GE

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული დასახელდა

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება. მას, ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ხუთეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:

  • ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
  • ჯაბა ლაბაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
  • ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;
  • მანანა კაპეტივაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, ტელეიმედი და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური