანის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი რამაზან ქორქმაზი. 2016 წლის 18-22 მაისს მეექვსე კონგრესს უმასპინძლა უზბეკეთის დედაქალაქმა ბიშკეკმა, სადაც ფუნქციონირებს მანასის სახელობის უზბეკურ-თურქული უნივერსიტეტი. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის უნივერსიტეტებმა.

კონგრესის მთავარი თემა იყო განათლების სისტემის პრობლემები და აბრეშუმის ისტორიული დიდი გზის აღდგენაში მონაწილე ქვეყნების როლი. კონგრესის მუშაობაში საქართველოდან მონაწილეობდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი შალვა კირთაძე, გორის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდნენ: თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი იექტა სარაჩი, მანასის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სებაჰათთინ ბალაჯი, კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რამაზან ქორქმაზი,საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი აბელ მუარემოვი, ირანის ისლამური რესპუბლიკის თავრიზის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი რეზა ფოურ მუჰამმადი, გირნეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სუათ გურსელი, ყაზახეთის საერთაშორისო თურქული აკადემიის თავმჯდომრე პროფესორი დარჰან კიდირალი.

კონგრესზე მოხსენება წაიკითხა ასოც. პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა: ,,საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის მთავარ გზაჯვარედინზე”, კონგრესის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა იექტა სარაჯმა შეხვედრა გამართა საქართველოს დელეგაციასთან, საუბარი შეეხო ქართული დიპლომების თურქეთში აღიარების საკითხს.

კონგრესის მუშაობის დასრულების შემდეგ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მემორანდუმები გააფორმა ირანის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური