2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის – „ვმუშაობთ ცვლილებაზე“
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა რომ ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიში წარადგინა.
„როდესაც იყო ნათქვამი, რომ 2022 წელს იქნება მასწავლებლის ხელფასების მატება, ასევე 2020 წელს, იქვე იყო განცხადება, რომ სექტემბრიდან იქნებოდა ეს მატება. თქვენ ახლა ამბობთ, რომ კვლავ მოგვატყუა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ,“ – განაცხადა კომიტეტზე დეპუტატმა სერგო რატიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს დამატებითი რესურსების მობილიზება და საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდეს.
„2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, თუმცა ჩვენ ვუყურებთ, ანალიზს ვუკეთებთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ვფიქრობთ მოგვცემს წლევანდელი რესურსი იმის საშუალებას, რომ წარმოვადგინოთ ბიუჯეტში ცვლილებები და უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით დამატებით თანხების მობილიზება“, – თქვა გიორგი კაკაურიძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით კი, ინიციატივა განათლების დაფინანსების გაზრდის შესახებ ახალია და შესაბამისად საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა გააჟღერა ერთი თვის წინ, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%- ის განათლების სფეროზე მიმართვას და სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, იქნა გაჟღერებული სექტემბრიდან პირველი ტალღა ხელფასების გაზრდის. სულ მცირე 500 მილიონი ლარის დამატებითი რესურსი გვაქვს, ეს არის მუშა პროცესი და ფინანსთა სამინისტროსთან გვექნება უკვე სექტემბრიდან ჩვენი პედაგოგების ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობის განხილვა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ამავე თემაზე:
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი