2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული ცნობილია
2019 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპეციალურმა ჟიურიმ 10 საუკეთესო პრეტენდენტიდან ფინალურ ეტაპზე ხუთი კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან:
გიორგი ჭაუჭიძე
მუშაობს ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. იგი ოც წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. გიორგის მიაჩნია, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემის ყევლაზე აქტუალური სფერო სწორედ არაქართულენოვანი სკოლებია.
ნათია კურტანიძე
მან პედაგოგიური საქმიანობა 22 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე მუშაობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად. 2018 წელს, სულ მოკლე პერიოდში, მან ორჯერ შეიცვალა სტატუსი და გახდა ჯერ წამყვანი, შემდეგ მენტორი მასწავლებელი. არის MICROSOFT-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი და მასტერ-ტრენერი, ტექნოლოგიების ქოუჩის სტატუსით მონაწილეობს პროექტში ,,ახალი სკოლის მოდელი’’. არის არაერთი საინტერესო მოხსენების, მეთოდური სტატიისა თუ საგანმანათლებლო რესურსის ავტორი.
მაია მენაბდე
ასწავლის ბათუმის N3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა ,,განათლებაში“. მისი მოღვაწეობის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპია: მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა ბავშვებს, რადგან ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს, რომ თავისუფლებას დამსახურება უნდა და მისი მოპოვების შემდეგ პასუხისმგებლობაც იზრდება.თვლის, რომ ბავშვის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია სამი რამ: სჯეროდეს, რომ უფროსები მის აზრს ნებისმიერ სიტუაციაში მოისმენენ და გაითვალისწინებენ; არ ეშინოდეს შეცდომის დაშვების და სწორედ უფროსების დახმარებით უნდა შეძლოს, ეს შეცდომა პიროვნული ზრდისთვის გამოიყენოს; მაქსიმალურად მიეცეს საშუალება, გამოავლინოს და განავითაროს თავისი ფანტაზია.
თამარ ადამია
მუშაობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26-ე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად. თამარის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია, რადგან ფსიქოლოგად, მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეხმარება მარტივად შეძლოს ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. მაგალითად: მოსწავლეებში ეკოცნობიერების ასამაღლებლად გეგმავს ორიგინალურ ეკო გამოფენებს, წიგნიერების დონის ასამაღლებლად საბავშვო საგანმანათლებლო წიგნების პროექტებს, შემოქმედებითობის გასავითარებლად-გამოფენებსა და სატელევიზიო მასტერკლასებს. მოსწავლეებს ასწავლის განსხვავებულად შეხედონ უკვე არასაჭირო ნივთს და აღმოაჩინონ მისი ორიგინალურად გამოყენების გზები.
ქეთევან მერებაშვილი
მუშაობს ქალაქ თბილისის სკოლა-ლიცეუმში „პრომეთე“ გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში მუშაობდა თიანეთის რაიონში, გეოგრაფიის მასწავლებლისა და დირექტორის პოზიციაზე. უპირატესობას ანიჭებს პროექტებით სწავლებას და ცდილობს მისი გაკვეთილები სახალისო და საინტერესო იყოს მოსწავლეებისათვის. ხშირად იყენებს განსხვავებულ მიდგომებსა და მეთოდებს სწავლებაში, როგორიცაა: საველე-გასვლითი გაკვეთილები, როლური და სამაგიდო თამაშები. მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით იყენებს ინტერნეტ რესურსებსაც.
2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული სწორედ ამ ხუთი პედაგოგიდან შეირჩევა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არის განათლების მხარდაჭერაზე მიმართული საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას და პრესტიჟის ზრდას. კამპანია ავლენს წარმატებულ მასწავლებლებს და წარუდგენს მათ ფართო საზოგადოებას.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს საშუალება გაიღოს ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში თავის წვლილი შეიტანოს.
2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო! აღნიშნულს შეუერთდა და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”