GE

100 ლარი მოსწავლეებს, 300 -სტუდენტებს – ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას პრემიას თეთრიწყაროს ბიუჯეტიდან 2022 წელს

2022 წელს თეთრიწყაროში წარჩინებული მოსწავლეები და სტუდენტები ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას მიიღებენ. პრემია ერთჯერადია და მოსწავლეებისათვის 100-100 ლარს შეადგენს, სტუდენტებისათვის კი 300 ლარს – ამის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის 31 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა დაამტკიცა.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიის გაცემას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, რომელთაც სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურობაზე ორიენტირებულ კონკურსებში (ეტალონი, დიდგორელი, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) და სხვ.), მიმდინარე სასაწავლო წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას მინიმუმ მუნიციპალიტეტის დონეზე.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას ის სტუდენტები მიიღებენ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე საუკეთესო შედეგებით რომ ჩაირიცხნენ და ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სტუდენტებს მიღებული უნდა ჰქონდეთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში.

თეთრიწყაროს ბიუჯეტიდან სემესტრში 15 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას, წელიწადში – 30. სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსანტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში შეფასება ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

თეთრიწყაროს ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 300 ლარს მიიღებენ ასევე აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებიდან ერთ-ერთს, კერძოდ:

ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა;
ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი;
გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი);
დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემა სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის 2020 წელს დაიწყეს. ორი წლის განმავლობაში იგივე სახის დახმარება გაიცა მხოლოდ 10 მოსწავლესა და 5 სტუდენტზე. რაც შეეხება პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ფულადი დახმარება 15 მათგანს გაეწია, რომლებიც ასევე კონკურსის წესით იქნენ შერჩეულნი და განმსაზღვრელი მათი სოციალური მდგომარერობა იყო.

რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, იხილეთ ბმულზე.

ასევე იხილეთ:

ხორციელდება თუ არა პრაქტიკაში ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები? – ,,ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ ხალხს ისევ თაობები ეწირება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური