GE

2020-2021 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო გრანტის მოცულობა განისაზღვრა

2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო სამაგისტრო გრანტების მოცულობა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

დოკუმენტის თანახმად 2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით, ხოლო მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით განისაზღვრა.

ამავე დროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მაგისტრანტებისთვის განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით განისაზღვრა.

გრანტის მოცულობა კი თითოეული მაგისტრანტისთვის, საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად განისაზღვრება, თუმცა მისი რაოდენობა 2250 ლარს არ გადააჭარბებს.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება და მისმა მოცულობამ 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი შეადგინა.

ამავე დოკუმენტით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები განისაზღვრა:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
ჯანდაცვა;
ჰუმანიტარული;
ხელოვნება;
აგრარული;
განათლება;
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
სამართალი;
მათემატიკა და ფიზიკა;
ინფორმაციული ტექნოლოგიები;
ბიზნესი და ეკონომიკა;

ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე ამავე ბრძანებით განსაზღვრული 2 000 000 (ორი მილიონი) ლარიდან, 39.96 პროცენტი (799 200 (შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასი ლარი )) თითოულ საგანამანათლებლო პროგრამაზე თანაბრად, ხოლო თანხის 60.04 პროცენტი (1 200 800 (ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი) ლარი) მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე გადანაწილდება.

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებისთვის ბრძამნებით განაწილებული თანხის პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
განათლება − 6,07%;
ჰუმანიტარული − 6,07%;
ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
სამართალი − 3,07%;
მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
აგრარული − 2,17%;
ჯანდაცვა − 1,17%;
ხელოვნება − 0,67%

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური