„სკოლის სტანდარტი არ ითხოვს იმას, რასაც საგამოცდო სტანდარტი“ – აბიტურიენტების მშობლები მისაღები გამოცდების სასურველ ფორმატზე
„სკოლასა და გამოცდებს შორის აცდენაა” – ასე შეიძლება გადმოიცეს მოკლე შინაარსი სტატიისა, რომელიც უმაღლესში მისაღები გამოცდების მშობლებისთვის სასურველი ფორმატის ძიებასა და მათი თვალით დანახული რეალობის, ხარვეზების, პრობლემებისა და სირთულეების წარმოჩენას ემსახურება. არაერთი გამოკითხული მშობლის პოზიციას თუ შევაჯერებთ, მთავარი რჩევაც, სურვილიცა და მოთხოვნაც განათლების სამინისტროსადმი, მოსწავლის უმაღლესში წარმატებული ტრანზიციისთვის, სასკოლო სწავლებისა და საგამოცდო მოთხოვნების ერთმანეთთან დაახლოებაა. სულერთია ეს სასკოლო გამოცდების დანიშვნის გზით, მოხერხდება, თუ მასწავლებლებისთვის წაყენებული, მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული მოთხოვნებით, რაც დღეს პირიქით არის – მასწავლებელს სკოლაში სხვა რამეს სთხოვენ, მოსწავლეს უმაღლესში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე – სხვას.
უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ფორმატი რომ შესაცვლელია, ამაზე სპეციალისტები უკვე წლებია საუბრობენ. მიუთითებენ, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავისი საქმე შეასრულა, დრო მოჭამა და ყავლიც გაუვიდა. არაერთი მათგანი უნივერსიტეტებში მიღების იმ ფორმატს განიხილავს, რომელიც ამერიკულ და ევროპულ სასწავლებლებში კარგად აპრობირებულია და რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა სკოლებში მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და მიღწევებს ენიჭება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რომ მისაღები გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა დაწყებული აქვს, ეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, თუმცა ხელშესახები ცნობა, რაზე მუშაობს უწყება, ამ დრომდე არ არსებობს.
EDU.ARIS.GE ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა სავარაუდო ცვლილებებზე რაიმე შეიტყოს და ინფორმაცია მკითხველსაც მიაწოდოს. სწორედ ამიტომ, მინისტრს ეს კითხვა 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დღესაც დავუსვით. მან გვიპასუხა, რომ სისტემაში რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით მიდის, მათ შორის, ეროვნული შეფასების კუთხით, თუმცა ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა და უახლოეს წლებში გამოცდებთან დაკავშირებით არაფერს უნდა ველოდოთ.
„პარალელურ რეჟიმში, მომდევნო წლებში, დაიწყება პილოტირება და მხოლოდ პილოტის შედეგების მიხედვით გვეცოდინება, თუ როდის რა ცვლილება იქნება შესაძლებელი, თუმცა ახლო წლებში მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება”, – განგვიცხადა გიორგი ამილახვარმა.
EDU.ARIS.GE თემაზე აბიტურიენტების მშობლების აზრით დაინტერესდა. ვეცადეთ, საგამოცდო ცენტრებთან მომლოდინე გულშემატკივრებისგან გაგვეგო, რამდენად მისაღებია მათთვის გამოცდების არსებული ფორმატი, რის დახვეწას ისურვებდნენ, როგორ წარმოუდგენიათ სკოლის როლი ამ პროცესში და რა არის ის ცვლილებები, რაც მათი აზრით სისტემას სჭირდება.
გამოკითხულ მშობლებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მისაღები გამოცდების ფორმატში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ და ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეროვნული გამოცდები ჯერ კიდევ ასრულებს მთავარ მისიას. თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად აცხადებს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი არის ის ყველაზე უტყუარი საზომი, რაც სკოლასა და მისაღებ გამოცდებს შორის არსებული უფსკრულის სიღრმეს ზომავს და სააშკარაოზე გამოაქვს. ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ მშობელი, რომელიც ნორმად მიიჩნევს იმას, რომ სკოლის პარალელურად მოსწავლეებს კერძო გაკვეთილები სჭირდებათ, რათა სტუდენტები გახდნენ.
ქალბატონი, რომელსაც 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ, სკოლებში გამოცდების აღდგენის მომხრეა. მიიჩნევს, რომ ასე ბავშვები გამოცდებს მიეჩვევიან და ფორმატიც აღარ იქნება მათთვის უცხო. საგამოცდო მასალა კი, მისი აზრით, სასკოლო პროგრამასთან მჭიდრო კავშირსა და შესაბამისობაში უნდა იყოს – „ახლა აცდენაა“, – დასძენს იგი.
„სკოლა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც ცენტრი გამოცდებზე ბავშვებს უყენებს. სკოლის სტანდარტი არ ითხოვს იმას, რასაც საგამოცდო სტანდარტი ითხოვს. ეს აჩენს რეპეტიტორის საჭიროებასაც. სავარაუდოდ, სკოლის მასწავლებელს არ აქვს იმის დრო, რომ ამ უნარების განვითარებაზე იმუშაოს. სკოლის სტანდარტი მას სხვა რამეს ავალებს და სთხოვს. როცა საგამოცდო და სკოლის სტანდარტები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვა, ჩემი აზრით, რეპეტიტორიც აღარ იქნება საჭირო. ორივე მოდელი თანხვედრაში უნდა იყოს, სკოლაც და გამოცდებიც ერთმანეთს უნდა მოერგონ. მთავარია ეს პრინციპი იქნას დაცული – მჭიდრო თანამშრომლობა სკოლასა და საგამოცდო ცენტრს შორის.
„სასურველი იქნებოდა, მისაღებ გამოცდაზე აკადემიურ მოსწრებას, სკოლის ნიშნებსაც ჰქონდეს მნიშვნელობა. ასევე, აქტიურობას, პროექტებს, ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული. ბავშვები უფრო მობილიზებულები იქნებიან და ყველა საგანს ისწავლიან. ახლა მხოლოდ საგამოცდო საგნებს სწავლობენ, საერთო განათლების დონე კი დაბალია. არადა, სკოლა ხომ ბავშვს ზოგად განათლებას უნდა აძლევდეს, რათა ცხოვრებაში ყველა მიმართულებით შეძლოს გზის გაკვლევა. ზოგადი განათლების სისტემა, ამ კუთხით უნდა გადაიხედოს“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ანი ბურდულია, რომელიც გამოცდებზე დის საგულშემატკივროდ მივიდა, ინტერვიუს ყური მოკრა და თემაზე აზრის დაფიქსირების სურვილი გამოთქვა. „ჩემი აზრით, გამოცდები საერთოდ არ პასუხობს იმას, რასაც სკოლაში გვასწავლიან“, – ამ ფრაზით დაიწყო მან ჩვენთან საუბარი და აქვე დასძინა, რომ მან ეს ყველაფერი სულ ახლახან, 4 წლის წინ გაიარა, შესაბამისად, საკუთარი და გარშემომყოფების გამოცდილება ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს.
მისი თქმით, მოსწავლეები სკოლებში არ წერენ ისეთ დავალებებს, ტესტებს რასაც უმაღლესში მისაღებად ითხოვენ. ამიტომ, მიიჩნევს, რომ სკოლა ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდებისთვის ვერ ამზადებს.
„მაგალითად, ქართულში არასოდეს დაგვიწერია ტექსტის რედაქტირება. ასევე არ ვწერთ იმ ესეებს, რაც თეზისიდან გამომდინარეობს და მსჯელობაზეა აგებული. სკოლა უფრო საზეპიროზე იყო ორიენტირებული- „ჩამაბარე!“ გამოცდებზე კი ანალიზს გთხოვენ. ყოფილა შემთხვევა, როცა აზრს აფიქსირებ, მასწავლებელი გაჩუმებს და თავის აზრს გახვევს თავზე – რომ ასე კი არა, ასე უნდა ფიქრობდე. გაკვეთილებზე მსჯელობა და შენი აზრის დაფიქსირება არ იყო მიღებული. გამოცდებზე პირიქითაა – გიმოწმებენ იმას, თუ როგორ მსჯელობ.
„მთელი ცხოვრება მეგონა, რომ მათემატიკა მეზიზღებოდა, სანამ რეპეტიტორთან არ მივედი და არ აღმოვაჩინე, რომ მაგარი საგანი ყოფილა. მან სულ სხვანაირად დამანახა. სკოლის მასწავლებლებმაც, ალბათ, ეს უნდა მოინდომონ – ბავშვს საგანი სხვანაირად დაანახონ და მეტი იმუშაონ იმ ფორმატზე, რაც ეროვნულ გამოცდებზეა. რა ფორმატის გამოცდაც არ უნდა დანიშნო, წინაპირობა თუ არ გაქვს შექმნილი, ცვლილებას აზრი არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდამდე მისასვლელი გზა, გამოცდას ეხმიანებოდეს. რამდენჯერაც შეცვლი ფორმატს, იმდენჯერ უნდა მოერგო. ახლა სკოლასა და გამოცდებს შორის წყვეტაა, აცდენა. როცა გამოცდაზე აკეთებინებენ იმას, რაც სკოლაში არ გაუკეთებიათ, ეს ბავშვებს ანერვიულებთ,“ – ამბობს ანა.
ბოლო წლები, მითუმეტეს კი მე-12 კლასი, სკოლაში უშუალოდ გამოცდებისთვის მზადებას უნდა მიეძღვნას ჩვენი მომდევნო რესპონდენტის აზრითაც, რომელმაც ასევე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. აქვე აკონკრეტებს, რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ყველა საგანი, თუმცა, მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული იმ დავალებებზე, იმ ფორმატზე, რაც გამოცდაზე დახვდებათ. მისი აზრით, ახლა ასე არ ხდება და ამის დასტური სიმბოლურად ქცეული მეთორმეტე კლასია, რომელშიც მოსწავლეები თითქმის არ დადიან და მთელ წელს რეპეტიტორებთან მეცადინეობას უთმობენ – „ხომ შეიძლება სკოლამ გაუკეთოს თავის მოსწავლეებს ის, რასაც რეპეტიტორები აკეთებენ?!“- აცხადებს ქალბატონი.
რაც შეეხება საგამოცდო სისტემის ახალ მოდელს, მისი აზრით, მასზე გადასვლას დიდი დრო დასჭირდება და თან, გარკვეულ საშიშროებებს წარმოშობს.
„საშუალო განათლების დონე უნდა განისაზღვროს ისეთ სიმაღლედ, რომ მოსწავლე მზად იყოს საუნივერსიტეტო განათლების უნარ-ჩვევებისთვის. ამას კერძო სკოლები მეტ-ნაკლებად ახერხებენ, მაგრამ საჯარო სკოლა, სადაც ნაკლებია ცოდნის მიწოდება-მოთხოვნის, ასევე, პრეზენტაციებსა და პროექტებზე მუშაობის ვალდებულება, ნაკლებად შეძლებს. აქედან გამომდინარე, მშობელს მოუწევს ბავშვის მომზადება არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საგნებში, რასაც მიმდინარე სისტემის მიხედვით აბარებს, არამედ სკოლის ყველა საგანში. და კიდევ, არსებობს რისკი, ისეთი მანკიერი მხარის წარმოქმნისა, როგორიცაა ნიშნებით ვაჭრობა“, – მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი
ირმა ჯამელაშვილი, აბიტურიენტის მშობელი: „ძალიან კარგია, რომ სკოლის ქულებს ყურადღებას არ აქცევენ. სკოლაში ყოველთვის არის ბავშვების კატეგორია, რომელიც სწავლობს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო კარგი ქულა არ აქვს. ჯობია, ასე შემოწმდეს მათი ცოდნა. თუ საჯარო სკოლებში უკეთესი სწავლება იქნება და ყველა ბავშვისთვის ის ნიშანი დაიწერება, რაც ეკუთვნის, მაშინ კი ბატონო, მაგრამ შეფასების ახლანდელი სისტემა მთლად ობიექტური არ არის. ჯობია სკოლის ნიშნებს ყურადღება არ მიაქციონ და გამოცდა ისე გაიარონ. ცოდნა ასე უფრო გამოჩნდება. თუმცა, იმ მასალას შორის, რაც სკოლაში ისწავლება და იმ მასალას შორის, რასაც გამოცდებზე ითხოვენ, აცდენაა. ჩემი შვილი არაფერში მომიმზადებია, თავისით მეცადინეობდა, დამატებით. ანუ, სკოლაში მიცემული ცოდნა საკმარისი მაინც არაა. ყველას მასწავლებელი ჰყავს და ყველა დამატებით მეცადინეობს. ამიტომ, სკოლის მასალა საგამოცდო მასალასთან უნდა დაახლოვდეს და უკეთ იქნას მიწოდებული. მეთორმეტე კლასში საერთოდ არ უვლიათ, სიმბოლური იყო. ყველა რეპეტიტორებთან დადიოდა. რატომ უნდა იყოს ასე? სკოლაში თუ მიაწვდი ცოდნას და გამოცდებზე იმავეს მოსთხოვ, რატომღა გააცდენს? ყველა მშობელს ხომ არ აქვს რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება?!“
ნინო ქურასბედიანი, აბიტურიენტის მშობელი: „არ იქნება სწორი სკოლის ნიშნებსა და შედეგებს ექცეოდეს ყურადღება მისაღები გამოცდების დროს, რადგან ყველაფრის მიუხედავად, სკოლებში დიდი მიკერძოებაა. თუკი ისეთი გამოცდები აღდგება, როგორიც CAT-ის გამოცდები იყო და შეფასება მასწავლებლისგან დამოუკიდებლად მოხდება, კი ბატონო, მაგრამ სხვა შემთხვევაში არ ვეთანხმები. ვერანაირად ვერ გააკონტროლებ რამდენად ობიექტურია მასწავლებლის შეფასება. ვიცი, რომ უცხოეთში ეს მოდელი მოქმედებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ცოტა რთულად წარმომიდგენია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ყველა ერთმანეთს მეზობელია. მითუმეტეს, რეგიონებში. ყველა ერთმანეთს იცნობს და თავიანთი მოსწავლეების მშობლებთან ახლო ურთიერთობები აქვთ. ნათესაური კავშირებიც კი.“
მშობელი 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: „თავის, დროზე, როცა ეს საგამოცდო მოდელი შემოვიდა, ნამდვილად დიდი ცვლილება იყო. ბევრ ახალგაზრდას უმაღლესში სწავლის შანსი სწორედ მისი წყალობით მიეცა. თუმცა ახლა, ჩემი აზრით, თანამედროვეობის მოთხოვნებს უკვე ვეღარ პასუხობს. პირველ რიგში იმ კუთხით, რომ არსებობიდან ამდენი წლის შემდეგაც კი ვერ შეძლო რეპეტიტორების ინსტიტუტის გაუქმება. წესით, დროთა განმავლობაში საგამოცდო მოდელი ისე უნდა დახვეწილიყო, ისე უნდა მორგებოდა სასკოლო პროგრამას, რომ კარგ მოსწავლეს, რომელიც 12 წელი მასწავლებელს მიჰყვება და კარგად სწავლობს, თავისუფლად შეეძლოს სკოლის ცოდნით პირდაპირ გამოცდაზე გასვლა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მაგრამ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე რეპეტიტორების რაოდენობა და საჭიროება კი არ მცირდება, არამედ იზრდება. ადრე თუ მხოლოდ ბოლო წელს ამზადებდნენ მშობლები შვილებს, ახლა უკვე მე-8, მე-9 კლასიდან იწყებენ. თავადაც პედაგოგი ვარ, მეც მყავს მოსწავლეები, რომელთაც კერძოდ ვამეცადინებ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვამბობ, რომ ეს არ არის კარგი. სკოლა უნდა უზრუნველმყოფდეს იმ ცოდნით, რასაც გამოცდაზე მთხოვენ“.
მშობელი 177-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: “ჩვენთვის, მშობლებისთვის, ამ გამოცდების მთავარი პრობლემა ფინანსური მხარეა. აბიტურიენტობა ძვირი ჯდება და რაც უფრო კარგი შედეგი გინდა დადოს შენმა შვილმა, მით უფრო მეტი ფული უნდა გადაიხადო. კი არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც არ ემზადებიან და მაინც კარგად აბარებენ, მაგრამ ასეთების რაოდენობა ხომ ცოტაა და ვერ განვაზოგადებთ. მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი სკოლებშიც ტარდებოდეს გამოცდები. სასკოლო გამოცდები აუცილებელი მგონია არა მხოლოდ მე-12 კლასში, არამედ მანამდეც. მერე კი, მისაღები გამოცდების მოდელი თუ შეიცვლება და სკოლის შედეგებს ყურადღება მიექცევა, სწორედ მაგ გამოცდების შედეგები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და არა მასწავლებლების მიერ დაწერილი. არც სასკოლო ნიშნები და არც სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა არაა ობიექტური და ცოტა მიჭირს წარმოდგენა როგორ უნდა მოხდეს ის, რომ სასკოლო შედეგები მისაღები გამოცდების დროს მხედველობაში იქნას მიღებული, თან ისე გამჭვირვალედ, რომ უსამართლობის შეგრძნება არავის დარჩეს. ამიტომ მგონია სასკოლო გამოცდები გამოსავალი, სადაც ბავშვების ცოდნა მარტო სამ კი არა, ყველა საგანში შემოწმდება“.
ამავე თემაზე:
„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება“ – გიორგი ამილახვარის ანგარიშს პარლამენტში უსმენენ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება