2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის პირველი ემოციები
განათლების კოალიციის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო ხუთეული დასახელდა. წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენამდე კი მცირე დრო რჩება.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, რომ წლევანდელი კონკურსი გაცილებით მასშტაბური გამოვიდა:
„წლევანდელი 2019 წლის კონკურსი არის რიგით მესამე და ბუნებრივიცაა რომ ყველაზე მასშტაბური გამოვიდა, იმიტომ რომ საზოგადოებამ უკვე გაიცნო ეს კონკურსი, აქვს აღიარება და სანდოობა.
წელს განსხვავებული იყო ის, რომ საზოგადოებას შეეძლო წარედგინა მასწავლებლები, თვითონ ათეულის წევრებიც ძალიან გვეხმარებოდნენ ამ კამპანიის დროს.
15 ივნისს გამოვავლინეთ ათეული და შემდგომ 2-თვიანი კამპანიის შემდეგ უკვე 5 ფინალისტი. შეფასების კრიტერიუმები არ შეგვიცვლია. ჩვენ არ ვეძებთ ტრადიციულ მასწავლებლებს, ჩვენ ვეძებთ უფრო აქტიურ ადამიანებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, პოზიტიური გავლენა აქვთ თავის მოსწავლეებზე და არა მხოლოდ. გვაქვს სიახლეც, კონკურსის ფარგლებში დავიწყეთ კამპანია „გახდი ჯილდოს მხარდამჭერი.“
ეს გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებას, ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც აქვთ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ საპრიზო ფონდში და შესაბამისად მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში. ველოდებით 5 ოქტომბერს, დაჯილდოვების ცერემონიალს, სადაც 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
EDU.ARIS.GE-სთან წარმატებით გამოწვეულ პირველ ემოციებზე საუბრობენ ხუთეულის წევრები:
თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი:
„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ისევ ემოციური ფონი მაქვს და ნამდვილად ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ხუთეულში მოხვედრას არ ველოდებოდი, რადგან დაინახეს, რომ მე ძალიან მრავალმხრივი საქმიანობა მაქვს გაწეული მთელი წლების განმავლობაში. ვარ არა მარტო მასწავლებელი ასევე საბავშვო მწერალი. ვზრუნავ ყველა მოსწავლეზე როგორც წიგნიერების, ისე სახელოვნებო კუთხით, ვეხმარები ასევე მასწავლებლებს პროფესიულ გადამზადებაში. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტივად შესასრულებელი და ის, რომ ხუთეულში მოვხვდი, ნიშნავს, რომ ჩემი გაწეული საქმიანობა საკმაოდ კარგად შეაფასეს.“
ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი:
„ეს ემოცია იყო საერთოდ დაუვიწყარი, სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ვიდეოს მიმდინარეობის დროს, მარტო ვუყურებდი და აღარაფერი მესმოდა მას შემდეგ, რაც ჩემი გვარი მომესმა. იმდენად დიდი ემოცია მქონდა სიხარულის. ახლობლებს და კოლეგებს კი ჰქონდათ იმედი, რომ ხუთეულში აუცილებლად ვიქნებოდი, მაგრამ მე არ ველოდებოდი, იმდენად რამდენადაც ყველა კონკურსანტი, ათეულის ყველა წევრი იყო თანაბარი. არ ვთვლიდი, რომ მაინცდამაინც ხუთეულში მე უნდა ვყოფილიყავი. გამარჯვების მოლოდინი მაქვს, შანსები თანაბარია, თუმცა ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული ჩემთვის პირადად ესეც უკვე დიდი აღიარებაა.“
გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის, ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი:
„რომ ვთქვა, გამიხარდა მეთქი, გასაკვირი არ იქნება, სასიამოვნო გრძნობა იყო ძალიან. მართალი, რომ გითხრათ თავიდან, როცა გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა, მინდოდა და მქონდა გარკვეული მოლოდინი, რომ ათეულში მოვხვდებოდი. უკვე ათეულის შემდეგ ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ველოდებოდი ხუთეულის წევრობას. ნებისმიერი ჩვენგანი ვინც ვიყავით ათეულში, რომ ყოფილიყო ხუთეულშიც, არაფერი არ იქნებოდა. შესაბამისად მეც გარკვეული მოლოდინი მქონდა. კონკურსი გარკვეული რეჟიმია, რომელსაც გარდა იმ სიხარულისა, რომელიც მოაქვს გამარჯვებას პასუხისმგებლობასაც ანიჭებს ადამიანს“.
ქეთინო მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი:
„როგორც ყველა კონკურსში გამარჯვება მოიტანს ძალიან დიდ სიხარულს, ასეთი იყო ჩემთვისაც და განწყობა იყო ამაღლებული, სკოლაში გავიგე ეს ამბავი და ძალიან გამიხარდა, 80% მქონდა მოლოდინი, რომ ვთქვა საერთოდ არ ვფიქრობდი ხუთეულზე, არ ვიქნები გულწრფელი და, მით უმეტეს, ისეთი ჯილდო, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომ ჰქვია. სკოლამ წარმადგინა ამ კონკურსზე, მე არ მქონდა მოფიქრებული არ ვგეგმავდი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი მასწავლებელია ეროვნული ჯილდოს ღირსი. ყველა ღირსეული კანდიდატია და გამარჯვების იმედი გვაქვს, ალბათ, ყველას, მათ შორის მეც.“
მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება“ , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის აქ აღმოჩენა და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სასიამოვნო იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ამდენ ადამიანს უხაროდა ჩემი წარმატება. არც მქონდა მოლოდინი, რომ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდებოდი.ამ წუთიდან უკვე ვფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი ყველას აქვს. მეც მყავს ჩემი ფავორიტები, თავისთავად ხუთეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა და ამდენი საინტერესო ადამიანის გაცნობა, რომელიც კონკურსში მოხვედრის შემდეგ შევძელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტიც სწორედ ეს არის.“
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”