GE

როგორ უზრუნველვყოთ ბავშვის უსაფრთხოება სკოლაში?

სკოლა არ არის ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი. მშობლებმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვონ უყურადღებოდ. ნებისმიერი ასაკის სკოლის მოსწავლემ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილოს ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე.

რა საფრთხეებს შეიცავს სკოლა?

ყველა აკრძალვის მიუხედავად, სკოლაში მაინც ბევრი ხალხია – სხვადასხვა ასაკის ბავშვი, უფროსები. კარგია, რომ დაწყებითი კლასები გამოყოფილია მაღალი კლასებისაგან, მაგრამ ეს დაყოფაც ბევრ სკოლაში პირობითია და უფროსკლასელებს თავისუფლად შეუძლიათ მოხვდნენ დაწყებითების ტერიტორიაზე. პატარებს ისინი ეჩვენებიან ზრდასრულ ბიძიებად და თუ რაიმეს სთავაზობენ, ან ემუქრებიან – რთულია წინააღმდეგობის გაწევა. თქვენ იტყვით, რომ ყველა კლასში არის მასწავლებელი, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლეებზე. დიახ, არის, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში, მოსწავლე უყურადღებოდ დარჩეს.

გარდა უფროსი ადამიანისგან პოტენციური საფრთხისა, ბავშვები თავადაც წარმოადგენენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის. პატარები ფეხს უდებენ ერთმანეთს, ხელს კრავენ, ეცემიან, იღებენ სხვადასხვა სახის ტრავმას. ფიზკულტურის გაკვეთილზე, თუკი პედაგოგი ახალგაზრდა და გამოუცდელია, შეიძლება რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს. ცუდად დამაგრებული ინვენტარი, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა…

სკოლაში ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ როგორც თანასკოლელები, ასევე მასწავლებლები.

რის შესახებ უნდა აფრთხილებდნენ მშობლები სკოლის მოსწავლეს?

მშობლებმა უნდა ასწავლონ საკუთარ შვილს ელემენტარული უსაფრთხოების წესები. ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი პუნქტები, მათ კიდევ შეიძლება დაემატოს რამდენიმე წესი თქვენი რეგიონისა და კონკრეტული სკოლის გათვალისწინებით.

  1. სკოლის გზაზე და უკან უნდა იაროს ჯგუფურად, მეგობრებთან ერთად, თუმცა უმჯობესი იქნება თავად გააცილოთ და გამოიყვანოთ ბავშვი სკოლიდან.
  2. არ შეიძლება მანქანაში უცნობ ხალხთან ჩაჯდომა (ნაცნობებსაც შეგიძლიათ მოარიდოთ – ნაცნობიც სხვადასხვაგვარი არსებობს).
  3. არ გაჩერდეს უცნობ ადამიანთან სასაუბროდ, მაშინაც კი, თუ იგი ბავშვს სახელით მიმართავს და ამბობს, რომ მშობლებისგან აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მობილური ტელეფონი სულ თან უნდა ჰქონდეს, თუ საჭირო გახდება მშობელი თავად დარეკავს.
  4. ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე არ ჩამორჩეს კლასს – შეიძლება დაიკარგოს ან კიდევ უარესი რამ დაემართოს.
  5. თუ თავს ცუდად გრძნობს, აუცილებლად უთხრას მასწავლებელს და თანაკლასელის თანხლებით წავიდეს სკოლის ექიმთან.
  6. მეგობრები უნდა შეარჩიოს ყურადღებით, საჩუქრის მიღება „უბრალოდ“ არ უნდა მოხდეს, მის სანაცვლოდ, შესაძლოა, მომავალში რაიმე მოითხოვონ.
  7. თუ ვინმე ბავშვს სთავაზობს ნარკოტიკს, სკოლაში მოაქვს იარაღი – უმჯობესია შეატყობინოს მშობელს, ისინი მოახერხებენ ამ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.
  8. თუ ვინმე ჩხუბობს – არ ეცადოს გაშველებას, დაუძახოს უფროსებს.
  9. თუ სკოლის ტუალეტში უფროსია, არ ღირს იქ შესვლა, ასევე, უმჯობესია, ამისთვის გამოიყენოს შესვენებები.
  10. ყურადღებით უნდა იყოს საკუთარ ნივთებთან. სკოლაში სოციალური თანასწორობა არ არის, ასე რომ, მობილური, რვეული, წიგნი შეიძლება სხვისი ინტერესი გახდეს.
  11. ბავშვს უნდა შეეძლოს გამოხატოს საკუთარი აზრი და არ მისცეს სხვას უფლება დაამციროს იგი. სხვა შემთხვევაში ის დაიჩაგრება.

მშობლები უნდა იყვნენ „გაშლილი ხელის მანძილზე“, ანუ არ უნდა გავარდეთ დასახმარებლად პირველივე წვრილმან პრობლემაზე. აუცილებელია მოისმინოთ არგუმენტები და მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ბავშვი თავად ითხოვს დახმარებას – ამ შემთხვევაში უნდა დაეხმაროთ სანამ გვიანი არ არის.

მშობლებს უნდა ჰქონდეთ საიმედო კავშირი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან. იცოდნენ, ვის რა საკითხზე შეიძლება მიმართონ. არ ღირს ფიქრი, რომ ბავშვის პრობლემები „თავისით მოგვარდება“, ისინი უნდა გაკონტროლდეს და გადაწყდეს უმოკლეს ვადაში.

და ყველაზე მთავარი – მშობელსა და შვილს შორის უნდა იყოს კარგი კონტაქტი, მაშინ უსიამოვნებების მოგვარება შესაძლებელი იქნება მათი აღმოცენებისთანავე.

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლის მშობელს

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური