„11 წელია გამოცდებს ვატარებთ და სამართლიანობა, ობიექტურობა, გამჭირვალობა შევინარჩუნეთ“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მეთერთმეტე წელია, გამოცდებს ატარებს. პირველი იყო, 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები. სხვადასხვა წელს ცენტრმა თავის თავზე აიღო, როგორც მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდების, ასევე სტუდენტებისთვის გრანტის გასაუმჯობესებელი კონკურსის და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
როგორ იწყებოდა საგანმანათლებლო რეფორმა, რა გამოწვევების წინაშე იდგა და დგას ამ ეტაპზე ცენტრი, ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ესაუბრება.
– უკვე დიდი ხანია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ატარებს. როგორ გაიხსენებდით იმ წლებს, როდესაც რეფორმა იწყებოდა?
– მეთერთმეტე წელია, რაც ეროვნულ გამოცდებს ვატარებთ. ალბათ, სუბიექტური არ ვიქნები და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ძალიან რეზონანსული რეფორმა გადატარდა მისაღები გამოცდების თვალსაზრისით. 2005 წელს წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაო. ეს არ დაწყებულა არც 2003, ან 2004 წელს. ჩვენ საკმაო დრო გვქონდა იმისთვის, რომ კარგად მოგვემზადებინა ეს რეფორმა და შედეგიც ამიტომ მივიღეთ. ბუნებრივია, იმჟამინდელი ხელისუფლების ნება იყო, შეცვლილიყო გამოცდების სისტემა და გაკეთებულიყო ერთ წელიწადში. ერთ წელიწადში კი ასეთი სისტემა ნამდვილად არ შეიძლება შეიქმნას. 2000 წლიდან ვმუშაობდით რეფორმაზე. ეს იყო მსოფლიო ბანკის პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში იყო დაგეგმილი მისაღები გამოცდის სისტემის შეცვლა, მაგრამ ეს არ იყო 2005 წლისთვის დაგეგმილი, 2007 წლისთვის იყო გათვალისწინებული. 2000-დან 2005 – წლამდე ვინც ვმუშაობდით, გაცილებით მცირე ჯგუფი ვიყავით, ეს დრო მოვანდომეთ გამოცდილების გაზიარებას და ძალიან ბევრი რამის სწავლას ამ მიმართულებით. გვყავდა უცხოელი კონსულტატნტები. გვქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდით წარმატებულ საგამოცდო სისტემებს და საბოლოოდ, ჩვენი უნიკალური სისტემა შეგვექმნა. 2004 წელს, როდესაც გაცხადდა, რომ ერთ წელიწადში უნდა დაწყებულიყო რეფორმა, ჩვენ მზად რომ არ დავხვედროდით, ასე ერთ წელიწადში ნამდვილად ვერ მოვასწრებდით 2005 წელს პირველი გამოცდების ჩატარებას.
რეზონანსული იყო ძალიან. მე და ჩემს კოლეგებს, ალბათ, არასდროს არ დაგვავიწყდება 2005 წელი. რეზონანსული იყო იმიტომ, რომ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ადამიანები. მათ ეგონათ, რომ ეს არ გამოვიდოდა. არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენი უცხოელი კოლეგებიც, და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც, კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, 2005 წელს ასეთი ფორმით ჩატარებულიყო გამოცდები. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისე არ გამოვიდოდა საქმე, როგორც გვინდოდა, ან კრახით დასრულდებოდა და ეს იქნებოდა მთლიანად რეფორმის დისკრედიტაცია.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ქალბატონო მახსოვს, ასეთ რამეს გვეუბნებოდა: „ნება თქვენია, თუ გადაწყვიტეთ ჩატარება, მე ჩამოვალ და დაგეხმარებით, ოღონდ საზღვარზე გავჩერდები და იქიდან ვადევნებ თვალყურს. თუ ყველაფერი კარგად ჩატარდა, მერე გადმოვლახავ საზღვარს“, – ამას ნახევრად ხუმრობით ამბობდა.
– რა იყო ასეთი საშიში საგანმანათლებლო რეფორმაში?
– ისინი თვლიდნენ, რომ ამ პროგრამის განხორციელება არ არის შესაძლებელი ერთ წელიწადში. ამისთვის საჭიროა მომზადება და არაერთი პილოტირება.
– როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების პროექტს იწყებდით, არ ფიქრობდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა ძველ, კორუფციულ სისტემასთან ბრძოლა, რომელიც უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე იყო გამეფებული? რა იყო თქვენი მოლოდინები?
– ჩვენ რასაც ვაპირებდით, ის სისტემა თავისთავად გულისხმობდა, კორუფციის აღმოფხვრას. ეს არის, რა თქმა უნდა სისტემა, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, მაგრამ ეს არ არის სისტემის ყველაზე პოზიტიური მხარე. გამოცდების სამი ძირითადი პრინციპი – ობიექტურობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, – ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, თორემ კორუფციას ისედაც დაამარცხებდა სისტემა. თუ მართლაც დაცული იქნებოდა ეს პრინციპები, ბუნებრივია, კორუფციაც ავტომატურად მოისპობოდა. ყველაზე რთული იცით რა იყო 2005 წელს? – კეთილმოსურნე ბევრი იყო, მაგრამ არ ჯეროდათ, რომ ერთი ხელის მოსმით შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. პლუს ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა საზოგადოების ნდობის მოპოვება, რადგან მისაღები გამოცდები საზოგადოებაში მიჩნეული იყო ყველაზე მანკიერ სისტემად. „ვისაც ფული აქვს და პატრონი ჰყავს, იმას შეუძლია უმაღლესში მოხვედრა“, – ეს აზრი იყო გამეფებული. აქედან გამომდინარე საზოგადოებაც სკეპტიკურად იყო განწყობილი. ჩვენ ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიტანეთ. გამჭვირვალე სისტემაც იმიტომ შევთავაზეთ მშობლებს. მეთერთმეტე წელია, გამოცდებს ვატარებთ და ეს სამი ძირითადი პრინციპი – სამართლიანობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა -შევინარჩუნეთ.
– თქვენ ხართ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცვლელი დირექტორი. იყო მომენტი, როდესაც განათლების მინისტრი გახდით, მერე ისევ დაბრუნდით. საპარლამენტო არჩევნების წინაც დატოვეთ დირექტორის თანამდებობა და კვლავ დაბრუნდით. ვერ ელევით ამ საქმეს?
– საკუთარ კითხვას თავად უპასუხეთ (იღიმის). ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. 2000 წელს როდესაც მსოფლიო ბანკში ამ პროექტისთვის სულ 4 კაცი ვმუშაობდით, მაშინ მას შეფასების კომპონენტი ერქვა. 2000 წელს ჩამოყალიბდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და გადაიქცა ცენტრად. ამ ორგანიზაციამ ძალიან ოჯახურ პირობებში დაიწყო ცენტრის შენება. მადლობა ღმერთს, ამდენი დრო გავიდა, 15 წელი და ახლა უკვე 170 თანამშრომელი გვყავს. ეს ჩვენი ოჯახური პირობები შენარჩუნებულია. ახალი მომსვლელებიც ასე მიიჩნევენ და ეს ოჯახური კულტურა შევინარჩუნეთ. დარწმუნებული ვარ, ეს განცდა მარტო მე არ მაქვს ამ ორგანიზაციის მიმართ და ის თანამშრომლებიც, რომლებიც აქ მუშაობენ, ასე უყურებენ ამ ცენტრს. ყველასთვის ძალიან ძვირფასია. ძალიან გამიჭირდა, როდესაც წავედი. ალბათ, მომავალშიც ძალიან გამიჭირდება, რამდენი ხანი ვიქნები ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ, უბრალოდ, ძალიან გამიჭირდება ადგილის შეცვლა.
– თქვენი ცენტრი ატარებს ძალიან ბევრ გამოცდას: საატესტატო და გამოსაშვებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მასწავლებლებისთვის, მაგისტრობის მსურველთათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების ჩატარებაც თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე. მათ შორის ყველაზე რთულად შესასრულებელი რომელია?
– შინაარსობრივად განსხვავდება ეს გამოცდები ერთმანეთისგან. ერთიანი ეროვნული გამოცდებით დავიწყეთ. ბუნებრივია რთული იყო, მაგრამ შემდეგ ეტაპობრივად დაემატა სხვა გამოცდებიც. აქედან გამომდინარე, სამუშაო ძალიან ბევრი იყო. ვერაფრით ვერ გამოვყოფდი, მაგრამ თუ კითხვას მისვამთ, მაშინ გიპასუხებთ: ყველაზე რთული დასანერგი ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო.
– ფაქტია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნდობა აქვს საზოგადოებაში. ეს ნდობა კომპეტენტური გამსწორებლების მუშაობის გარეშე, ბუნებრივია, ვერ მოვიდოდა. როგორ არჩევთ გამსწორებლებს და რა პროფესიის ადამიანები არიან ისინი?
– გასწორების პერიოდში ამ ადამიანებთან ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა. დავიწყებ იმით, რომ პირველ წელს შევარჩიეთ, ასე ვთქვათ, უფრო მარტივი მეთოდებით, რადგან არ გვქონდა მასალა ამ ადამიანებისთვის ტრენინგები ჩაგვეტარებინა. ვინც კარგად ასწორებდა ტესტებს შეფასების სქემების მიხედვით, ეს ადამიანები შეირჩნენ. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მთელი საქართველოს მასშტაბით მოგვეძიებინა გამსწორებლები და პირველ წელს ამის ფუფუნება არ გვქონდა. მაგრამ მეორე წელსვე, რადგან ეს თავში გვქონდა გამჯდარი, რომ რეგიონებში მეტი თუ არა, არანაკლები პროფესიონალები გვყავს, დავიწყეთ ძიება. მაგალითად ქართული ენის და ლიტერატურის გამსწორებლებზე მოგიყვებით ისტორიას: 2005 წელს გამოცდები რომ დამთავრდა, დავიწყეთ შედეგების გადახედვა, ქართული ენის და ლიტერატურის რეიტინგულ სიაში საუკეთესო მოსწავლეები ამოვიღეთ იმისათვის, რომ მათი პედაგოგები მოგვეძებნა. აღმოვაჩინეთ ასეთი რამ, ერთი სკოლიდან, ეს გახლავთ კასპის რაიონში, 5 თუ 6 აბიტურიენტს ჰქონდა უმაღლესი შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რა თქმა უნდა, დავინტერესდით სკოლით, მოვიძიეთ ქართული ენის და ლიტარატურის მასწავლებელი და ის ქალბატონი დღემდე ჩვენთან არის გამსწორებლად. ასე ვცდილობდით, გვეპოვა პროფესიონალი გამსწორებლები პირველ წლებში.
გამსწორებელი აქტიური პედაგოგი უნდა იყოს, ბუნებრივია, და გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ მას მთელი წლის განმავლობაში მაინც სჭირდება ტრენინგი. შემდგომი წლები უფრო მარტივი იყო, რადგან გვქონდა უკვე მასალა. წინა წლის ტესტებს ვიყენებდით. პოტენციურ გამსწორებლებს აძლევდნენ გასასწორებლად წინა წლების ნამუშევრებს. შემდეგ უკვე მიდიოდა ამაზე მსჯელობა. მერე უფრო დავხვეწეთ შერჩევის სისტემა. როტაცია მუდმივად მიმდინარეობს, გამსწორებელთა კორპუსის განახლება. აქ არ არის საუბარი რადიკალურ განახლებაზე, რადგან წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ყოველწლიურად მაინც ვდილობთ, რომ განახლდეს 30%. ონლაინ შერჩევის პრინციპი შევიმუშავეთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს. ვაკანსიებს ვაცხადებთ, ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ისინი ელექტრონულად იღებენ გასასწორებელ მასალებს. შემდეგ გვიგზავნიან. შერჩევა რამდენიმე ეტაპიანია. შერჩეული პოტენციური გამსწორებლები მოდიან ჩვენთან ტრენინგებზე და აქ იკვეთება საუკეთესო რომელია. ასე რომ ეს სისტემა ძალიან ეფექტურად დავამუშავეთ და რაღაცა პერიოდულობით ვაცხადებთ ვაკანსიას. სასურველია, ჰქონდეთ პედაგოგიური გამოცდილება, მაგრამ როცა ონლაინ ხდება პირველ ეტაპზე შერჩევა, ჩვენ ნამდვილად ვერ ვამოწმებთ, პედაგოგი არის თუ არა. პედაგოგს, რომელსაც საკონტროლოც კი არ გაუსწორებია, ნამდვილად გაუჭირდება კონკურენციის გაწევა პედაგოგიური გამოცდილების მქონესთვის.
– თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩამოყალიბდა მონოპოლისტ ორგანიზაციად. მხოლოდ მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, სახელმწიფოში ატაროს გამოცდები, რადგან არ არსებობს კონკურენცია ბაზარზე. სამომავლოდ თუ განიხილავთ, რომ ჩამოყალიბდეს მსგავსი ტიპის კერძო ცენტრები, რომელსაც სახელმწიფო დაუკვეთავს გამოცდების ჩატარებას და როგორ ფიქრობთ, იქნებიან თუ არა ისინი თქვენი კონკურენტები?
– ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ჯანსაღი კონკურენცია იქნებოდა. ეს ხარისხს ამაღლებს და ხელს უწყობს განვითარებას, მაგრამ მთელი ამ წლების გამვალობაში აქტიურად ვმუშაობდით და გამოცდილებით ჯერ-ჯერობით ვერავინ შეგვედრება. ამის შენებას, რაც ჩვენ გვიჭირავს ხელში, მე არ ვგულისხმობ ჩემს თავს და თანამშრომლებს, ქვეყანას რაც უჭირავს ხელში ამ ორგანიზაციის სახით, 15-20 წელი სჭირდება და ჩვენ ეს გზა გავიარეთ. დღეს თუ რომელიმე კერძო კომპანია გადაწყვეტს ჩვენთვის კონკურენციის გაწევას, ძალიან გაუჭირდება.
– რა გამოწვევების წინაშე დგას ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი?
– ყოველ წელიწადს ეს პერიოდი გამოწვევების წინაშე დგომაა. მეთერთმეტე წელია ისევ გამოწვევების წინაშე ვართ. ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. იმიტომ, რომ ივლისი ჩვენთვის ნერვიულობის საფუძველია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პრინციპები, რითაც დავიწყეთ, არ დავარღვიოთ და ყველა აპლიკანტს, მხოლოდ აბიტურიენტებს არ ვგულისხმობ, სათანადო პირობები შევუქმნათ. თუ ვინმეს სპეციფიკური საგამოცდო პირობები სჭირდება, ჩვენ სია გვაქვს და უკვე მომზადებულები ვართ ამისთვის, მაგრამ ხდება ხოლმე პროცესში მშობიარობა ეწყება აბიტურიენტს, ბრმა ნაწლავის შეტევა აქვს და სასწრაფოდ საოპერაციოა. მომენტში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბიტურიენტების ინტერესები დაიცვა მაქსიმალურად. ბუნებრივია, წინასწარ ამას ვერ გათვლი, მაგრამ მზად უნდა იყო.
„მინდა აბიტურიენტები დავაწყნარო, ნერვიულობის დრო აღარ არის“, – მაია მიმინოშვილი
რას მალავს CAT-ის გამოცდა – ინტერვიუ ქართული ალგორითმის შემქმნელთან
ცისანა არის© შერგილაშვილი
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება