GE

„გარემოს გადარჩენით ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავთ“ – რას ამბობს აბიტურიენტი, რომელმაც ექიმობას ეკოლოგობა არჩია

“ბიოლოგია ძირითად მესამე საგნად ჩავაბარე, ეკოლოგიაზე ვაბარებ. ბევრი ფიქრობს, რომ არ არის ბიჭის პროფესია, მაგრამ ეს სტერეოტიპია, ბიჭებს ვურჩევ, აირჩიონ ის პროფესია, რომელიც თავად სურთ”, – უთხრა 19 ივლისს EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტმა, ნიკოლოზ ლომთათიძემ, ბიოლოგიის გამოცდის დასრულების შემდეგ.

ნიკოლოზი გვიყვება, რომ წლევანდელი ტესტით იმ აბიტურიენტებს უფრო გაუმართლათ, რომლებიც სამედიცინო მიმართულებას არ ირჩევენ. თუ რატომ ფიქრობს ასე, დეტალურად გვიხსნის:

“ანატომია არის ტესტის ერთ-ერთი და მთავარი თემა, კითხვები ამ თემიდან ძალიან მცირე იყო. სისხლსა და ფილტვებზე კითხვები არ ყოფილა, ციტოლოგიიდან იყო კითხვები, შარშანდელისგან განსხვავებით, უფრო მეტი კითხვა იყო გენეტიკიდან, გენეტიკა კი შედარებით მარტივი საკითხია და ყველას უნდა შეხვდეს, განსხვავებით ანატომიისგან. მოკლედ, არასამედიცინო მიმართულების ბავშვებს გაგვიმართლა”, – ამბობს ნიკოლოზი.

თუ რატომ გადაწყვიტა ეკოლოგიის არჩევა, 2024 წლის აბიტურიენტს ასეთი არგუმენტი აქვს:

“ჩვენს ქვეყანაში უამრავი ეკოლოგიური პრობლემაა, ყველგან, საქართველოს ყველა რეგიონში და, შესაბამისად, ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ეკოლოგია ავირჩიე და არა, მაგალითად, სამედიცინო მიმართულება. ეკოლოგები გარემოს ვარჩენთ, ექიმის პროფესიას ეს ძალიან ჰგავს და არანაკლებ მნიშვნელივანი მგონია. მეც, ექიმების მსგავსად, მინდა, ჩემს ქვეყანაზე ვიზრუნო და ჩემი ხალხის ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, გარემოს გადარჩენით ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავთ”, – გვითხრა მომავალმა ეკოლოგმა.

ბიოლოგიის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ინფორმაციით, მათ დღეს შავი ფურცლები იმაზე მეტი გამოიყენეს, ვიდრე ნებისმიერ გამოცდაზე, მიზეზად კი გვიხსნიან, რომ ამ საგანს მომავალი ექიმები და გარემოს დამცველები აბარებენ და მათ არ უნდოდათ დაეშვათ შეცდომები, ისინი ხომ მომავალში საპასუხისმგებლო პროფესიების წარმომადგენლები იქნებიან.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური