GE

„2022 წელი არ შეიძლება იყოს შეწყვეტილი სწავლის კიდევ ერთი წელი“ – UNICEF-ის ხელმძღვანელის გაფრთხილება მთავრობებს

„თავიდან უნდა იქნას აცილებული სკოლების დახურვა“ – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებაში, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო გაკეთდა. მოგეხსენებათ, ახალი შტამის გავრცელების შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევები მთელს მსოფლიოში კატასტროფულად მატულობს.

ჰენრიეტა ფორეს შეშფოთებას კი ის ამბავი იწვევს, რომ „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, ბევრი ქვეყნის მთავრობა ფიქრობს, დატოვოს თუ არა სკოლები ღია, რაც „იუნისეფის“ შეფის აზრით, „სკოლების დახურვის კიდევ ერთი ტალღა დამღუპველი იქნება ბავშვებისთვის“.

„მტკიცებულება ნათელია: სკოლების გახანგრძლივებულმა, ქვეყნის მასშტაბით დახურვამ, რესურსების შეზღუდვამ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის და დისტანციური სწავლებაზე არათანაბარმა ხელმისაწვდომობამ გაანადგურა განათლებაში ათწლეულობით მიღწეული პროგრესი და სრულიად შეცვალა ბავშვობა. ბავშვთა შრომის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ჩრდილოვანი პანდემია მძვინვარებს.

„სკოლების დახურვის შედეგად, განათლების გარდა, ბავშვებმა ასევე დაკარგეს უსაფრთხოების განცდა და მეგობრებთან ყოველდღიური პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ქვეყნის მასშტაბით სკოლების დახურვა. როდესაც კორონავირუსის გავრცელება იზრდება და შეზღუდვების მკაცრი ზომები აუცილებელი ხდება, სკოლები უნდა იყოს ბოლო, რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება.

„2022 წელი არ შეიძლება იყოს შეწყვეტილი სწავლის კიდევ ერთი წელი. ეს უნდა იყოს წელი, როდესაც განათლება და ბავშვების საუკეთესო ინტერესები იქნება პრიორიტეტული,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა 11 იანვარს გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ:

სასწავლო პროცესის აღდგენის შესაძლო გადავადების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური