2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. ამასთან ერთად, გაიხსნა ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც.
განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების, კამპანიის ეტაპების, ჟიურის, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტი ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რჩეულ მასწავლებელს 2023 წლის ფინალის დროს დააჯილდოებს, გარდა ამისა, ალტე უნივერსტიტეტი იქნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის ექსკლუზიური პარტნიორი.
„წელს, უკვე მეშვიდედ, ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ, რომ დღეს ჯილდო არის ქვეყანაში ყველაზე ცნობილი, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსი. ვფიქრობ, ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებული თანამშრომლობა და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიური. სწორედ წელს, ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები, ჯილდოს ჟიურის 2 ახალი წევრი ჰყავს, ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი); ასევე, მხარდამჭერების რიცხვს ალტე უნივერსიტეტი შემოუერთდა. ტექნიკური თუ პროცედურული კუთხით რაიმე თვისებრივი ცვლილება არ გვაქვს. შესაბამისად, მასწავლებელთათვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას“, – განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
-
„მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა
by ARIS.GE-განათლება
-
„ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში
by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
-
ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“
by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”