GE

არის საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება წარმატებით დასაქმების გარანტია? – რას ფიქრობენ მაგისტრობის მსურველები

„ვფიქრობ, ცოტა არეულია სიტუაცია და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა მოგიწევს, რომ ნორმალურ პირობებში, ნორმალური ანაზღაურება გქონდეს, თუმცა კვალიფიკაცია აუცილებელია“, – გვითხრა 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილე ნინო მიქელაძემ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების შემდეგ, წარმატებით დასაქმების შესაძლებლობებსა და კვალიფიკაციის მნიშვნელობაზე ვკითხეთ.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები EDU.ARIS.GE-სთან ჰყვებიან, რომ ქვეყანაში სამსახურის მოძიება კვლავ გამოწვევად რჩება და უმაღლესი განათლების მიღება სამსახურის დაწყების გარანტი არ არის.

„არანაირად არ ვთვლი, რომ საქართველოში მიღებული განათლება კარგად დასაქმების გარანტიას იძლევა. ჩემი პირადი გამოცდილებით, არცერთ სამსახურში დიპლომი არ მოუთხოვიათ, სადაც ვიყავი და დიდად ყურადღებაც არ გაუმახვილებიათ სად და როგორ დავამთავრე უნივერსიტეტი“, – ამბობს ნესტორ წითლიძე.

გამოცდიდან გამოსული ალექსანდრე თვალავაძე კი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება:

„ჩემი აზრით, გარანტია არც ერთ ქვეყანაში არ არის, მაგრამ საქართველოში, ჩემი და ჩემ გარშემო მყოფების გამოცდილებიდან, ალბათ, ყველაზე ნაკლებად. ვინც რა განხრით დაამთავრა, ისეთი ერთ-ორი ადამიანი თუ ვიცი, საკუთარი პროფესიით რომ დასაქმებულა. ყველა დანარჩენი თავისი, დამოუკიდებლად მიღებული ცოდნით დასაქმდა, ზოგი საერთოდ სხვა სფეროში წავიდა, მათ შორის მეც. ზოგს ურჩევნია, რომ ის საქმე აკეთოს, რაც უყვარს და დაბალი ხელფასი ჰქონდეს, ზოგს ურჩევნია, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს და ნაკლებად სასურველი საქმე აკეთოს. პირადად ჩემთვის კარგად დასაქმებაა მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტულ საქმეში კვალიფიკაცია“.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე კვალიფიკაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ წარმატებულად დასაქმება, ტესტირებიდან გამოსული ქეთევან ესაკია გვპასუხობს:

„ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სხვა რაღაცები წამოვიდა წინა პლანზე. მაგალითად, პროგრამისტებს საერთოდ არ სჭირდებათ, უმაღლესი განათლება ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავიანთი საქმე კარგად აკეთონ. ამიტომ, არ მგონია, რომ უმაღლესი განათლება იმის საფუძველი იქნება, რომ აპრიორი წარმატებულად დასაქმდები, კარგ სამსახურს იშოვი, ან ის კვალიფიკაცია გექნება, რასაც რეალურად მოითხოვს შენი საქმიანობა“.

მომავალი მაგისტრების თქმით, განათლება, რომელსაც დღეს საქართველოს უნივერსიტეტების დიდ უმრავლესობაში იღებ, არ არის საკმარისი და კარგად დასაქმებისთვის დამატებითი უნარების გამომუშავება გჭირდება.

„ბევრ უნივერსიტეტში არ არის კურსები, სწავლის პარალელურად. ზოგ უნივერსიტეტში საჭიროა სტაჟირების გავლა, შემდეგ კი დაგასაქმებენ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ადგილასაა. მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რიცხოვნობის გამო, მსგავსი პრაქტიკა იშვიათია. დიდი კონკურენცია და შედარებით პატარა შესაძლებლობებია“, – გვიხსნის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილე აბიტურიენტების ნაწილი კი განსხვავებულად ფიქრობს და გვიმტკიცებს, რომ საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლებით სასურველი სამსახურის მოძებნა და დასაქმება არც ისე რთულია. ამისთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტში კარგად სწავლობდე:

„ზოგადად, თუ განათლების მიღება გინდა, ნებისმიერ ადგილას მიიღებ. მე განათლება საქართველოში მივიღე, ჩემი განათლებით უკვე დავსაქმდი და ვინც უნივერსიტეტში კარგად სწავლობს, ვერავინ შემედავება იმაზე, რომ ვერ შოულობს კარგ სამსახურს. საქართველო გაძლევს ისეთ განათლებას, რომელიც აქ გასაქმებს“, – ამბობს მარიამ ქიტიაშვილი.

გიორგი იშხნელი: „ვფიქრობ, რომ თუ გინდა რამე წარმატებას მიაღწიო, ამას საქართველოშიც შეძლებ. საკმარისი განათლების მიღება შემდგომში შენი კარიერული წინსვლის წინაპირობა იქნება. განათლებას მომავალში ამყარებს პრაქტიკა და, ჩემი აზრით, პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია კარგად დასაქმებისთვის, მაგრამ ბაზისი უნდა ჰქონდეს ადამიანს სამომავლო განვითარებისთვის“.

მომავალი მაგისტრი ნინი გოცირიძე გვეუბნება, რომ საქართველოში მიღებული განათლება საკმარისია, თუმცა ფიქრობს, რომ უმჯობესია, განათლება უცხოეთშიც გვქონდეს მიღებული:
„აქ დასაქმება მაინც რთულია, თუმცა გააჩნია უნივერსიტეტსაც. კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის, ალბათ, უფრო მარტივია დასაქმება, ვიდრე მათთვის, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა.“

თქვენ რას ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: კვალიფიკაცია თუ წარმატებულად დასაქმება და რატომ?

ასევე იხილეთ:

კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირება დარიცხული 500 ლარი იქნება – რას ამბობს განათლების მინისტრი

ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური