წერილი პრემიერ-მინისტრს და 15 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ხელმომწერები
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართა, სადაც 15 არგუმენტი მოჰყავთ, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა და რა არსებითი ხარვეზებია მასში.
როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 18 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის წევრმა განუცხადა, ასეთი წერილით პედაგოგებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს და ასევე სახალხო დამცველსაც.
წერილს ირაკლი კობახიძისადმი უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო ირაკლი,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 19 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების, N 108/ნ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“, თანახმად გამოქვეყნებულმა სახელფასო პოლიტიკამ მასწავლებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით.
მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ნიუანსები, რომლებიც ფორმულის ავტორებს გამორჩათ და მათი გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროში, რომელშიც დაანონსებული იყო ახალი სახელფასო ფორმულის შემუშავება. პედაგოგთა კორპუსთან შეხვედრისა და დისკუსიისას გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:
1. მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საათების დეფიციტის ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურების მატება უპრეცედენტო ვერ იქნება, რადგან სახელფასო ფორმულით ხელფასის გაზრდა მხოლოდ საათების რაოდენობას უკავშირდება;
2. დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სახელმწიფოს მოთხოვნით, ჩაბარებული აქვთ კომბინირებული გამოცდა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ამ საათების კვირეული ჯამი კი 13-14 საათი გახლავთ. სკოლების უმტეს ნაწილში დაწყებითი კლასების მასწავლებლები მხოლოდ ამ საგნებს ასწავლიან, შესაბამისად, მათი სრული დატვირთვა აღნიშნული რაოდენობის საათებით განისაზღვრება. სწორედ ამ ფაქტორისა და დაწყებითი კლასების ურთულესი სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მართებული იქნება მათთვის სრულ დატვირთვად განისაზღვროს 13 საათი და მიეცეთ სრული განაკვეთის შესაბამისი საათობრივი ანაზღაურება და დანამატები. სკოლების ნაწილში კი დაწყებითი კლასების პედაგოგები ასწავლიან სხვა საგნებსაც (მე და საზოგადოება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი ) შესაბამისი საგნობრივი სპეციალისტების დეფიციტის გამო, ან/და დირექციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ახალი წესით დაუანგარიშდეთ დაუდასტურებელი საგნები, უწევთ, დამატებით ჩააბარონ კიდევ რამდენიმე გამოცდა საათების შესავსებად.
3. დაწყებითი კლასების პედაგოგებს ახალი წესით დაანგარიშება არ შეეხოთ ჭადრაკის სწავლების შემთვევაშიც. ამ საგნის სწავლების უფლების მოსაპოვებლად მათ გაიარეს ტრენინგები და აიღეს საგნის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ამ საგანში არ ჩატარებულა გამოცდა (ისევე როგორც საგან მე და საზოგადოებაში) შესაბამისად, პედაგოგებიც ვერ დაადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას. ახალი სახელფასო ფორმულით, მათ არ ეთვლებათ აღნიშნული საგანი დადასტურებულად და ხელფასი დაუდასტურებელი საათების ღირებულებით განისაზღვრა. პრობლემა საჭიროებს შესწავლას და სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას.
4. არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)) არ არსებობს მათს მშობლიურ ენაზე. შესაბამისად, თუ არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს საგნის გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება უნდა, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს და არა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა და ლიტერატურა…). სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარო ის საგანი, რომელსაც არ ასწავლი, არამარტო რთულია, არამედ არალოგიკურიც და დისკრიმინაციულიც. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება არ შეუძლიათ და არც ხელფასი მოემატებათ ახალი სახელფასო ფორმულით, რაც, ვფიქრობთ, უსამართლობაა.
5. ასევე სავალალოა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მეორე უცხოური ენის პედაგოგთა ბედი, რადგან მცირეკონტინგენტიან სკოლებში მათი დატვირთვა ვერ აღწევს 15 საათამდე.
6. სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით. ახალმა სახელფასო ფორმულამ კი სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში. ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა. ან, თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200 ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია.
7. გარდა მორალური ზიანისა, დაწყებითების, საბუნებისმეტყველო, მეორე უცხოური ენისა და სხვ. წამყვან-მენტორ მასწავლებლებს მატერიალური ზარალიც მიაყენა ახალმა სახელფასო ფორმულამ: თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლების ანაზღაურება 125 ლარით უნდა გაზრდილიყო (ხელზე ასაღები 100 ლარი), 2025 წლის იანვრამდე, ერთი წლის განმავლობაში, მასწავლებელს 1200 ლარი უნდა მომატებოდა. ახალი ფორმულით კი იანვრამდე 157X6=942 ლარს მიიღებენ. 2025 წლიდან ეს ზარალი მზარდია და ორი წლის შემდეგ საერთოდ გაუგებარია ანაზღაურების შემცირების პერსპექტივა.
8. ასევე მნიშვნელოვანია მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინება. სისტემაში მრავლად გვყავს 1 და 4 კრედიტიანი მასწავლებლები, რომელთაც სახელმწიფომ უფროსის სტატუსი მიანიჭა და სახელფასო მატება შეეხოთ, მაგრამ ასევე გვყავს საგნობრივ კომპეტენცია დადასტურებული პედაგოგები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში გვყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო სკოლამ ვერ გაათავისუფლა ისინი და მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის სტატუსით ატარებენ გაკვეთილებს. მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით საერთოდ არ ეხებათ საბაზო ანაზღაურების მატება. ეს იმ ფონზე, როცა გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, ხოლო მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების საფასური ძველი ტარიფით განისაზღვრა, რაც პედაგოგის შრომას აუფასურებს. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა დისკრიმინაციულია.
9. სახელფასო ფორმულა არ ითვალისწინებს კლასის დამრიგებლის ხელფასის მატებას. კლასის დამრიგებლის პოზიცია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, შესაბამისად, ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ შრომას.
10. ახალი სახელფასო ფორმულით სპეც. მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და არ აღემატება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამის თანხას, კერძოდ, სპეც. მასწავლებელს, შესაძლოა, მოეთხოვოს კვირაში 25 საათიანი დატვირთვა, თუმცა მისი ანაზღაურება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამისია. მაგალითად, ამა თუ იმ საგნის მასწავლებლისთვის 25 საათიანი სამუშაო დატვირთვის ანაზღაურება 2350 ლარია, ხოლო ანალოგიური დატვირთვის მქონე სპეც. მასწავლებლის ხელფასი 1344-1790 ლარით განისაზღვრება.
11. ახალი სახელფასო დოკუმენტით დაზარალდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში. მცირეკონტინგენტიან სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი მხოლოდ 7-8 საათს ატარებს, საათობრივი სარგოს 210-240 ლარის 672-778 ლარამდე გაზრდა ვერ უზრუნველყოფს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატის შემცირების კომპენსირებას.
12. ვინაიდან ფორმულით მასწავლებელთა სახელფასო ზრდა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს: ა) მასწავლებელთა დაპირისპირება საათების გადანაწილების პროცესში; ბ) გაკვეთილების ხარისხის დაწევა, რაც გამოწვეული იქნება დიდი რაოდენობით საათობრივი დატვირთვით; გ) არაფორმალური განათლების უგულებელყოფა; დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სურვილის დაქვეითება; ე) პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების შეფერხება.
13. სახელფასო პოლიტიკით მე-15 საათის ღირებულება განისაზღვრება 206 ლარით, ხოლო 15 საათის შემდეგ იკლებს საათის ანაზღაურება. გაუგებარია, რას ეყრდნობა მე-15 საათის განსხვავებული ტარიფი ან შემდგომ კლება.
14. სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ხარისხის დანამატი 15 საათის შემთხვევაში სრული სახით გაიცემა და ნაკლების შემთხვევაში – პროპორციული წესით. გამოდის, რომ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერი გამოცდილება და ხარისხი ეჭვქვეშ დგება.
15. მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 150 ლარით განისაზღვრება, ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში იკლებს პროპორციულად, რაც გაუმართლებელია.
ზემოთ განხილული პუნქტების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას;
ბ) უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვროს მათი შრომისა და მიღწეული კვალიფიკაციის შესაბამისად. აღდგეს სტატუსის დანამატის არსებული ოდენობა, რაც პედაგოგებისთვის არის პროფესიული კვალიფიკაციის თანამდებობრივი სარგო, შრომის დაფასება და თითოეული პედაგოგისთვის კარიერულ საფეხურზე წინსვლის მოტივაცია;
გ) საბაზო ხელფასის მატება შეეხოს მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს;
დ) დაწყებითი კლასების პედაგოგებს, რომელთაც მოეთხოვებოდათ მხოლოდ კომბინირებული გამოცდის (ქართულის, მათემატიკისა და ბუნების) ჩაბარება, საათობრივ ბადეში III-IV კლასებში მხოლოდ 13 საათი უფიქსირდებათ, ხოლო I-II კლასებში – 14 საათი. სამართლიანი იქნება აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 18 საათიანი დატვირთვის ღირებულებამდე გაზრდა;
ე) გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ანაზღაურება;
ვ) ახალ სახელფასო დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნას მცირესაათიანი საგნები: მოქალაქეობა, უცხოური ენები, კომპიუტერული ტექნოლოგიები;
ზ) მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის პედაგოგთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, მიუხედავად საათობრივი დატვირთვისა, განისაზღვროს 150 ლარით.
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პედაგოგების უმრავლესობის სახელით გთხოვთ, სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან. იმედი გვაქვს, გულისხმიერად მოეკიდებით ჩვენს თხოვნას.
პატივისცემით, საქართველოს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება