GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

კავკასიიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას (IMBA)  მასპინძლობს. კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ტარდება და მისი მთავარი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით პოლონეთის, წამყვანი უნივერსიტეტების  პროფესორების უცხოელი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო კავშირების გაძლიერება. ამგვარი კონფერენცია ჩატარდა: ესპანეთში, ყაზახეთში, მოლდავეთში.

unnamed (1)წელს  IMBA კონფერენციას საქართველო, თბილისი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან:  კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი; მენეჯმენტის საერთაშორისო ფონდი; პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციისა და მართვის კომიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო).

კონფერენცია 7 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა და მას პოლონეთიდან 49 პროფესორი სტუმრობს. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ აღნიშნა, კონფერენციის თემაა ბიზნესი და ზოგადად, დესტაბილიზაციის პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში.

„დესტაბილიზაცია გვაწუხებს არამარტო ჩვენ,  არამედ პოლონეთსაც და ევროპასაც. ამ თემებს განიხილავენ ერთობლივად დღეს ჩვენი და პოლონელი პროფესორები. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენთან ტარდება ასეთი მასშტაბური კონფერენცია, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ეს მომავალში ჩვენი პოლონეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების წინაპირობაა. ჩვენ დღესაც გვაქვს  პოლონეთთან გაცვლითი პროგრამები. სტუდენტებს ყოველ სემესტრულად ვაგზავნით იქ. ამ კონფერენციის შემდეგ, ვფიქრობ, უნივერსიტეტების ის წრე, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს მიიღებენ, უფრო გაფართოვდება და ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

unnamed (2)IMBA -ს დირექტორმა და პოლონეთში ცნობილმა დოქტორმა პიოტრ ბულამ აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და მათთვის არამარტო აქ ჩამოსვლა იყო მნიშვნელოვანი, არამედ შეხვედრა უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

„ბევრი ვიფიქრეთ, სად ჩაგვეტარებინა ეს კონფერენცია. ჩენი ბოლო კონფერენცია  ყაზახეთსა და უკრაინაში გაიმართა.

სამი წელია, ვაკვირდებით ამ რეგიონებს და გვინდა, აქ ჩვენი კონტაქტები უფრო განვავრცოთ და გავამყაროთ. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია.

კულტურულად ძალიან ახლოსაა საქართველო და პოლონეთი ერთმანეთთან. ისტორიულადაც ყოველთვის ერთნაირად ვიბრძოდით თავისუფლებისთვის. საქართველოში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პოლონეთში – 38 მილიონი. 10-ჯერ უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ღირებულებებია“, – გვითხრა პიოტრ ბულამ.

unnamed (4)ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო გამოცდილებების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა კონფერენციის მონაწილე პროფესორმა იანუშ ტეჩკამაც.

„ვიმედოვნებ, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ქართულ და პოლონურ მხარეს შორის სამეცნიერო მიმართულებით არსებობს, გაღრმავდება და ქართული მხარე იმ გამოცდილებას გაიზიარებს, რაც აქვს პოლონურს.  პრესკონფერენციაზე ასევე   ქართველი პროფესორებისგანაც ველოდები გამოცდილების გაზიარებას“, – აღნიშნა პროფესორმა ტეჩკამ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა განაცხადა, საბოლოო ჯამში, ამ კონფერენციის შედეგი ბიზნესის შესახებ სწავლების გაუმჯობესება უნდა იყოს.

unnamed (3)„დღევანდელ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების სწავლების დონე გაცილებით მაღლა აიწიოს. საქართველოს მნიშვნელობა ნელ-ნელა ამ მიმართულებით იზრდება. მათ უნდოდათ, წამყვანი არაევროპული ქვეყნის უნივერსიტეტი შეერჩიათ.

ჩატარდა გამოკითხვები და ამ გამოკითხვების შედეგად გაიმარჯვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. იმიტომ შეაჩერეს ჩვენზე არჩევანი, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან სწრაფად იზრდება.  მეორეს მხრივ, ჩვენიდან მონაწილეობენ ისეთი პროფესორები, რომლებიც აღიარებულნი არიან ევროპასა და მსოფლიოში. ევროკავშირის 49 წამყვანი პროფესორი ჩამოვიდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩვენი მხრიდან მონაწილეობს 10 პროფესორი. ჩვენი ქვეყანაა დღეს მასპინძელი ამ დიდი სამეცნიერო ზეიმის. უკვე გამოიცა კონფერენციის 2 წიგნი, რომლის მონაწილეები ქართველი პროფესორებიც არიან. მთავარი გამომცემლები არიან პრფესორი ბულა, პროფესორი ტეჩკე, მე და ჩვენი მეგობრები“, – აღნიშნა კახაბერ ჯაყელმა.

კონფერენცია, რომელიც კვლევებისა და იდეების საშუალებით საერთაშორისო კოოპერაციის გაღრმავების საუკეთესო გზაა მთელს მსოფლიოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი დღე გაგრძელდება.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური