GE

2017 წლის პედაგოგთა გამოცდაზე უპრეცედენტო რაოდენობის აპლიკანტი დარეგისტრირდა

პედაგოგთა გამოცდისათვის რეგისტრაცია დასრულდა. მასზე გასვლის სურვილი წელს ყველაზე მეტმა- 27 400-მდე ადამიანმა გამოთქვა. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ხოლო ნაწილი პროფესიაში შესვლის მსურველი.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გამოცდაზე გასვლის მსურველთა თითქმის გაორმაგების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სქემაში შესულმა ცვილებებმა დაინტერესება გაზარდა.

ივა მინდაძე: რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდა და საერთო ჯამში 27 400-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა. ამდენი მსურველი აქამდე ნამდვილად არ გვყოლია, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

–წინა წლებში დარეგისტრირებულთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება?

ი.მ: წინა წლებში 12-18 ათასის ფარგლებში მერყეობდა. ყველაზე მეტი 18 ათასი იყო, წელს კი 27 ათასზე მეტია.

–თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა?

–ი.მ: ვფიქრობ, ამის მიზეზი მასწავლებელთა სქემაში შეტანილი ცვლილებები იყო. მოგეხსენებათ, საკრედიტო ქულების განაწილების წესი შეიცვალა. ზოგადად,   პროცესს დატვირთვა შეეცვალა და ალბათ ამ ყველაფერმა, საერთო ჯამში, მეტი მსურველის გამოჩენა განაპირობა.

–რამდენია აქედან პედაგოგობის მსურველი და რამდენი უკვე მოქმედი პედაგოგი?

ი.მ: ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. პროცედურა ასეთია – რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სიას მასწავლებელთა სახლს მივაწვდით. შემდეგ, მოქმედი მასწავლებლები გარკვეულ კრედიტქულას მიიღებენ, ხოლო სხვებს შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებს მიმართონ. ასე რომ, ამ წუთას თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა  გაგვიჭირდება.

–მათგან ვის მოუწევს პროფესიული უნარების ჩაბარება?

ი.მ: პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ.

–სულ რამდენია ასეთი?

ი.მ: დაახლოებით 13 ათასზე მეტი. ანუ, ამ 27 ათასიდან ნახევარი პროფესიული უნარების გამოცდაზეცაა დარეგისტრირებული.

–როგორია წელს ბარიერი?

ი.მ: მოგეხსენებათ, მასწავლებელთა ახალი სქემის მიხედვით, ამას გამოცდა კი არა, კვალიფიკაციის დადასტურება ჰქვია და ბარიერიც აღარ არის. გამოცდა მხოლოდ მათთვისაა, ვინც მასწავლებლობას აპირებს –  ვინც გემავს შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში გარკვეული, მოკლეხნიანი სწავლება გაიაროს და მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. მათთვის ბარიერი ისევ შენარჩუნებულია – ტესტის მაქსიმალური ქულის 60 % უნდა აიღონ. მაქსიმალური ქულა კი თითოეულ ტესტში სხვადასხვანაირია, ამიტომ ზეპირად ჩამოთვლა გამიჭირდება.

(მასწავლებლის სახლის ინფორმაციით კი, არამოქმედი პედაგოგის შემთხვევაში: ქულათა 61% და მეტი უნდა დააგროვოთ, რომ 10 კრედიტი მიიღოთ და ჩაგეთვალოთ ჩაბარებულად. მოქმედი პედაგოგის შემთხვევაში: 1 კრედიტის მოპოვება შეგეძლებათ ქულათა 31- 41%–ით; 4 კრედიტი – 41-51%; 7 კრედიტი – 51-61%; 10 კრედიტი – 61% და მეტი. ავტ.)

–როდის იქნება გამოცდა?

–ი.მ: ახლა კალენდარი შედგება და ზუსტი თარიღი დაახლოებით 10-14 დღეში გვეცოდინება. ტრადიციულად ივნისში რომ იქნება, ამის თქმა უკვე შეგვიძლია.

–არის თუ არა წელს რაიმე სიახლე, რაც გამოცდაზე გამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ?

ი.მ: მოგეხსენებათ,  გამოდები წელსაც, ისევე როგორც შარშან,  ნახევრად ელექტრონული სახით ჩატარდება. მიზნად ვისახავთ, რომ  დაახლოებით 2-3 წელიწადში სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავიდეთ.

–ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გკითხავთ, შარშან აპლიკანტებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. გაკეთდა თუ არ არამე ხარვეზების აღმოსაფხვრელად?

–ი.მ: გულახდილად რომ გითხრათ, რაიმე სერიოზულ ხარვეზზე ჩივილი მე არც აბიტურიენტებისაგან მახსოვს, არც მაგისტრანტებისაგან და არც პედაგოგების მხრიდან. ყველაზე მეტად სწორედ მასწავლებლების გამოცდაზე ვღელავდით, რადგან ვფიქრობთ, რომ მოსწავლეები და სტუდენტები კომპიუტერულ, ციფრულ ტექნიკასთან ურთიერთობისას უფრო თავდაჯერებულები არიან. თუმცა, რაიმე სერიოზული პრეტენზია არ მახსენდება.

გასულ წლებში გამოყენებული ტესტები

დამხმარე სახელმძღვანელოები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური