„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლა ყოველწლიურად 200 სომხურენოვან და 200 აზერბაიჯანულენოვან სტუდენტს დაუფინანსდება
2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა და სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება 450 000 – 450 000 ლარს შეადგენს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაორმაგება”, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთათვის სპეციალური საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებამდე გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის, გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს. სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ამავე თემაზე:
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024