101 სკოლა უპანდუსოდ – აუდიტის შენიშვნები და რეკომენდაციები განათლების სამინისტროს
ინკლუზიური სწავლების სისტემის ეფექტიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 082 საჯარო სკოლიდან ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები 233 სკოლაში ირიცხებიან, საიდანაც 101 სკოლას არ გააჩნია პანდუსი. ასევე, 143 სკოლას არ გააჩნია ადაპტირებული სანიტარული კვანძი, 75 სკოლას კი – არც პანდუსი და არც სანიტარული კვანძი, რაც შეუძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე მოსწავლისათვის.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სხვადასხვა სკოლებში პანდუსების ლიფტისა და ადაპტირებული სანიტარული კვანძების მოსაწყობად დაახლოებით 2,440,713 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, 624 სკოლაში დამონტაჯდა პანდუსები, 26 სკოლაში – ლიფტი, ხოლო 440 საჯარო სკოლაში ადაპტირებულია სანიტარული კვანძები. თუმცა, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ნაცვლად სხვადასხვა სკოლაში ცალკეული კომპონენტის მოწყობისა, შესაძლებელი იქნებოდა 54 სკოლის ინფრასტრუქტურული გარემოს სრულად 23 აღჭურვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ინკლუზიური სწავლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ჩაატარებამ გამოვლინდა ის შედეგები და ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური სწავლების ეფექტიანად დანერგვაზე.
აუდიტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
› ქვეყნის მასშტაბით, არსებობს ინკლუზიური განათლების მიზნების შესაბამისად ადაპტირებული სკოლები და მათ არ ჰყავთ სსსმ მოსწავლეები. ამის საპირისპიროდ, ფიქსირდება სკოლები, სადაც ირიცხებიან სსსმ – მათ შორის ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, რომელთა გარემო არ არის თანხვედრაში ინკლუზიური განათლების მიზნებთან, რაც ერთი მხრივ ზრდის ფინანსური რესურსის არაპოდუქტიულად განკარგვის რისკებს და მეორე მხრივ, ზღუდავს მოსწავლეებისთვის განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
› ტრენინგების მეშვეობით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობის არასათანადოდ გათვალისწინება, როგორც სპეციალური, ასევე იმ საგნის მასწავლებლებისთვის რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეს, აფერხებს სწავლების პროცესის სათანადო ხარისხით წარმართვას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სკოლას ჰყავს ინკლუზიური განათლების კუთხით გადამზადებული მასწავლებლები, სსსმ მოსწავლე კი სკოლაში არ ირიცხება და პირიქით – იმ სკოლებში სადაცსსსმ მოსწავლეები სწავლობენ, უმეტეს ნაწილს არ ჰყავს გადამზადებული მასწავლებლები.
› სსსმ მოსწავლის სწავლების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი კალკულაცია არ არის გაწერილი. დაფინანსების ოდენობა არ არის მორგებული სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არაპროპორციულადაა განაწილებული სკოლებს შორის მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში, რაც ზრდის ფინანსური რესურსის არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს.
› სკოლებში ინკლუზიური სწავლების სათანადოდ დასაგეგმად და განსახორციელებლად სამინისტრო არ ფლობს პროგრამის ბენეფიციარებისა და პოტენციური მოსარგებლეების შესახებ რელევანტურ, სრულ და ზუსტ ინფორმაციას. ამასთანავე, სსსმ მოსწავლეების შემფასებელი მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, რიგ შემთხვევებში არ აქვთ მიღებული ინკლუზიურ სფეროსთან დაკავშირებული განათლება. გარდა ამისა, არ არის დანერგილი სსსმ მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგების და სკოლების მიერ ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად გატარებული ღონისძიებების შეფასების მექანიზმები, რაც აფერხებს პროგრამის ეფექტიანად დანერგვის მაჩვენებლების სათანადოდ შეფასებას. გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემის ფუნქციონირების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების სათანადოდ დანერგვას.
აღნიშნული ხარვეზების დაფიქსირების პარალალეურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განათლებისა და მეცნიერეიბის სამინისტროს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომელიც მან ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობისა და სწავლების ეფექტურობისთვის უნდა გაატაროს:
1 – განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის და სახსრების ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მნიშვნელოვანია, სამინისტროს სამმართველოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთობლივად შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რის მიხედვითაც სსსმ მოსწავლის ჩარიცხვამდე შეფასდება სკოლის გარემო, პრიორიტეტების მიხედვით მოხდება სკოლების შერჩევა და შესაბამისად ეტაპობრივად მოხდება სკოლების სრული ადაპტაცია.
2 – სსსმ მოსწავლეებისათვის სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, პეციალურმა და იმ საგნის მასწავლებლებმა რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეებს, ინკლუზიური განათლების კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია ტრენინგების გზით. ტრენინგების ჩატარების პროცესი გაიწეროს დროში, რის მიხედვითაც განისაზღვრება პერიოდი რომლის განმავლობაშიც მოხდება მასწავლებლების სრული კონტიგენტის ეტაპობრივი გადამზადება.
3 – იმისათვის რომ, სპეციალურ მასწავლებელს გაეზარდოს მოტივაცია აიმაღლოს კვალიფიკაცია, მნიშვნელოვანია სისტემამ შექმნას შესაბამისი მასტიმულირებელი ფაქტორები და მოხდეს მისი მასწავლებლად აღიარება, რაც დადებითად აისახება სსსმ მოსწავლეების სკოლის გარემოში ინტეგრირების პროცესზე.
4 – იმისათვის, რომ სსსმ მოსწავლეებისათვის გაიზარდოს სათანადო ხარისხით განათლების ხელმისაწვდომობა, არსებული დაფინანსების მოდელის ნაკლოვანებების გათვალისწინებით მოხდეს მისი სისტემაზე სწორად მორგება. კერძოდ, მოხდეს დაფინანსების ოდენობის კალკულაცია, სადაც გაიმიჯნება ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯები, გათვალისწინებული იქნება სსსმ მოსწავლეების მდგომარეობა და ინდივიდუალური საჭიროებები.
5 – პროგრამის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სხვადასხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარებზე. ასევე უზრუნველყოს პროგრამით მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზების სისრულე და სიზუსტე, სადაც გათვალისწინებული იქნება სსსმ მოსწავლის საჭიროებები, სკოლებში ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მასწავლებლების გადამზადების მდგომარეობა და პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ყველა რელევანტური ინფორმაცია.
6 – მულტიდისციპლინური გუნდის წევრების შერჩევისას, გათვალისწინებულ იქნეს მათი კვალიფიკაციის შესაბამისობა ინკლუზიური განათლების მიზნებთან, რათა საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სსსმ მოსწავლის საჭიროებების არასათანადოდ განსაზღვრის რისკები.
7 – იმისათვის, რომ შეფასდეს სკოლებში პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მაჩვენებელი, საჭიროა დაინერგოს შესაბამისი შეფასების მექანიზმები, კერძოდ: ა)მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით განისაზღვროს სსსმ მოსწავლის ხელმეორედ შეფასებისა და მიღწეული შედეგების მონიტორინგის პერიოდი; ბ)დაინერგოს სკოლებში პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შეფასების მექანიზმი და სკოლებს შორის მოხდეს მიღწეული შედეგებისა დადებითი პრაქტიკის გაზიარება.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება