GE

2020 წელს, საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები უცვლელი ფორმით ჩატარდება

აბიტურიენტები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ, როგორც ცნობილია, სავალდებულო საგნების ნუსხიდან უკვე ამოღებულია ზოგადი უნარები და ის მხოლოდ უნივერსიტეტების ასარჩევ საგანთა ჩამონათვალში იქნება.

რაც შეეხება სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებს EDU.ARIS.GE– ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ამ კუთხით ცვლილება დაგეგმილი არ არის.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში, სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე პირების ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე მოსახვედრი გამოცდების ცვლილების პარალელურად, გარკვეული ცვლილებები სამაგისტრო გამოცდებსაც უნდა შეხებოდა, რადგან აპლიკანტების ნაწილი აღნიშნულ გამოცდას ზოგადი უნარების გამოცდასთან აიგივებდა.

„ჩემთვის ტესტი რთული აღმოჩნდა, მათემატიკური ნაწილი განსაკუთრებით. ანალიტიკური მსჯელობა შედარებით მარტივი იყო, რომლიც პირველ საკითხად ვწერეთ. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ რაზეც ვაბარებ იქ მათემატიკა საერთოდ არ არის საჭირო, მითუმეტეს ამ დონის და თუ იქნება გადანაწილება ისე სწორად როგორც საჭიროა სპეციალობების მიხედვით, მივესალმები. მაგალითად მე ვარ ქიმია-ბოლოგიურ ინჟინერიაზე, ჩემთვის მათემატიკა საერთოდ არ არის საჭირო, უნივერსიტეტშიც სადაც ვსწავლობ მათემატიკა საერთოდ ამოიღეს ჩემი სპეციალობის საგნებიდან, რეალურად მათემატიკის უნარები არ გვჭირდება, ვინც აბარებს მათემატიკაზე მათთვის შესაძლებელია და კარგიც იქნება ჩააბარონ, მაგრამ ჩვენთვის საერთოდ არ არის აუცილებელი”, – აცხადებდა ერთ-ერთი აპლიკანტი.

„მე ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო საგნებიდან ამოდის, საგანი სკოლაში არ ისწავლება და დიდი ძალისხმევა გვჭირდება მის მოსამზადებლად, ამიტომ მივესალმებოდი თუ ცვლილება სამაგისტრო გამოცდებსაც შეეხებოდა და უფრო კონკრეტულ სპეციალობებზე იქნებოდა მიმართული”, – ამბობდა კიდევ ერთი ახალგაზრდა ჩვენთან საუბარში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის თქმით, სამაგისტრო გამოცდა არის სულ სხვა ტიპის და მის შეცვლაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს. 

სამაგისტროებზე ცვლილება ამ ეტაპზე არ არის, ეს არის სხვა ტიპის გამოცდა, სახელიც არ ჰქვია ზოგადი უნარები, მაგრამ ასე ეძახიან, ის სხვა ტიპის ტესტია, ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ იგეგმება“, – განაცხადა მან EDU.ARIS.GE-სთან საუბარში

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური