სკოლის დირექტორთა შერჩევის ახალ წესზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს
როგორ უნდა ხდებოდეს საჯარო სკოლის დირექტორების შერჩევა?! დღეს არსებული მოდელი აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების საგანი არაერთხელ გამხდარა. შესაბამის კანონში ცვლილების ინიცირება საპარლამენტო უმცირესობამაც მოახდინა, თუმცა უშედეგოდ. კვორუმის არარსებობის გამო იდეა იდეად დარჩა. როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, არჩევის არსებული მოდელით კმაყოფილი არც თავად მინისტრია. დირექტორების შეფასებისა და შერჩევის ახალი მოდელის შექმნაზე კი, მაია მიმინოშვილის უწყება უკვე მუშაობს.
,,ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროს, ჩვენ მოვიპოვეთ მსოფლიო ბანკის გრანტი, რომელიც ძირითადად ეხებოდა მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესს – საკლასო დაკვირვების კომპონენტის შემოტანას. მარგველაშვილისვე თხოვნით, მეორე კომპონენტად ჩავრთეთ დირექტორების შერჩევა–შეფასების კომპონენტის დანერგვა და შექმნა. პირდაპირ გეტყვით, ჩვენი მთავარი მიზანია ამ სისტემის ჩამოყალიბება, ფორმის მიცემა და სამინისტროსთვის წარდგენა. გამოიყენებს თუ არა – ეს უკვე სამინისტროს გადასაწყვეტი იქნება,“– განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში მაია მიმინოშვილმა.
ნაეკის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ გამოწვევაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც ინფორმირებულია და აღნიშნულით მოხარულიც არის.
თუ როგორ უნდა ხდებოდეს საჯარაო სკოლის პირველი პირების არჩევა და რას უნდა მიექცეს ყურადღება მათი შეფასების პროცესში, ამაზე „ნაეკს“ ისრაელიდან ჩამოსული კონსულტანტები ეხმარებიან. მაია მიმინოშვილის თქმით, უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩოც.
,,ზოგად ჩარჩოზე ჩამოყალიბებული ვართ. გამოკვეთილი იქნება პოტენციური დირექტორების ბანკი, ვისაც აქვს დირექტორობის სურვილი და მიიღებენ მონაწილეობას შერჩევა-შეფასების პროცესში. პარალელურად, უნდა ჩამოვაყალიბოთ არსებული დირექტორების შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმები. ეს არ არის მარტივი თემა. საუბარია იმაზე, როგორ უნდა მოხდეს დირექტორის შერჩევა. გარკვეული კანონების ცოდნით და ტესტებით კომპეტენტურობის განსაზღვრა, ჩემი აზრით, არასერიოზულია. დირექტორი არის სერიოზული ორგანიზაციის – სკოლის მენეჯერი. მენეჯერული უნარები კი არ ნიშნავს მხოლოდ კოგნიტური უნარების შეფასებას; ძალიან მნიშვნელოვანია, არაკოგნიტური უნარების შეფასებაც. ამ კუთხით საქართველოში გამოცდილება არარსებობს. სწორედ ამას ვსწავლობთ ახლა, როგორ უნდა მოხდეს არაკოგნიტური უნარების შესწავლა და შეფასება. ამაში გვეხმარება ისრაელის მხარეც. მათ ამ მიმართულებით სერიოზული გამოცდილდება აქვთ,“– განაცხადა მიმინოშვილმა.
Aris.ge- განათლება შეეცადა გაერკვია, როგორ აფასებს აღნიშნულ საკითხს და ნაეკის ახალ წამოწყებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
„უკეთესობისკენ სისტემის შეცვლას ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ. აქ არის საუბარი კიდევ უფრო მეტად როგორ გავაუმჯობესოთ არსებული სისტემა. საუბარია იმაზე, რომ პოტენციური დირექტორებისგან ჩამოვაყალიბოთ გარკვეული დირექტორთა ბანკი და შესაბამისად კონკურსიც უფრო შინაარსიანი გავხადოთ. მსოფლიო ბანკის გრანტს, რომლის ფარგლებშიც არის გათვალისწინებული ამ საკითხზე მუშაობა, ერთი წლის წინ მოეწერა ხელი“,- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან თამარ სანიკიძემ.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი და დირექტორების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორი სერგო რატიანი. დღეს არსებული წესის გაუმართაობაზე უკმაყოფილება მან საკუთარ კანონპროექტშიც გამოხატა.
„ორი წელი ვაკრიტიკებდი იმ ფორმას, რა ფორმითაც დღეს საჯარო სკოლების დირექტორებისს არჩევა ხდება. კატასტროფული მდგომარება და შედეგებია. ძალიან არაგამჭირვალედ ტარდება, განსაკუთრებით შერჩევის მესამე ეტაპი. ძალიან კარგია, თუ ნაეკი შეიმუშავებს და დაეხმარება სამინისტროს. თუმცა პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად სამინისტროს გასატარებელია. ისე, სასაცილოცაა, ,რომ ორწლიანი კრიტიკის შემდეგ, მინისტრმა როგორ იქნა აღიარა, რომ ხარვეზები მართლაც არსებობს“,-აცხადებს Aris.ge- განათლებასთან რატიანი.
რაც შეეხება ვადებს, მაია მიმინოშვილი ვარაუდობს, რომ საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის ნაეკისეული ხედვა, სამინისტროსთვის წარსადგენად ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში უკვე მზად იქნება. მოიწონებს თუ არა უწყება შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორთა შეფასების და შერჩევის ახლებულ ხედვას, ამაზე უკვე შემოდგომაზე გიამბობთ.
სკოლის დირექტორების დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდა
ეკა არის© წივწივაძე
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი