GE

2018 წლის საგრანტო კონკურში მონაწილე აპლიკანტებს ტექსტის გააზრება გაუჭირდათ

2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდაში მონაწილე აპლიკანტების უმეტესობა ტექსტის გააზრების დავალების სირთულეზე საუბრობს. როგორც მათ EDU.ARIS.GE-ისთან აღნიშნეს, ტექსტის გააზრებაში მოცემული კითხვები საკმაოდ დამაბნეველი იყო და პასუხის გასაცემად მისი რამდენჯერმე გადაკითხვა უხდებოდათ. რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს და ლოგიკას, ტესტის ამ ნაწილებს აპლიკანტები მეტ-ნაკლებად მარტივად აფასებენ:

“საერთო ჯამში ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო. მათემატიკური ნაწილი განსაკუთრებით გამიმარტივდა. ძირითადად ლოგიკურად უნდა გაგეკეთებინა. თითოეული პასუხი უნდა შეგემოწმებინა რომ სწორად გაგეცა პასუხი. ტექსტების გააზრება უფრო მეტად გამირთულდა, ერთი ტექსტი იყო დემოკრატიის ფორმებზე, საბერძნეთში რა ფორმა იყო დემოკრატიის, რომში, ამერიკაში და ბოლოს შეჯამება იყო, მეორე ტექსტი ტრადიციებზე იყო, ხელოვნურად ტრადიციების შენრაჩუნება რამდენად შესაძლებელი და სწორია, მახინჯდება თუ არა ტრადიცია და ა.შ. თითო ტექსტზე 11 კითხვა იყო მოცემული. ნახევარი მარტივი იყო ნახევარი რთული, რამდენჯერმე უნდა წაგეკითხა კითხვა რომ შესაბამისი პასუხი გეპოვნა, რადგან მარტივად შეიძლება აბსოლუტურად სხვა პასუხი გაგეცა. კითხვების ნაწილი ძალიან დამაბნეველი იყო”-გვითხრა დიტომ.

173-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი გამოცდას საკმაოდ რთულად მიიჩნევს, თუმცა მათემატიკური ნაწილი მისთვისაც მარტივი აღმოჩნდა.

“მათემატიკური ნაწილი იყო ძალიან მარტივი, ლოგიკურებსაც არაუშავდა, ტექსტების გააზრება ყველაზე მეტად გამიჭირდა. ზოგადად არ მიყვარს გააზრების გაკეთება და არც გამმარტივებია. რთული ტექსტები იყო 3-3-ჯერ წავიკითხე და შინაარსი ნორმალურად მაინც ვერ გამოვიტანე”,- გვითხრა სალომემ.

ტექსტების გააზრების სირთულეზე სხვა აბიტურიენტებიც საუბრობენ.

“მეორე ტექსტი რომელიც დემოკრატიის ფორმებზე იყო უფრო მეტად გამიჭირდა. რამდენჯერმე წავიკითხე მაგრამ მაინც კოშმარი იყო. პირველი ტექსტი რომელიც ტრადიციებს ეხებოდა გაცილებით მარტივი იყო და კარგად დავწერე. ლოგიკებიც საკმაოდ მარტივი იყო, დებულება იყო მოცემული და იმის მიხედვით უნდა გაგეცა პასუხები. მათემატიკური ნაწილზეც ვერ ვიტყვი რომ რთული იყო, თუმცა ტესტმა საკმაოდ შემაშინა, მართლა რთული იყო”,- გვითხრა აპლიკანტმა.

2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური