GE

13 მაისიდან უნივერსიტეტების ნაწილი სწავლას დისტანციურად, ნაწილი კი ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლებს

მთავრობის მიერ გამოცხადებული არდადეგების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტების ნაწილი სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაახლებს, ნაწილი კი კვლავ ჰიბრიდულ სწავლების პირობებში დარჩება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან უნივერსიტეტების წარმომადგენლები საუბრობენ.

13 მაისიდან სალექციო კურსი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები  დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ სწავლას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, იქ სტუდენტები სწავლას ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს, როგორც ეს გვქონდა, ჰიბრიდულ რეჟიმში, სალექციო კურსი ონლაინ, ასევე პრაქტიკულ და ლაბორატორიულ კომპონენტს – სააუდიტორიო რეჟიმში. 17 მაისიდან ჩვენთან იწყება შუალედური გამოცდების კვირა, რომელიც ასევე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის უფროსმა თამარ წერეთელმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებების გახსნის შესახებ საუბრისას, კონკრეტული ინფორმაცია, ცალკე სკოლების, პროფესიული სასწავლებლების და უნივერსიტეტების შესახებ არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პროფესიულ სასწავლებლებს მიენიჭათ უფლება, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განეახლებინათ. უნივერსიტეტებს და კოლეჯებს ჰქონდათ უფლება, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება და სასწავლო პროცესი ონლაინ ან ჰიბრიდულ რეჟიმში გაეგრძელებინათ.

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა მაშინ სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლა, რაც სალექციო კურსის – ონლაინ რეჟიმში, პრაქტიკულ სამუშაოების კი დასწრებულ რეჟიმში წარმართვას გულისხმობდა.

13 მაისს სკოლებში სწავლა განახლდება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური