15 000–ზე მეტ პედაგოგს გარე დაკვირვების გავლისას 2 ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის ვალდებულება ექნება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემადგენელი გარე დაკვირვების ნაწილი, ანუ პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილების ვიდეო-გადაღების პილოტირების პროცესი უკვე დაიწყო. სქემის ეს კომპონენტი, რომელიც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ 5 კრედიტით ფასდება. ამ მომენტისთვის კი 60 000–ზე მეტი პედაგოგიდან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში 15 236 პედაგოგია.
ის, რაც სკოლის დირექტორთა გარკვეული ნაწილისთვის თავად მინისტრ თამარ სანიკიძისგან და გარე დაკვირვებაზე პასუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, სქემის პილოტირების დაწყების შემდეგაც კი უცნობი იყო.
სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის გარე დაკვირვების შესახებ გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ მათ გარე დაკვირვებისთვის არა ერთი, არამედ 2 ვიდეო–გაკვეთილის გადაღება და გაგზავნა მოუწევთ.
დამსწრე აუდიტორიამ სიახლის შესახებ საკუთარი პოზიცია პრეზენტაციის პროცესშივე გამოთქვა. ისინი, ვინც საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვა, ერთი გაკვეთილის გაგზავნის მომხრეა.
,,მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ გარეთ მყოფმა 60 ათასმა პედაგოგმა დარწმუნებით იცის, რომ ,,გარე დაკვირვება“ – ეს მხოლოდ ერთი ვიდეო გაკვეთილია. იმისთვის, რომ პედაგოგები გაუგებრობაში არ აღმოჩნდნენ, ხომ არ სჯობს, მივცეთ არჩევანის საშუალება გამოაგზავნონ ერთი, ან თავისი სურვილისამებრ ერთზე მეტი გაკვეთილი,“- მიმართა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა.
ორ ვიდეო გაკვეთილთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემაც:
,,თქვენ აფასებთ ორ გაკვეთილს, რომელშიც დაიწერება საერთო ქულა. თუმცა ერთი არ უდის ორს. პედაგოგებს უწევთ შიდა დაკვირვების გავლაც, მოცულობითი სამუშაოა ჩასატარებელი. კარგი იქნებოდა, პედაგოგს რამდენიმე გაკვეთილი ჩაეწერა და ფასილიტატორთან ერთად შეერჩია ერთი საუკეთესო და სწორედ ის გადმოეგზავნა ცენტრისთვის,“ – მიმართა ცენტრის წარმომადგენლებს ხათუნა ბარაბაძემ.
Edu.aris.ge დირექტორებს შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაესაუბრა, თუმცა ჟურნალისტთან საუბარში 2 ვიდეო გაკვეთილის საკითხზე მათი შეხედულება უკვე განსხვავებული იყო. ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ გარე დაკვირვება და ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა კარგი მიგნებაა, და ორი გაკვეთილის ჩაწერაც არ წარმოადგენს პრობლემას.
Edu.aris.ge-სთან თემაზე საუბრისას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ირინა ჟვანიამ იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ორი გაკვეთილის ჩაწერა სიახლე არ არის და არასდროს თქმულა, რომ პედაგოგებს მხოლოდ ერთი ვიდეო უნდა წარედგინათ ,,ნაეკისთვის“.
Edu.aris.ge შეეცადა ვიდეო გაკვეთილის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, როგორც სქემის დოკუმენტში, ისე მაია მიმინოშვილის ინტერვიუებიდან მოეძიებინა, აღმოჩნდა, რომ რაოდენობა დაკონკრეტებული არსად არის, თუმცა ვიდეო გაკვეთილს მრავლობით რიცხვში ვერცერთ ჩანაწერში ვერ წავაწყდით.
,,ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების ხუთი კრედიტის მოსაპოვებლად ორი ვიდეო–გაკვეთილი უნდა ჩაეწერათ. ორივე ვიდეო–გაკვეთილი ერთად შეფასდება ხუთი კრედიტით. თუ პედაგოგის ვიდეო გაკვეთილი რუბრიკით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის ხუთი კრედიტით შეფასდება, თუ არა, ნულით. ანუ შუალედური კრედიტ ქულები არ დაიწერება,“- განაცხადა ირინა ჟვანიამ ჩვენთან საუბარში.
მისივე თქმით, პილოტირების რეჟიმში ვიდეო-გაკვეთილი ძალიან ბევრმა მოხალისე პედაგოგმა გამოაგზავნა. შედეგით კი, შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგებს კამერასთან ურთიერთობა არ გასჭირვებიათ.
,,მოხალისე პედაგოგების ვიდეოების შესწავლისას ვნახეთ, რომ ძალიან კარგი მასალა შემოვიდა, იყო კარგი და ძალიან კარგი ვიდეოებიც, რა თქმა უნდა ისეთებიც, რომელთა ავტორებმაც მეტი უნდა იმუშაონ,“- აღნიშნა ჟვანიამ.
- რა უნდა ჩანდეს ვიდეო გაკვეთილებში, რომელსაც პედაგოგი გარე დაკვირვების ჯგუფს გადაუგზავნის?
როგორც პრეზენტაციისას გაირკვა, გაკვეთილში კარგად უნდა ჩანდეს: დავალების შესწორების პროცესი, გაკვეთილის ახსნის პროცესი, განვლილი მასალის განმტკიცება და შეფასება. ვიდეო–გაკვეთილებთან ერთად ცენტრში უნდა გაიგზავნოს გაკვეთილების გეგმები და რეფლექსიის დოკუმენტები.
- ვინ არიან ვიდეო გაკვეთილის შემფასებლები?
რაც შეეხება შემფასებლებს – ვიდეო გაკვეთილებს წინასწარ შემუშავებული რუბრიკების მიხედვით ის შემფასებლები შეასწორებენ, რომლებიც მიმინოშვილის უწყებამ იანვრის თვეში დაიქირავა და რომელთა დატრენინგებაც უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თითო ვიდეო–გაკვეთილს ორი ექსპერტი დამოუკიდებლად დაუწერს ნიშანს, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა, მაშინ ვიდეო მესამე ექსპერტს გადაეგზავნება.
საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე გამოცდების ეროვნულ ცენტრს სულ 17 შემფასებელი ჰყავს. მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგების 30 472 ვიდეოს შეფასებისთვის კი 4 წელზე ნაკლებია დარჩენილი.
იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ცოტა ნამდვილად არ არის, edu.aris.ge-ს შესაბამის კითხვაზე ცენტრში პასუხობენ, რომ შემფასებლების რიცხვის გაზრდას სამომავლოდ გეგმავენ.
სამომავლოდ სხვადასხვა სახის ცვლილებებს არ გამორიცხავს განათლების მინისტრიც.
,,საქმე ცუდად არ არის, თუმცა რაღაც საკითხები გამოსწორებებს საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს, რადგან საპილოტე რეჟიმში ვართ, უკვე ნელ-ნელა იწურება საპილოტე წელი და უნდაჩამოვყალიბდეთ საბოლოო ფორმატზე. დასამტკიცებელი იქნება შეფასების ინსტრუმენტები და რუბრიკები, რომლითაც მასწავლებლები ფასდებიან. ეს კომპონენტი ბმაშია შიდა სასკოლო შეფასებასთან, ძალიან სერიოზული კომპონენტია, ბევრი დეტალი კიდევ გასათვალისწინებელი იქნება”, – აღნიშნამინისტრმა. დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს ამოქმედდება.
გარე დაკვირვებისთვის აუცილებელი სპეციალური აპარატურით კი ამ დროისთვის მხოლოდ კასპისა და რუსთავის ორი სკოლაა აღჭურვილი. სწორედ ქვემო და შიდა ქართლის სკოლები შეირჩა პილოტირების პროცესისთვის. 3-4 დღიანი შუალედებით ტექნიკა სწორედ ამ რეგიონების 20 სკოლაში იმოგზაურებს.
მას შემდეგ კი, რაც ყველა სკოლა ტექნიკურად აღიჭურვება, სკოლების დირექცია თავად დაადგენს განრიგს, რომელი მასწავლებელი როდის ჩაწერს საჩვენებელ გაკვეთილს.
„ორი სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკა შევიძინეთ. ეს აპარატურა რუსთავისა და კასპის სკოლებში გაიტესტება. შემდეგ კი ყველა საჯარო სკოლა შერჩეული ტექნიკით აღიჭურვება. დაახლოებით 1000 დოლარი დაჯდა თითო კომპლექტი,“- განაცხადა edu.aris.ge-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
სკოლების დირექტორებისთვის და პედაგოგებისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე, მიმინოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პედაგოგებს ვიდეოკამერასთან და ე.წ პეტლიჩკასთან (მიკროფონი) ურთიერთობა მხოლოდ პირველ ეტაპზე გაუჭირდებათ და მალევე აუღებენ ალღოს.
,,თავდაპირველად იქნება დაბნევისა და გაუცხოების მომენტები, თუმცა იმედია, სიახლეს პედაგოგები მალევე შეეჩვევიან. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ იმდენი გაკვეთილი ჩაწერონ, რამდენიც მოესურვებათ. შემდეგ კი საუკეთესო ორი ვიდეო ცენტრში გამოაგზავნონ,“- აღნიშნა მიმინოშვილმა.
პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?
მაია მიმინოშვილმა ვიდეოგაკვეთილის მეშვეობით მასწავლებლის შეფასების დეტალებზე ისაუბრა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება